მოჰამედ მერას ცხედარი ალჟირმა არ მიიღო, ის ბოლოს მაინც ტულუზაში დაკრძალეს

  09:11:47     30-03-2012

ტულუზელი ტერორისტი  ბოლოს მაინც იმ ქალაქში დაკრძალეს, სადაც მან 7 ადამიანი მოკლა. ცერემონიალში, რომელიც პოლიციის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა, სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა. დაკრძალვის დროს. ტულუზის მუსულმანური სასაფლაოს თავზე, სამართალდამცავთა ვერტრმფრენი პატრულირებდა.

მოჰამედ მერას დაკრძალვა, როგორც ცნობილია, ოჯახს ალჟირში სურდა, საიდანაც მერას მამაა წარმოშობით, თუმცა ალჟირის ხელისუფლებამ ცხედრის მიღებაზე უარი თქვა. თავდაპირველად, ტერორისტის ტულუზაში დაკრძალვის წინააღმდეგი იყო ტულუზის მერიაც, რომელიც თვლიდა, რომ მერა არ შეიძლებოდა დაეკრძალათ იმ ქალაქში, სადაც მან სასაკლაო მოაწყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ნიკოლა სარკოზიმ მოუწოდა, რომ არ გაემძაფრებინათ პოლემიკა ამ თემაზე, ოჯახმა ცხედრის ტულუზის მუსულმანურ სასაფლაოზე „კორნბარიეზე“ დაკრძალვის უფლება მიიღო.

ტულუზელი ტერორისტი მოჰამედ მერა არაერთხელაა ნამყოფი ავღანეთსა და პაკისტანში. არსებობს ყველა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან გაიარა ისლამისტი ბოევიკების  საწრთვნელი ბანაკები და ე.წ. ტვინის გამორეცხვის „ოპერაცია“. ევროპის კიდევ რამდენი ახალგაზარდა მოქალაქე ყოფილა მსგავს ტერორიზმის გამავრცელებელ  ბანაკებში? ამ კითხვაზე ევრონიუსს ანტიტერორისტული ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორი, ჯილ კერშოვი ესაუბრა. მან ზუსტი ციფრი არ იცის, თუმცა მიახლოებითი გათვლებით ისინი რამდენიმე ასეულნი არიან მთელს ევროკავშირში“ - ამბობს კერშოვი. მისი თქმით, დამწყები ტერორისტების ე.წ. „ვერბოვკა“ და აღზრდა, ახლა აქტიურად მიმდინარეობს ინტერნეტის საშუალებით. სწორედ ამიტომ, საფრანგეთის ხელისუფლება უკვე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, სასჯელს დააკისრებს მათ, ვინც ხშირად სტუმრობს ექსტრემისტულ და ტერორისტულ ინტერნეტსაიტებს. თუმცა ჯილ კერშოვი თვლის, რომ საჭიროა ინტერნეტი პირიქით - ტერორიზმთან ბრძოლაში იქნას გამოყენებული.

„ინტერნეტი, სამწუხაროდ, ნამდვილ ინკუბატორად იქცა ყველა ტიპის რადიკალისათვის. ყველა ტერორისტი ცდილობს, თავისი მსხვერპლი უსახო, უპიროვნო გახადოს და არ აცნობიერებენ თავისი ქმედების შედეგებს. თუკი ამ მსხვერპლთ თავის ხმას დავუბრუნებთ, ვაჩვენებთ მათ სახეს და ტერაქტების უმძიმეს შედეგებს, ჩვენ აღვეკვეთავთ ამ საშინელი დანაშაულების გმირულ აღქმას“ - მიაჩნია მას.

მონტობანესა და ტულუზაში მკვლელობების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ციხე დააწესა მათთვის, ვინც საზღვარგარეთის ტერორისტულ ბანაკებში იდეოლოგიურ მომზადებას გადის.

თავის მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი მოვლენების გაშუქების მეთოდიკას და პოლიტიკოსებისა და მედიის განცხადებებსა და ქმედებებს ასეთ დროს. მაგალითად, ფრანგი ფსიქოლოგი ელენ რომანო თვლის, რომ ტულუზის მოვლენების გაშუქებისას, მისი ზედმეტად დრამატიზება მოხდა. ის მიიჩნევს, რომ ეს უარყოფით გავლენას ახდენს:

„გავლენა ძალიან სერიოზულია. ეს დესტაბილიზაციას ახდენს ფსიქიკურ დონეზე. გავლენა მოიცავს ფსიქოლოგური შიშის გრძნობას, საიდანაც სხვათა შორის, აღმოცენდება უფროსების შიში თავისი ბავშვების მიმართ. ამან შეიძლება მიიყვანოს ადამიანი მდგომარეობამდე, როცა ის თავს გრძნობს მსხვერპლად, მოწამედ: „ჩვენ გვკლავენ, რადგან ჩვენ ებრაელები ვართ“ ან: „ის მოკლეს, რადგან ის მუსულმანია“. როცა ასეთია აზრები მოვა, ირთვება რაღაც თვითდაცვის მსგავსი, ქრება სხვების მიმართ ნდობის გრძნობა. ეს თვითდაცვა ზოგჯერ ატარებს მასობრივ ხასიათს, რის დროსაც რეალობის იგნორირება ხდება“ - ამბობს ფსიქოლოგი. მისი თქმით, ასეთ დროს, პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა მაქსიმალურად უნდა აკონტროლონ თავისი ემოციები და განცხადებები, რათა არ დაძაბონ სიტუაცია. ელენ რომანო თვლის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მედიამ გადააჭარბა.