ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის კონკურსი პოეზიაში - “ზღვაური"
09:49:50     02-04-2012
ბათუმის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მასობრივი მუშაობის განყოფილების ნორჩ-შემოქმედთა კლუბი (ხელმძრვანელი ბელა ქებურია) აცხადებს
დიდი ქართველი პოეტების, ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის კონკურს პოეზიაში -
“ზღვაური"
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
კონკურსში მონაწილობის მსურველებმა გამოგვიგზავნონ სივი (მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, სკოლა, კლასი და ტელეფონის ნომერი) და სამი გამოუქვეყნებელი ლექსი შემდეგ მისამართზე:
ბათუმი კ. გამსახურდიას 37 მოსწავლე-ახალგაზდობისა სასახლე, საკონკურსოდ ან ელ. ფოსტაზე [email protected]
საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადააა 15 აპრილი.
გამარჯვებულთა დაჯილდოება ჩატარდება მაისის შუა რიცხვებში.
P.S. კონკურსის ფინალში გადადის ათი მონაწილე, ათივე ითვლება გამარჯვებულად.
გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან დიპლომით, სპეციალური პრიზითა და ფასიანი საჩუქრებით.
გამარჯვებული ლექსები დაიბეჭდება ჟურნალ „ზღვაურში“, გაზეთებში: "აჭარასა" და "აჭარა P.S.- ში".
პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ გავიხსენოთ ამ შესანიშნავი პოეტების, ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის თითო ლექსი.
ზურაბ გორგილაძე
ოცნების ქოხებს
ჩემი ოცნების ქოხებს,
მთვარის ვახურავ ყავარს,
ვსვამ გემრიელს და ოხერს
ჯოჯოხეთივით ყავას.
დროს გრძნეულივით ვსინჯავ,
რომ სასწაული ვნახო
და ფაიფურის ფინჯანს
ძველი რომივით ვამხობ.
მონას, მეფეს თუ ბელადს,
შვენით მგოსნების ალყა,
სახრჩობელაზე ყველა
დროის ნერონი ამყავს.
მუზის უბადლო ცაო,
შენც აგამაღლა დრომა,
დიდი მადლობა ძმაო,
ფიქრის უფლება რომ მაქვს.
ვხუჭავ თვალებს და... ვბედავ
ასე რას უნდა გავხდე,
რა ეშველებათ ნეტავ
ფიქრში დამხობილ ტახტებს.
ფრიდონ ხალვაში
მშობლიური სახელები
რამდენ რამეს მეუბნება
მშობლიური სახელი,
ზოგი - ლხენით მეუფლება,
ზოგი - მძიმე ნაღველით,
ზოგი - ტკივილს ეწამლება,
ზოგიც - აჩენს ტკივილებს,
ჯადო-ქარი ეძალება
ოცნებათა გვირილებს,
აქანავებს, აქანავებს
მსუქან ფოთლებს რძიანებს,
ტოტი სარკმელს შემოაღებს,
შემაშინებს მძინარეს.
შემომიტანს მთების ხმაურს,
წყაროს სიცილს მხიარულს,
წისქვილების ხმას საამურს
კორდზე წვიმის სიარულს.
რამდენ რამეს მეუბნება
მშობლიური სახელი,
ზოგი - ლხენით მეუფლება,
ზოგი - ჩუმი ნაღველით.
ბილიკებით, შარაგზებით,
ზღვით, ჰაერით, ხმელეთით,
მიწავ ჩემო, ლამაზდები,
სიტყვავ ჩემო, მშვენდები.
თითქოს ყველა ჩრდილის რხევა
გზაზე, ხეზე, ნანგრევზე,
მალული რომ ახლავს ღელვა,
ჩვენ - პატრონებს დაგვეძებს.
მშობლიურო ადგილებო,
სახელებო მთა-ბართა,
ახლა ვიტყვი: ეს სიცოცხლე
თქვენს სიცოცხლეს ჩაბარდა.