გია ცაგარეიშვილი კოლეგებს „ბუჩქებსა“ და „ტაბურეტკებს“ უწოდებს

  11:59:41     02-04-2012

დეპუტატი გია ცაგარეიშვილს გაორება დაემართა. ის გამალებით ლანძღავს საპარლამენტო უმცირესობას, თან იქვე მადლობასაც უხდის. რამ გაანერვიულა ყოფილი „გაიშნიკი“? მისი გაწიწმატება ბიძინას ყურადღების მიქცევას უფრო ემსახურება, ვიდრე კონკრეტულ საკითხებს. თუმცა, ახლა გია ცაგარეიშვილისთვის იმაზე მეტად კონკრეტული არაფერია, ვიდრე  ივანიშვილის ფულები. გთავაზობთ ცაგარეიშვილის არაადექვატური „განრისხების“  ერთ ეპიზოდს. „პრესა.ჯი“ ოპოზიციონერ დეპუტატს - გია ცაგარეიშვილს ესაუბრა:

გია ცაგარეიშვილი: „უმცირესობაში მყოფ ოპოზიციონერებს ვერაფერს მოვთხოვ. მათი ხვედრია –  სხდომათა დარბაზში იყვნენ, უმრავლესობას გუნდრუკი უკმიონ, უნიჭო სპექტაკლები დადგან, როლები გადაინაწილონ და ზოგმა მთავარი პარტია შეასრულოს, ზოგმა ბუჩქის როლი და ზოგმაც „ტაბურეტკის“. მათი ხვედრი, საკმაოდ ცუდია და არ მინდა, რომ მათ მდგომარეობაში სხვა ვიხილო.

- კოლეგებს, საკმაოდ უდიერად მოიხსენიებთ. . .

- აბა, როგორ შეიძლება მათზე აღმატებული კატეგორიებით ვისაუბრო? საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, ღამე რომ სძინავთ, იმაზე ფიქრობენ,  ეს ხელისუფლება დიდხანს იყოსო. როგორ ვისაუბრო იმ ადამიანზე, რომელიც ანტიკრიზისულ საბჭოზე, ამბობს, რომ საქართველო თაფლის კულტურის ქვეყნად უნდა გამოვაცხადოთო?  ეხლა ჩვენ, თაფლი გვიჭირს? ეს ნორმალურია?

- გია თორთლაძეს გულისხმობთ?

  - მართალი გითხრათ, ის  არ მაღელვებს, რადგან მას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, ამიტომ, ნუ მომთხოვთ, რომ მათზე კარგი ვთქვა.

ამ ადამიანებზე, ისე ვლაპარაკობ, რასაც  იმსახურებენ.

- საპარლამენტო უმცირესობის წევრები, თქვენ მოგიწოდებენ, ხელისუფლებას ებრძოლე და არა ჩვენო...

- ამას, ჩემზე როგორ ამბობენ? ღმერთმა დამიფაროს, რომ თორთლაძე-თარგამაძესთან ერთად ვიბრძოლო. თორთლაძესთან ერთად როცა ვიყავი, ისიც მოსანანიებელი გამიხდა, რაც ცალკე სალაპარაკო თემაა. დაგვესხმებიან თავს? ხურდას უმწვავესადაც მიიღებენ. ქრისტიან–დემოკრატებთან გასაყოფი არაფერი მაქვს, რადგან ჩემი მოწინაღმდეგე სააკაშვილია და არა რომელიმე ე.წ. პარტია, რომლებიც ხელისუფლებამ კარგად დააპურა.

- უმცირესობის წევრები, ხურდასმას შემდეგ გიბრუნებენ, რაც თქვენ მათ ფსევდო-ოპოზიციონერებს უწოდებთ. . .

 - სირაქლემის პოზაში ვერ ვიქნები. ისინი ფსევდო-ოპოზიციონერები მართლაც არიან და „კარგს თუ კარგი არ ვუწოდე, ცუდს სახელად რა დავარქო“?

- მართალია, მათ აკრიტიკებთ და უდიერად იხსენიებთ, მაგრამ სამთავრობო საათზე, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, სწორედ მათ  დასვეს. რატომ ვერ ხედავთ, მათ ნაბიჯებს?

-ამისთვის დიდი მადლობა, გიორგი ახვლედიანს. . .

პ.ს: როგორც ცნობილია, ცაგარეიშვილს ახასიათებს პოზიციების შეცვლა. ახლა ახვლედიანს მადლობას უხდის, როგორც ჩანს წინ იხედება. რა იცი რა ხდება...