რამდენიმე ლექსი ადამ მიცკევიჩის „ყირიმული სონეტებიდან“

  12:17:10     31-03-2012

დიდი პოლონელი პოეტის, პუბლიცისტისა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ადამ მიცკევიჩის შესახებ საქართველოში მის სიცოცხლეშივე იცოდნენ. 1830 წლის პოლონეთის აჯანყებაში მონაწილე არა ერთი პოლონელი სასჯელს იხდიდა, გადმოსახლებული იყო საქართველოში, მათ ქართველებს გააცნეს მიცკევიჩის ლექსები, რომლებიც ზეპირად იცოდნენ.

თავისუფლებისმოყვარე ქართველები დიდი ინტერესით ეცნობოდნენ პოლონეთის ამბებს, ისინიც ხომ მიისწრაფოდნენ თავისუფლებისაკენ. ადამ მიცკევიჩის შემოქმედება ყოველთვის ახლობელი იყო ქართველთათვის. არა ერთმა ქართველმა თარგმნა ადამ მიცკევიჩის ნაწარმოებები.

დღეს გავიხსენოთ ადამ მიცკევიჩის რამდენიმე „ყირიმული სონეტი“, რომლებიც პოეტმა რუსეთის „შიდა გუბერნიებში გადასახლებისას“ შექმნა, 1823 წლიდან 1829 წლამდე.

„ყირიმულმა სონეტებმა“ დიდი პოპულარობა მოუტანა ახალგაზრდა პოეტს, თუმცა მანამდეც იცნობდნენ თავის სამშობლოში. სონეტებისა და საერთოდ, ლექსის დიდოსტატი, დაუდეგარი ადამიანი იყო და დიდი პატრიოტი, საზოგადო მოღვაწე. ამიტომ, მისდამი ქართველების კეთილგანწყობა, მისი პოეზიის სიყვარული, სავსებით გასაგებია,

ადამ მიცკევიჩი (Adam Bernard Mickiewicz) დაიბადა 1798 წლის 24 დეკემბერს, ლიტვის გუბერნიაში, ხუტორ ზაოსიეში, ნოვოგრუდკასთან ახლოს (ახლა ბელორუსიის ტერიტორიაა).

მამა, მიკოლა მიცკევიჩი ნოვოგრუდკის სასამართლოს ვექილი იყო. დიდი პატრიოტი, ლიტერატურის მოყვარული. მიკოლა 1812 წელს გარდაიცვალა და მრავალრიცხოვანი ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა.

17 წლის ასაკში ადამი ვილნოს (დღევანდელი ვილნიუსი) უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მისი სამშობლო, რეჩ პოსპოლიტა არა ერთხელ გაინაწილეს და დაიმონეს მეზობელმა სახელმწიფოებმა. 1817 წელს ადამ მიცკევიჩი  რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ქმნის „ფილომატების (სიბრძნის მოყვარულთა) საზოგადოებას“. საზოგადოების ლიტერატურულ ნაწილს იგი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი სამშობლოს თავისუფლებაზე ოცნებობდა.

უნივერსიტეტის დამთავრების მერე, 1819 წელს გაამწესეს კოვნოში მასწავლებლად. კოვნოდან ხელმძღვანელობდა „ფილომანტებს“. მალე მის მიერ შედგენილი წესდების საფუძველზე „ფილომატებმა“ შექმნეს ახალი ორგანიზაცია: „ფილარეტების (სიკეთის მქმნელების ანუ სიკეთის მოყვარულების) საზოგადოება“. ორგანიზაციამ კავშირი დაამყარა ვარშავის, უკრაინისა და რუსეთის საიდუმლო ორგანიზაციებთან, რათა გაერთიანებული ძალებით ებრძოლათ მჩაგვრელების წინააღმდეგ.

