„მეცხრე არხის“ მიკროფონის ლოგო, ინდური „ tv 9“– ის ანალოგია

  11:46:04     30-03-2012

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში გასვლის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური ზუსტ ციფრს,  როდის დაიწყებს მაუწყებლობას ტელევიზია ახლაც ვერ ასახელებს.

„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას კახა ბექაურმა განაცხადა, რომ „მეცხრე არხი“ ეთერში მიმდინარე თვეს გავა და რომ გავრცელებული ხმები, თითქოს ლიცენზია მათ პირველ აპრილამდე აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.  ჯერ არგახსნილ ტელევიზიაში, პრობლემებია კადრებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის, საინფორმაციო გამოშვების რამდენიმე ჟურნალისტს სამსახური უკვე დაატოვებინეს.

როგორც ჟურნალისტები პირად საუბრებში ყვებიან, არხის ხელმძღვანელობა ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, ვისთან გააფორმებს კონტრაქტს და ვისთან არა.

„მეცხრე არხიდან“ წამოსული ჟურნალისტების ინფორმაციითვე, რამდენიმე კვირაა ტელევიზიის თანამშრომლები სიუჟეტებს აკეთებენ და არქივისთვის კადრებს იღებენ. გადაღებებზე კი, ამ დრომდე ლოგოს გარეშე მიკროფონით დადიოდნენ.

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მიკროფონი, რომელიც ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ეკუთვნის.

მიკროფონი შავი ფერისაა, რომელზეც წითელი და ლურჯი ფერია დატანებული, წარწერით –  tv 9.  „მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა, ჩვენთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია,  იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გავრცელებული მიკროფონის ფოტო, ნამდვილად „მეცხრე არხს“ ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ მიკროფონის ფერები ძალიან ჰგავს  რუსეთის პირველი არხის ფერებს. ამას გარდა „მეცხრე არხის“ მიკროფონის ლოგო  ინდური საინფორმაციო არხის „tv 9”-ის ლოგოს ანალოგია. ინდური საინფორმაციო არხი, 2004 წელს გაიხსნა და დღემდე  მაუწყებლობს.

ბმული