პოლ ვერლენის „ღმერთო, შენი სიყვარულით უმოწყალოდ დამჭერ“
11:13:27     30-03-2012
1844 წლის 30 მარტს, მეცში, დაიბადა დიდი ფრანგი პოეტი პოლ ვერლენი (Paul Marie Verlaine), რომელმაც დიდი გავლენა იქონია ფრანგულ და და მსოფლიო პოეზიაზე.
პოლ ვერლენი შესანიშნავი პოეტი იყო, მაგრამ ცხოვრება და გონება არეული ჰქონდა. განსაკუთრებით 1871 წლიდან, როცა, შეიძლება ითქვას გონზეც არ იყო და ათას ცოდვას თუ სისულელეს სჩადიოდა. თუმცა ჰქონდა ხოლმე, ასე ვთქვათ, ცოდვის შეგრძნებისა თუ რელიგიით გატაცების პერიოდები, როცა მონანიება უნდოდა. მაგალითად, 1873 წლიდან 1875 წლებში, როდესაც ორი წელი ციხეში ჩასვეს არტურ რემბოს დაჭრის გამო, და მერეც... ამ დროს უნდა იყოს შექმნილი პოლ ვერლენის ლექსი „„ღმერთო, შენი სიყვარულით უმოწყალოდ დამჭერ“, რომელსაც დღეს ვთავაზობთ პრესა.გე-ს მკითხველს (თარგმნა გივი გეგეჭკორმა). საერთოდ, სონეტების მთელი ციკლი აქვს მიძღვნილი მაცხოვრისადმი.
გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია მოკლედ (პრინციპში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო მისი პოეზიაა და არა ბიოგრაფია):
მამა, ნიკოლა ოგიუსტ ვერლენი საინჟინრო ჯარების კაპიტანი იყო. დედას ელიზა ჟიულ ჟოზეფ სტეფანი დაე ერქვა. ოჯახს, მამის პროფესიის გამო ხშირად უწევდა ადგილმდებარეობის შეცვლა.
1851 წელს მამა თადარიგში გავიდა და ვერლენების ოჯახი დასახლდა პარიზთან ახლოს, ბატინიოლში. 1853 წელს პოლ ვერლენი მიაბარეს პანსიონში. 1855 წელს ლიცეუმში განაგრძო სწავლა.
1858 წლიდან ლექსებს წერდა. 14 წლის ვერლენმა თავისი ლექსი „სიკვდილი“ ვიქტორ ჰიუგოს გაუგზავნა. 1862 წლიდან ვერლენების ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. პოლ ვერლენმა მიიღო სიტყვიერების ბაკალავრის წოდება. სწავლა განაგრძო სამართლის სკოლაში. 1863 წელს დაიბეჭდა მისი სონეტი „მუსიე პრუდომი“. ეს და სხვა რამდენიმე ლექსი ადრე შევთავაზეთ ჩვენს მკითხველს.
ლიტერატურული იმპრესიონიზმისა და სიმბოლიზმის ერთ-ერთი მამამთავარი, პოლ ვერლენი გარდაიცვალა 1896 წელს. მისი პოეზიის შესახებ სხვა დროსაც ვისაუბრებთ.
* * *
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
ღმერთო, შენი სიყვარულით უმოწყალოდ დამჭერ,
და ჭრილობა თრთის და დღემდე ვერ შეიკრა პირი,
ღმერთო, შენი სიყვარულით უმოწყალოდ დამჭერ!
შენი რისხვა, შენი შიში თავს დამატყდა, ღმერთო.
დაღდასმული სული კვნესის, სად გაუდგამს ფესვი,
შენი რისხვა, შენი შიში თავს დამატყდა, ღმერთო!
ეს სოფელი მუხთალია, მე შევიცან ბოლოს,
შენთან მოვედ და დიდება დღეს ვირწმუნე შენი,
ეს სოფელი მუხთალია, მე შევიცან ბოლოს!
სული ჩემი აზიარე შენი წმინდა ღვინით,
შენს კურთხეულ მაგიდაზე პურის ნაჭრად დამდე,
სული ჩემი აზიარე შენი წმინდა ღვინით.
აი, ჩემი დღევანდლამდე დაუღვრელი სისხლი,
აი, ჩემი ნატანჯი და დაღმეჭილი ხორცი,
აი, ჩემი დღევანდლამდე დაუღვრელი სისხლი,
აი, ჩემი დღეს სირცხვილით ალეწილი შუბლი,
გქონდეს კიბის საფეხურად, ზედ დაადგი ფეხი,
აი, ჩემი დღეს სირცხვილით ალეწილი შუბლი.
აი, ჩემი დღევანდლამდე გაურჯელი ხელი,
შენ კელაპტარს რომ გინთებდეს და გიკმევდეს გუნდრუკს,
აი, ჩემი დღევანდლამდე გაურჯელი ხელი.
აი, ფუჭად დამაშვრალი, მკერდს შემსკდარი გული.
რომ ეწამოს და ეკლიან გოლგოთაზე თრთოდეს,
აი, ფუჭად დამაშვრალი, მკერდს შემსკდარი გული.
აი, ჩემი ორი ფეხი, ორი პილიგრიმი,
რომ მიხმო და შენს ძახილზე მომიყვანონ შენთან.
აი, ჩემი ორი ფეხი, ორი პილიგრიმი.
აი, ჩემი ხმა მაცდური, მწუხარებით სავსე,
რომ ტკივილით გავამხილო სამდურავი სოფლის,
აი, ჩემი ხმა მაცდური, მწუხარებით სავსე.
აი, ჩემი ორი თვალი - ეს სანთლები ცოდვის,
გულმხურვალე ლოცვის ცრემლმა რომ ჩაუქროს ცეცხლი,
აი, ჩემი ორი თვალი - ეს სანთლები ცოდვის.
შენ, ცოდვილთა ნუგეშო და მწყალობელო ღმერთო,
მე ასეთი უმადური რისთვის მშობე, მითხარ,
შენ, ცოდვილთა ნუგეშო და მწყალობელო ღმერთო!
ღმერთო ჩემო, მრისხანეო და სიწმინდის ღმერთო,
დამანახე ბნელ უფსკრულში ჩემი ცოდვის ფსკერი,
ღმერთო ჩემო, მრისხანეო და სიწმინდის ღმერთო!
შენ, სამოთხის, სიხარულის და მშვიდობის ღმერთო,
ჩემი შიში, ჩემი გვემა, უმეცრება ჩემი,
შენ, სამოთხის, სიხარულის და მშვიდობის ღმერთო,
იცი, რადგან დამყურებ და მხილველი ხარ ყოვლის,
გლახაკის და უპოვარის წამება და ჯვარცმა
იცი, რადგან დამყურებ და მხილველი ხარ ყოვლის,
მაგრამ მაინც შენთან მომაქვს და შენ გწირავ, რაც მაქვს.