ამ დროს ადამ მიცკევიჩი ქმნის საპროგრამო ლექსებს: „სიმღერა“, „ფილარეტების სიმღერა“ (ეს ორი ლექსი გამოვაქვეყნეთ პრესა.გე-ს ფურცლებზე), „ოდა ახალგაზრდობისადმი“; ბალადებს „რომანტიკა“, „სვიტეზი“, „თევზი“. იწყება ახალი ერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა - შეტევის ერა. მისი „სიმღერა“ ჰიმნად იქცა.

რუსეთის იმპერიის ჟანდარმერიამ დააპატიმრა „ფილომატებისა“ და „ფილარეტების“ ასამდე წევრი. 1823 წლის 22 ოქტომბერს დააპატიმრეს ადამ მიცკევიჩი. დაპატიმრებულმა მეგობრებმა შეძლეს და ხელისუფლება თითქოსდა დაარწმუნეს, რომ ადამ მიცკევიჩი ვითომ არ იყო მათი საზოგადოების წევრი, ის ხომ შორს, კოვნოში ცხოვრობდა. ექვსი თვის მერე მიცკევიჩი გაათავისუფლეს, თუმცა აუკრძალეს სამშობლოში ცხოვრება და „რუსეთის შიდა გუბერნიებში“ გადასახლება მიუსაჯეს. 

ემიგრაციის წლებში ადამ მიცკევიჩმა შექმნა „ყირიმული სონეტები“, რომელმაც სახელი გაუთქვა მას.

1829 წელს მიცკევიჩს ნება დართეს საზღვარგარეთ გამგზავრებისა. ევროპაში მოგზაურობისას მიცკევიჩმა ვაიმარში გოეთე ინახულა, რომელსაც ახალგაზრდა პოლონელი პოეტი თბილად მიუღია.

1830 წელს პოლონეთი აჯანყდა. მიცკევიჩი სამშობლოსაკენ მიემგზავრება, რათა ჩაერთოს ბრძოლაში, მისი სიმღერებით გულანთებულ ხალხს მიეშველოს... ვერ ახერხებს, აჯანყება მარცხდება, პოეტი ისევ დრეზდენში რჩება. მერე პარიზში მიემგზავრება, შემდეგ იტალიაში. იტალია აჯანყდა ავსტრიის წინააღმდეგ. მიცკევიჩი მონაწილეობს პოლონელი ემიგრანტების ლეგიონის შექმნაში, რომელიც დაეხმარება აჯანყებულ იტალიელებს ავსტრიელებთან ბრძოლაში. შემდეგ პარიზში ჩადის ისევ, იქ დაარსებს გაზეთს და აჯანყებულ პარიზელებს ეხმარება პოლიტიკური პუბლიცისტიკით.

1855 წელს ადამ მიცკევიჩი ჩადის სტამბულში და იწყებს ემიგრანტთა ლეგიონების შექმნას, რომლებიც უნდა დაეხმარონ ინგლისელებს და ფრანგებს რუსებთან ომებში.

... მაგრამ, დიდი პოლონელი პოეტი ქოლერით დაავადდა და 1855 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი ცხედარი გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს მონმორანსის სასაფლაოზე. 1890 წელს დიდი პოეტის ნეშტი სამშობლოში, კრაკოვში გადაასვენეს.

აკერმანის ტრამალები

(თარგმნა თამაზ ჩხენკელმა)

შევჭერი სივრცე ტრამალების ოკეანისა.
ჩემი ორთვალა შამბიანის უსაზღვრო ველზე
მიცურავს ლაღად და მე თითქოს ვქანაობ გემზე,
გადაქცეული მობიბინე მიწის ხალისად.

შეღამდა... გზა და ბილიკები ბინდმა დანისლა.
ცად მოგზაურთა და მენავეთ ვარსკვლავებს ვეძებ.
მაგრამ იქ რა ჩანს? - ტრამალების დაბინდულ მკერდზე
აინთო დნესტრი და შუქურა აკერმანისა.

