
აშშ-ს ელჩი რუსეთში: „ასე მგონია, რომ ველურ ქვეყანაში ვიმყოფები“...
16:32:52     31-03-2012
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლმა, რომლის სატელევიზიო მიმართვები და კომენტარები, ხშირად, კრემლის გაღიზიანების საგანი ხდება, რუსეთს ველური ქვეყანა უწოდა.
მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, ელჩის განცხადებებისა და კომენტარების საფუძველზე, მოსკოვში დიდი აჟიოტაჟი ატყდა. მაკფოლის განცხადებით, ვიღაცამ გატეხა მისი ელექტრონული ფოსტა და კრემლის ტელეარხს მისი პირადი ინფორმაცია მიაწოდა. HTB-ს გადამღებ ჯგუფს კი ელჩმა განუცხადა, რომ მას უთვალთვალებენ და აკონტროლებენ. ყოველივეს კი დასძინა: „ასე მგონია, რომ ველურ ქვეყანაში ვიმყოფები“. პარასკევს კი „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე, მაკფოლმა დაწერა: „მსურდა HTB-ს ქმედებებისთვის მეწოდებინა „ველური“. მე პატივს ვცემ რუსეთს“.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა კი აღნიშნა, რომ ელჩის განცხადებებში არაფერი ისეთი არ არის, რაც დიდ აჟიოტაჟს მოითხოვს.
„მან უბრალოდ რიტორიკული კითხვა დასვა კომენტარის დროს და ამით იმის თქმა სურდა, რომ მოსკოვში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მედიის წარმომადგენლებს აწყდება, რომლებიც მასზე დიდ ინფორმაციას ფლობენ და მაკფაულს უბრალოდ დააინტერესა, თუ საიდან იციან ჟურნალისტებმა ყოველივე“, - განაცხადა ტონერმა.
რუსეთის ფედერაციის მედიის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენელი, პაველ გუსევი კი იცავს HTB-ს და აღნიშნავს, რომ ამერიკის ელჩი საზოგადო ფიგურაა და გადამღებ ჯგუფს მასზე ინფორმაციის მოძიებისას არავითარი კანონი არ დაურღვევია.
„ჟურნალისტებს უფლება აქვთ ელჩის მოღვაწეობით დაინტერესდნენ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა ნამდვილად დაუშვებელია“, - განუცხადა გუსევმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“.
აღსანიშნავია, რომ მაკფაული რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ფუნქციებს, მიმდინარე წლის იანვრიდან ასრულებს. მისი მოსკოვში ჩასვლის დღიდან ამ უკანასკნელზე მრავალი ხმები გავრცელდა. განსაკუთრებით მკვეთრი კი ის გახლდათ, რომ მას კრემლი ოპოზიციის აქტივისტებთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს, რუსეთის ხელისუფლების ძალაუფლების შესუსტების მიზნით.