აფხაზეთი - მონათა ბაზარი

  12:59:22     29-03-2012

აფხაზეთში ისევ იჩინა თავი მონათა ვაჭრობამ. როსტოვის საოლქო სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს 3 პირის მიმართ, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობასა და ადამიანებით ვაჭრობაში სდებენ ბრალს. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი ვორობიოვმა უკვე დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა მიხეილ იასინსკის, ვასილი კუდრიაშოვისა და აქლესანდრ როდიონოვის წინააღმდეგ.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფი აფხაზეთის ე.წ. მოქალაქემ, არდოვაზდ ფილთქიანმა შექმნა, რათა რუსეთის ტერიტორიაზე „დაევერბოვკებინათ“ ადამიანები, რომელთა გაყიდვით აფხაზეთში ფინანსურ სარგებელს მიიღებდნენ.  დაჯგუფებაში ჩართულები იყვნენ აფხაზები და როსტოველები - იასინსკი, კუდრიაშოვი, როდიონოვი, და ძმები შურდუმოვები.

„განაწილებული როლების მიხედვით, იასინსკი და კუდრიაშოვი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ეძებდნენ მუშებს, რომლებსაც „დასავერბოვკებელ“ საუბრებს უტარებდნენ,  მაღალანაზღაურებად სამსახურს ჰპირდებოდნენ და გზავნიდნენ აფხაზეთში. ორგანიზატორები ამისთვის ფინანსურ გასამრჯელოს იღებდნენ“ - ამბობენ რუსეთის გენპროკურატურაში.

აფხაზეთში მონებს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი ფილთქიანი ხვდებოდა,  ართმევდა მათ რუსეთის პასპორტებს და როდიონოვთან და შურდუმოვთან ერთად, თავისუფლებააღკვეთილებს არაადამიანურ პირობებში ამყოფებდა. ხდებოდა მათზე ძალადობა, ზოგიერთებს პირდაპირ ყიდდნენ, ზოგს კი უფასოდ ამუშავებდნენ მშენებლობასა და რემონტზე.

გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, მონებით მოვაჭრეებმა 2 წლის განმავლობაში 10 როსტოველი დაიმონეს. ჯგუფის ორგანიზატორის, ფილთაქიანისა და კიდევ ძმები შურდუმოვების დაკავება ვერ მოხდა, ისინი ძებნაში არიან, დანარჩენები კი - სასამართლოს განაჩენის მოლოდინში. მათ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს აფხაზეთში ადამიანებით ვაჭრობისა და მათი მონური შრომის გამოყენების პირველი და იშვიათი შემთხვევა არ არის. 2010 წელს, რუსეთის შს სამინისტრომ პირველად გაახმაურა ბრალდება სოხუმის მიმართ - რომ იქ რუსეთის მოქალაქეებს მონებად ყიდდნენ და ამუშავებდნენ. მაშინ სოხუმმა ეს განაცხადი დიდ შეურაცხყოფად მიიღო და რუსეთის შსს პასუხად მისწერა, რომ მათ მიერ მოპოვებული და საიტზე განთავსებული მასალები „დიდ ეჭვებსა და გაოცებას“ იწვევდა.

რუსეთის შსს-ს გარდა, სკანდალში ჩართული იყო ქვეყნის საგარეო უწყებაც. საუბარი იყო დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომლის წევრებიც რუსეთის ტერიტორიაზე „ავერბოვკებდნენ“ ადამიანებს და ისინი მონებად, - კრასნოდარსა და აფხაზეთში სამუშად მიჰყავდათ. სოხუმს არ სჯეროდა, მაგრამ როგორც რუსმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, „აღკვეთეს მონათა ვაჭრობით დაკავებული ბანდის საქმიანობა“. მაშინაც ამაში აფხაზები და როსტოველები იყვნენ გარეულები. სქემა ფილთქიანის სქემის ანალოგიური იყო:

„ავერბოვკებდნენ“ საშუალო ასაკის მამაკაცებს, ჩაჰყავდათ დანიშნულების ადგილზე და ეუბნებოდნენ, რომ უფასოდ იმუშავებდნენ იმ ხალხთან, ვისაც მათი თავი მიჰყიდეს. საქმე მას შემდეგ გაიხსნა, რაც ერთი ასეთი მონა გაექცათ. როგორც რუსეთის შსს იუწყებოდა, მათ 15 მსხვერპლის გათავისუფლება მოახერხეს, თუმცა ეჭვობდნენ, რომ მონები აფხაზეთში კიდევ ბევრი იყვნენ.

რუსული გაზეთები კი წერდნენ, რომ „რუსმა ხალხმა კრემლის მონდომებით მიიღო კიდევ ერთი ქედ-გადაღმელი (ანუ აფხაზეთი), რომელიც ცხოვრობს ჩვენს ხარჯზე და ამავე დროს, რუსების წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის“.