ჰაფეზის რამდენიმე ყაზალი
12:15:00     31-03-2012
შესანიშნავი სპარსული პოეზია კვლავ ძალიან პოპულარულია საქართველოში. დღეს გვინდა პრესა.გე-ს მკითხველს შევთავაზოთ დიდი ირანელი პოეტის, ჰაფეზის რამდენიმე ლექსი - ყაზალი. ყაზალ-ი [არაბ. yazal] - არაბულ-სპარსულ პოეზიაში: ორტაეპიანი სტროფი; ასეთი სტროფებით დაწერილი ლექსი; იყენებენ ევროპულ პოეზიაშიც.
ჰაფეზი ითვლება ყველა დროისა და ერის ერთ-ერთ საუკეთესო ლირიკოსად. ჰაფეზის ყაზალები არა ერთმა ქართველმა თარგმნა. როგორც ამბობენ ჰაფეზის პოეზიის მკვლევარები, მისი პოეზიის შესახებ არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება: პირველის მიხედვით, ჰაფეზის პოეზია მისტიკური ნააზრევია, იმდროინდელ აღმოსავლეთში გავრცელებული სუფიური მოძღვრების შესაბამისად, ხოლო მეორის მიხედვით ჰაფეზი არის ადამიანური, რეალური ცხოვრების მომღერალი. თუმცა, ალბათ, ორივეა ერთად.
შამს ედ-დინ მოჰამედ შირაზი ჰაფეზი დაიბადა XIV საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 1310-1320 წლებში. ჰაფეზი არაბულად ყურანის ზეპირად მცოდნეს ნიშნავს, რაც , რომ პოეტი განათლებული და მორწმუნე პიროვნება იყო.
დაიბადა ქალაქ იეზიდში. შემდეგ ოჯახი შირაზში გადასახლდა. მამა ადრე გარდაეცვალათ. ძალიან გაუჭირდათ. ძმები ბედის საძებრად გაემგზავრნენ. ერთად დარჩნენ მომავალი პოეტი და დედა. დედასაც გაუჭირდა ოჯახის რჩენა. მომავალმა გენიოსმა დაიწყო შრომა და სწავლა. თავის ნაშრომიდან მესამედს დედას აძლევდა, მესამედს სწავლაში იხდიდა, დანარჩენით თავის გაჰქონდა.
მის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, მისი შესახებ უფრო ლეგენდების სფეროს მიეკუთვნება, რადგან სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად სპარსული ლირიკის ერთ-ერთი უმთავრესი და უბადლო დიდოსტატი, როგორც დღესაც მიაჩნიათ.
ჰაფეზს არა ერთი მთავარი იწვევდა თავისი სასახლის კარზე. მაგრამ პოეტს არ აინტერესებდა სიმდიდრე და ფუფუნება. ის ხშირად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.
დიდმა პოეტმა, ჰაფეზმა, დიდი გავლენა იქონია მთელი აღმოსავლეთის პოეტებზე, უახლოეს ხანებამდე. მისი პოეზია ძალიან პოპულარული იყო. მის ყაზალებს მღეროდნენ ცნობილი მუტრიბები მთავართა სასახლეებში და მწყემსები იალაღებზე. ირანში არსებობს ანდაზა: „ვინ არ იცის, რომ ხოჯა ჰაფეზი შირაზელია?", რაც ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებას ვამბობო. ტაჯიკეთში სახალხო მთქმელები “ჰაფეზებად“ იწოდებიან. პოეტის შემოქმედება XIX საუკუნის ევროპაშიც გაიცნეს. გოეთემ "დასავლურ-აღმოსავლური დივანის" მეორე წიგნს „ჰაფეზის წიგნი" უწოდა და თავის აღმოსავლელ კოლეგას ბევრი აღფრთოვანებული სტრიქონი უძღვნა. ამან გამოიწვია ჰაფეზის პოეზიის ისეთი პოპულარობა, რომ ამის შემდეგ გერმანიაში ჰაფეზისადმი მიბაძვა პოეტურ მოდად იქცა. უფრო მეტიც, ჰაფეზის პოეზიის პროფესიონალ მთარგმნელთა გვერდით გაჩნდნენ "ფსევდოჰაფეზები", რომლებიც საკუთარ ლექსებს ჰაფეზის ყაზალების თარგმანებად ასაღებდნენ.
ჰაფეზის საფლავი შირაზში, მუსალის ბაღში წმიდა ადგილად ითვლება. საფლავს აქვს ეპიტაფია: „რამეთუ მუსალის ბაღში პოვა სავანე, მისი გარდაცვალების თარიღი მუსალის მიწაში ეძიე". „მუსალის მიწას" შემადგენელი ასოების რიცხვით მნიშვნელობათა ჯამი გვაძლევს 791 წ. ჰიჯრით, რაც ჩვენი წელთაღრიცხვის 1389 წ. შეესაბამება. მაშასადამე დიდი შემოქმედი 1389 წელს უნდა გარდაცვლილიყო.
