
ნუგზარ წიკლაური: ჩიკაგოს სამიტზე, საქართველო პოზიტიურ სიგნალს მიიღებს...
15:25:39     29-03-2012
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს წევრობის მსურველ ქვეყნებს, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდის ინფორმაციით, პაეტმა ამერიკის სახელმწიფო მდივან, ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრობის მსურველ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ალიანსმა ჩიკაგოს სამიტზე, მკაფიო მესიჯი უნდა გაუზავნოს.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მძლავრი და პოზიტიური მესიჯი იმ სახელმწიფოებს გაეგზავნოს, რომლებსაც თვალსაწიერ მომავალში ნატო-ს წევრობის მიღება სურთ, კერძოდ კი, ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა – საქართველო, მაკედონია, მონტენეგრო და ბოსნია-ჰერცოგოვინა.
„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძლიერ უსაფრთხოებას, ასევე, ევროპის მყარ უსაფრთხოებას, მათ შორის მეხუთე მუხლს. ეს აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, როგორც ჩიკაგოს სამიტის ერთ-ერთი შედეგი“, – აღნიშნა პაეტმა.
აღსანიშნავია, რომ პაეტის პოზიციას ჰილარი კლინტონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესტონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, მათ შორის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართულებით, განვითარების ძლიერი მხარდამჭრია.
ესტონეთის საგარეო ურთიერთობის მინისტრის მხარდაჭერას, შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. როგორც პრესა.ჯი–ს მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ესტონეთი, საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთგული პარტიორია.
მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკაშირებით, ესტონეთს საერთაშორისო არენაზე, ინიციატივები არაერთხელ დაუყენებია.
„პაეტის განცხადება იმას ნიშნავს, რომ ესტონეთი საქართველოს საიმედო მხარდამჭერად კვლავ რჩება. მისი პოზიცია, ალბათ, გავლენას მოახდენს იმ ქვეყნების პოზიციებზეც, რომლებიც აქამდე საქართველოს აქტიური მხარდამჭერი არ იყვნენ“, – აცხადებს დეპუტატი.
რაც შეეხება იმას, ჩიკაგოს სამიტის წინ არსებულ სიტუაციას და იმას, თუ ქართულ მხარეს რა მოლოდინი აქვს, დეპუტატი ამბობს, რომ მაღალი თანანმდებობის პირების განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო, ევროატლანტიკურ სივრცეს უახლოვდება.
„შედეგები როგორი იქნება, ამაზე წინასწარ რთულია საუბარი და ამ დროს უნდა დაველოდოთ. ერთი რამ ცხადია, რომ სამიტზე, საქართველო პოზიტიურ სიგნალს მიიღებს. თუმცა, რა ფორმით, ამაზე ის ლიდერები იმსჯელებენ, ვინც სამიტზე შეკრიბება“, – ამბობს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ ჩიკაგოს სამიტი, მიმდინარე წლის მაისში იმართება.