„არაბული გაზაფხულის“ აჩრდილი კრემლში

  16:29:48     02-04-2012

ეს იქნება ახალი - ნაციონალური არმია, რომელიც შს სამინისტროს ჯარებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურებისა და  საჰაერო-სადესანტო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ფლოტში შემავალი საშუალებების, ასევე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბაზაზე ჩამოყალიბდება.

ნაციონალური არმია პირდაპირ სახელმწიფოს მეთაურს დაექვემდებარება და მისი მთავარი ამოცანა „ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა იქნება“ - იუწყება რუსული მედია.

ახალ არმიას, სავარაუდოდ, შინაგანი ჯარების მეთაური, გენერალი ნიკოლაი როგოჟკინი უხელმძღვანელებს. ექსპერტები ამბობენ, რომ მისი მისია კონკრეტულად ვლადიმერ პუტინისა და მისი ძალაუფლების დაცვა იქნება.

ნაციონალური არმიის შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რუსეთში გასული წლის დეკემბრის პერიოდიდან განვითარებული მოვლენები სახელდება, კერძოდ, ანტისამთავრობო მიტინგები, რომელმაც კრემლს სერიოზული საფიქრალი გაუჩინა. „არაბული გაზაფხულის“ მოლოდინი მთავრობას დღემდე არ განელებია. ამიტომ პუტინს პირადი დაცვა სჭირდება, ამჯერად უკვე, არმიის სახით.

პუტინის „პირადი არმიისათვის“ „მსხვერპლი“ უკვე გაიღო თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც არმიისა და ფლოტის შემცირება უკვე დაიწყო. არ გამორიცხავენ ახალი ორგანოს შექმნასაც, რომელსაც თავდაცვის საბჭო ერქმევა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევა. უკვე ცნობილია ახალი არმიის სავარაუდო რიცხოვნობა.  მას 400 ათასამდე სამხედრო პირი შეავსებს.

ნაციონალური გვარდიის შექმნა ერთ-ერთი ნაბიჯია რუსეთის თავდაცვის ახალი გეგმისა, რომლის შემუშავებაც პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე დაიწყო - მისი საპროგრამო სტატიიდან - „ვიყოთ ძლიერები: ნაციონალური უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისათვის“ - გამომდინარე. ამ გეგმის მიხედვით რუსეთში უნდა ჩამოყალიბდეს შეიარაღებული ძალების, სპეცსამსახურებისა და სხვა ძალოვანი უწყებების მომზადების პროგრამა, რაც „ახალ საფრთხეებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას უზრუნველყოფს“.

თვით ზოგიერთი რუსი სამხედრო ექსპერტიც კი, მაშინ, როცა რუსეთში უკვე არსებული არმიის „სახელოვან რეფორმაზე“ ბევრს საუბრობენ, ვერ ხედავს საჭიროებას მსგავსი პარალელური არმიების შექმნისას. ამიტომაც ისინი ნაციონალურ არმიას პუტინის „ჯიბის არმიად“ მოიაზრებენ, რომელმაც ის „გარდაუვალი არაბული გაზაფხულისგან“ უნდა დაიცვას. როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, „როგორც არაბული რევოლუციების გამოცდილება აჩვენებს, მოქმედი კონსტიტუციური წყობის დასაცავად აუცილებელია სპეციალური ჯარების საკმარისი რაოდენობა, რომლებსაც ძალუძთ დაიცვან კანონიერი ხელისუფლება შეიარაღებული ოპოზიციის ქმედებებისგან“ და მერე: რუსეთში მიტინგებმა და ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილურობამ უჩვენა, რომ საზოგადოებრივი საუფრთხოებისა და ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის, მაშინ, როცა არასტაბილურობა მაღალია, რუსეთს არასაკმარისი ძალები ჰყავს“.