
რუსი ექსპერტი: 2008 წლის ომის მიზანი, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო
22:01:26     29-03-2012
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „სამხრეთ ოსეთში“ პოზიციებს იმყარებს. სამხედრო „გარადოკის“, ტექნიკისა და საკუთარი ტელევიზიის კვალდაკვალ, ცხინვალთან ახლოს მრავალფუნქციური პოლიგონი აშენდა, რომელზეც ჯარისკაცებს ბრძოლას ასწავლიან. სეპარატისტების ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ პოლიგონის ციფრული სამიზნე კომპლექსებით აღჭურვა წლის ბოლომდე დასრულდება. ის ამტკიცებს, რომ ძარწემის პოლიგონი მათია და არ ეკუთვნის რუსეთს.
რაში სჭირდება გაძვალტყავებულ ადგილობრივ „ჯარს“ ეს პოლიგონი, ძნელი სათქმელია. ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ ისედაც 500-კაციანი „სამხრეთოსელთა არმია“
350 ჯარისკაცამდე უნდა შემცირდეს. მოსკოვი ვეღარ ახერხებს ცალკე საკუთარი და ცალკე სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების „ჯარების“ შენახვას. ამიტომაც იახნოვეცი აღიარებს, რომ ძარწემის პოლიგონზე „რა თქმა უნდა, მუდმივად რუსი სამხედროები ვარჯიშობენ“.
პოლიგონიც და ზოგადად, მთელი ოკუპირებული ტერიტორიაც მოსკოვს რომ თავისად მიაჩნია, ეს რუსი ექსპერტების შეფასებებიდანაც კარგად ჩანს. პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი, ალექსანდრ ხრამჩიხინი ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთში“ ციფრული პოლიგონის შექმნა კანონზომიერია, რადგანაც რუსეთის არმია იქ სამუდამოდ აპირებს ყოფნას.
„თუ ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთი და მათ კი ჩვენ იქ მიგვიწვიეს, არანაირი პრობლემა არ არის. მე ასე მესმის, რომ რუსეთის ჯარები იქ სამუდამოდ არიან. უკიდურეს შემთხვევაში მანამდე, ვიდრე საქართველო არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას“ - განაცხადა ანალიტიკოსმა ხრამჩიხინმა.
უფრო საინტერესო დასკვნა-აღიარებას აკეთებს ნაციონალური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ანატოლი ციგანიუკი:
„2008 წლის სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი ამოცანა იყო სოჭის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ, მის (თამაშების) დასრულებამდე რუსეთის ბაზა სულ უფრო და უფრო გაძლიერდება“. მისი თქმით, რუსეთის მე-4 ბაზა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონშია განთავსებული, შეიძლება იქცეს ავტონომიურ რუსულ ფორპოსტად, ისეთად, როგორიცაა რუსეთის ბაზები სომხეთსა და ტაჯიკეთში.
რაც შეეხება ახალ ციფრულ პოლიგონს, რომელიც სოფელ ძარწემშია განთავსებული. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თანამედროვე სასროლი მოწყობილობით აღჭურვიან, ისე, რომ ერთდროულად 140 მიზნის განადგურება იყოს შესაძლებელი. მანძილი 1-კილომეტრიანი იქნება და ამდენად, აქ, წრთვნა, მოტომსროლელთა ბრიგადებსა და სნაიპერებსაც შეეძლებათ, მიზანს კი კომპიუტერებით მართავენ. იახნოვეცის თქმით, პოლიგონზე შესაძლებელი იქნება ტანკებისა და БМП-ების ეკიპაჟების წრთვნაც.
სოფელი ძარწემი პოლიგონად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გადაკეთდა. დასახლებული პუნქტი, სადაც 50-მდე ოჯახი ცხოვრობდა, აღარ არსებობს. სოფლის ნაცვლად რუსეთის სამხედრო პოლიგონის აგება ცხინვალმა და მოსკოვმა 5-დღიანი ომის დამთავრებისთანავე გადაწყვიტეს.