ოლიგარქის „ოცნებების“ სასაფლაო...

  18:15:35     29-03-2012

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის რეიტინგების გამოქვეყნების მერე, ოლიგარქის და მისი „ოცნების“ ვირტუალურ თუ რეალურ გამოსვლებს, რიხი მნიშვნელოვნად მოაკლდა.

„ოცნების“ მხრიდან აღარც ისეთი ომახიანი მუქარები ისმის, როგორც მათი „მოღვაწეობის“ საწყის ეტაპზე, ხშირად ხმოვანდებოდა მათგან.

პირველი შოკის გადავლის და ცხელ გულზე, საერთაშორისო ინსტიტუტების ლანძღვა-გინების კორიანტელის შემდეგ, ივანიშვილი და მისი გარემოცვა მიყუჩდა.

თავად მოფილოსოფოსო მილიარდერი კი, როგორც ჩანს, ცხოვრების ამაოებაზე დაფიქრდა. მოკლედ, სოლოლაკის სასახლეში, ამ დროისათვის, სრული შტილია გამეფებული.

თუმცა, ოლიგარქის გარემოცვა, რომელსაც მუქთა ლუკმა და თავშესაფარი „ციდან ჩამოუვარდა“, სავარაუდოდ, ასე იოლად არ დათმობს ქერის ორმოს და მაქსიმალურად შეეცდება ივანიშვილის „ჭკუაზე მოსვლა“ არ დაუშვას.

ხიდაშელი, მისი თანამეცხედრე, ალასანია, ალასანიას ცოლისდა და ძმანი მათნი, ამ თვეების განმავლობაში უკვე ისე მიეჩვივნენ არაფრის კეთებაში სოლიდურ დოტაციას, რომ მისი ჩამოშორება მათთვის სიკვდილის ტოლფასია.

თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ფაქტია, რომ ჯერ არშემდგარი და ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი სამოქმედო პრიორიტეტების წარმოდგენაც კი ვერ მოასწრო, უკვე გაკოტრდა. ამით კოალიციამ ფაქტობრივად, კიდევ ერთი რეკორდი დაამაყარა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.

თავად ოლიგარქი, პოლიტიკაში რამდენად ერკვევა, უკვე დაინახა და შეაფასა ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად, მას სათანადო "10 პროცენტიანი" განაჩენიც გამოუტანა. თუმცა, ამ ეტაპზე, მიუხედავად მისთვის უჩვეულო სამოქმედო სფეროში სრული გაუთვითცნობიერებლობისა, აშკარაა რომ მწარე რეალობასთან შეჯახების შემდეგ, ის მეტად შეცბუნებულია.

ოლიგარქის ოცნებები ღრუბლებიდან დედამიწაზე დაეშვა და ის ისეთი სასურველი ვერ აღმოჩნდა, რასაც ბიძინა ვარაუდობდა. ამიტომ გაკვირვებულ „პოლიტიკოსს“ მომხდარის ანალიზი ფრიად გაუჭრდა.

დღეისათვის კი, სხვა აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ გალავანს მიღმა, მის ჯიბეზე მომზირალ უსაქმურთა ბანდასთან ერთად, საგულდაგულოდ ჩაიკეტოს და „მატყუარა“ უცხოელი სოციოლოგები აკრიტიკოს, რომელთაც მის სასიქადულო, 99 პროცენტიანი მხარდაჭერის მქონე პარტიას, მხოლოდ მოკრძალებული 10 პროცენტი „დაუწერეს“...