რა სიჩუმეა... შევიცადოთ! გულგადაღლილი
ვუსმენ წეროებს და ველების სუნთქვა მიტაცებს,
და მეყურება: თრთის ბალახი ღეროდახრილი,

ფეთქავს ფარვანა და მიცურავს გველი მიწაზე...
მე ამ დუმილში შემომესმა თითქოს ძახილი
ლიტვიდან, მაგრამ... გავეშუროთ! ვინ დამიძახებს?!

ზღვის მყუდროება ტარკანკუტის სიმაღლეზე

(თარგმნა კონსტანტინე ჭიჭინაძემ)

უკვე ალამი ქარის ფრთებზე ოდნავ ბიბინებს;
ნელა ერხევა სხივოსანი გულმკერდი წყალსა,
ვით სანეტარო ოცნების დროს დანიშნულ ქალსა,
რომ გაიღვიძებს ამოხვნეშით და კვლავ იძინებს.

შიშველ ანძებზე, ნაომარი დროშების დარად,
სთვლემენ უძრავად იალქნები ძირს დაშვებული.
ქანაობს გემი, ვით ჯაჭვებით დამაგრებული.
მგზავრებს ეშველათ; მეზღვაურნიც დამსხდარან წყნარად.

ზღვაო! შენს ფსკერზე პოლიპია მოთავსებული,
რომელსაც სძინავს, ცა თუ არის განრისხებული,
ხოლო დარში კი გაეშლება ცაცები გრძელი.

გონებავ! შენში მოგონების ცივი გველია,
რომელსაც სძინავს, როცა სული უშფოთველია,
ხოლო ჭმუნვის დროს შხამი მისი ინთხევა მწველი.

ცურვა

(თარგმნა თედო ბექიშვილმა)

ბობოქრობს! ტალღა გამეტებით ეხლება ტალღას,
შმაგმა სტიქიამ ირგვლივ სივრცე ავად მოღობა.
ფეხზეა ყველა. ჰა, გუშაგი ავარდა მაღლა,
ანძის თოკებზე დაეკიდა როგორც ობობა.

დაქრის გრიგალი. კვნესის გემი, გაშმაგებული
მიაპობს ტალღებს, ქცეულს საშიშ ლაბირინთებად.
ხან ძირს დაყვინთავს, ხან სტიქია აქაფებული
გულმკერს გემისას ღრუბელივით ზედ ეფლითება.

შვების ყიჟინა შენივთულა ტალღის ღრიალთან,
მე წარმოსახვის თან მივყვები გაშლილ იალქანს...
ნეტარებაა! მისდევს სული ოცნების ქროლას!

ვემხობი გემზე. იგიც ხვდება უხმოდ, უთქმელად,
თითქოს შეიგრძნო, გულში როგორ შემოდის ჟრჟოლად
ბედნიერება, ძლიერება, თავისუფლება!

ქარიშხალი

(თარგმნა თედო ბექიშვილმა)

გადატყდა ანძა, იალქანი ქარმა დაფლითა,
ღმუის გრიგალი, ზვირთი ზვირთზე მოიგრაგნება,
განწირულ ხომალდს აღარ ძალუძს გეზის გაგნება,
როგორც იმედი, მზეც ჩაეშვა ზღვაში მაღლიდან.

იკივლა ქარმა, მოიქროლა სივრცე თარეშით,
აზვავდნენ ზვირთნი გარდაუვალ უბედურებად.
სიკვდილის სული გემზე ისე მოეშურება,
ვით მეომარი დალეწილი ციხის კარებში.

სიმწრით ხორცს იგლეჯს ზოგი, ზოგიც ცნობამიხდილი
ისეა, თვალში ჩასდგომია შიში სიკვდილის;
ვინ ლოცვით ცდილობს აუღობოს გზა წერა-მწერალს...

ამ დამფრთხალ ხალხში მდუმარედ ზის ყარიბი მგზავრი
და ფიქრობს იგი: ნეტა მას, ვინც უგრძობლად არის,
ანდა ბავშვივით ვისაც კიდევ ლოცვისა სჯერა.