* * *
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)
ნეტავი იმ დღეს, ნეტავი იმ დღეს,
როცა მალულად მომაპყარ თვალი
და როცა მივხვდი - მალული მზერა
მალული ტრფობის რომ იყო ბრალი.
ნეტავი იმ დღეს, უფლის წინაშე
ვალმოხდილებს რომ მოგვინდა ლხენა
და რომ მარტონი დავრჩით მე და შენ
და არ გვახსოვდა ლოცვა და ვალი.
ნეტავი იმ დღეს, როცა მეჯლისში
სანთელზე ნაზად შენ ციმციმებდი
და მე, უმწეო ფარვანის მსგავსად,
მწვავდა ხან ტრფობის, ხან ცეცხლის ალი.
ნეტავი იმ დღეს, როცა ჩვენს შორის
გაერეოდა ფხიზელი კაცი
და შენ ღიმილით ისე ხიბლავდი,
გეგონებოდა უგონოდ მთვრალი.
ნეტავი იმ დღეს, ნეტავ ის ბაღი,
შენთან შექცევით რომ ვიყავ ლაღი
და ერთმანეთთან რომ ვაჩურჩულეთ
იქ ჩემი ბაგე და შენი ლალი.
ნეტავი იმ დღეს, სირაჯხანაში
წყაროს წყალივით ღვინო რომ ჩქეფდა....
მე ამ მეჩეთში რისთვის მოვედი?! _
აქ საძებარი გამიხდა წყალი.
ნეტავი იმ დღეს, ჰ ა ფ ე ზ ი ს ლექსი
მარგალიტივით რომ გოგმანობდა
და სიყვარულის სავედრებელსაც
მასში ხედავდა კაცი და ქალი.
* * *
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)
როცა სატრფო მოდის ჩემთან დოქითა და ჯამით,
მთელ ქალაქში ყველას შურს და შემომნატრის ამით;
და მეც სატრფოს თვალთა ეშხი სულ თან დამდევს, სულ თან...
ისე, როგორც მუჰთასიბი ლოთებს დასდევს ღამით.
სიყვარულის ზღვაში ვცურავ, ვით უენო თევზი
და სულ სატრფოს სახელს ვამბობ ჩურჩულით და ჩქამით.
ვისაც სატრფო ენატრება, სატრფოს ჰპოვებს იგი
მხოლოდ თმენით, მხოლოდ ცრემლით... მხოლოდ ორი რამით.
შაბაშ, ვისაც სატრფო სწყალობს და ჰ ა ფ ე ზ ი ს მსგავსად
ღვინოზე და ჯამზე ფიქრი არ შორდება წამით.
* * *
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
თენდება, ჩქარა მერიქიფევ, აღავსე ჯამი,
არ დაყოვნდება ჟამთა სრბოლა არც ერთი წამით.
სანამ დამდგარა დრო საწუთროს ყოფნა-არყოფნის,
შენ მაგ სასმისით დაგვიყენე არყოფნის ჟამი.
ეს ღვინო მზეა, აღმომხდარი თასის მაშრიყით,
თუ ლხინს ეძიებ, ძილს ერიდე დღისით თუ ღამით.
სანამ სადოქედ აზელილა ჩვენი ტალახი,
ღვინით ამივსე თავის ქალა ისე, ვით ჯამი.
ჩვენთვის უცხოა მწირობა და განდეგილობა,
კამკამა ღვინით დაგვლოცე და გვაამე ამით.
ჰ ა ფ ე ზ, სწორია ვინც ამ ქვეყნად ღვინო იწამა,
ამ გზას დაადექ, არ დაფიქრდე არც ერთი წამი.
* * *
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
მას შევწირე ჩემი მწველი ჩანგი,
გულით ქვაა, ნაზი სახით - მანგი.
მოთმინება, სიმტკიცე და გონი
წარმტაცა და გულს დამადო თანგი.
სულში მიდუღს სიყვარულის სევდა
და ამომდის ცეცხლოვანი ჰანგი.
არ გაქრება სიყვარული ჩემი,
გინდ მიხრავდეს ძვლებს ჟამთასვლის ჟანგი.
თუ გიშველის, ეგ გიშველის, ჰ ა ფ ე ზ,
მაგის ბაგის, მაგის ბაგის ბანგი.
* * *
(თარგმნა ამბაკო ჭელიძემ)
ორი ძმაბიჭი - ლექსთა კრებული,
და ძველი ღვინო ორი ხელადა,
თუ მექნა კუთხე მოფარებული
სამუსაიფოდ, მწვანე ველადა,
არ გავცვლი ამას მთელ სამყაროში,
თვით სამოთხეც კი რომ მომცენ თანა,
თუნდაც ამისთვის- ამ ნეტარ დროში,
წინააღმიდგეს მთელი ქვეყანა.