ჩართული მიკროფონებისა და „დიდყურა ჟურნალისტების“ მსხვერპლი პოლიტიკოსები

  08:47:30     29-03-2012

მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის დიალოგი, ჩართული მიკროფონების წყალობით, სრულიად სამყაროს კუთვნილება გახდა, დასავლურმა მედიამ „დიდყურა ჟურნალისტების“ მიერ ტირაჟირებული და ჩართულ მიკროფონებთან წამოცდენილი განცხადებების რეიტინგი შეადგინა.

პირველ ადგილზეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სკანდალური რამდენიმე ფრაზა, რომლის გამოც, 1984 წლის აგვისტოში, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის, ლამის, ომი დაიწყო. რადიომიმართვამდე, ე.წ. საუნდჩეკის, ანუ ხმის შემოწმების დროს, რეიგანი, როგორც ჩანს, ფიქრებში გაერთო და განაცხადა: „ძვირფასო თანამემამულეებო, ამერიკელებო, მიხარია გაუწყოთ, რომ ხელი მოვაწერე კანონს, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს საბჭოთა კავშირს. 5 წუთში ჩვენ დავიწყებთ დაბომბვას“. რადიომიმართვა საკმაოდ ბანალურ თემას უკავშირდებოდა - სახელმწიფო სკოლებში რელიგიური ორგანიზაციების თემას. როცა აუდიოჩანაწერი პრესაში გავრცელდა, საბჭოთა ჯარები სასწრაფოდ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. თეთრი სახლი კი დიდხანს არწმუნებდა კრემლს, რომ რეიგანმა იხუმრა.

მეორე ადგილზეა სარკოზისა და ობამას დიალოგი ნეთანიაჰუს შესახებ. 2011 წელს, დიდი ოცეულის სამიტზე ჟურნალისტებმა მოისმინეს, როგორ უწოდა სარკოზიმ ნეთანიაჰუს მატყუარა და აღიარა, რომ უჭირს მისი „გადახარშვა“. „შენ ის ყელში ამოგივიდა, მე კი ყოველდღე მიწევს მასთან საქმის დაჭერა“ - უპასუხა ობამამ. ისრაელში ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა: „თუ ნეთანიაჰუ ატყუებს სოლიდურ ლიდერებს, წარმოიდგინეთ, რამდენს გვატყუებს ჩვენ“ - შენიშნა შრომის პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა.

შემდეგი ისტორიის გმირიც ობამაა, თუმცა ამჯერად, კატარში. 2011 წლის აპრილში მან „დაახეთქა“, რომ კატარის ემირი აქტიურად უწყობს ხელს დემოკრატიას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ თავად კატარში„არ იდგმება დიდი ნაბიჯები დემოკრატიისკენ“. მანამდე კი ობამამ, ემირთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოხიბლულია მისი პოზიციებით.

პუტინი მოშე კაცავზე. 2006 წელს, როცა დასრულდა ვლადიმერ პუტინისა და ისრაელის პრემიერის, ეხუდ ოლმერტის პრესკონფერენცია, ერთმა რეპორტიორმა მიაყურადა, როგორ განრისხდა პუტინი გაუპატიურებების იმ ბრალდებებზე, რომელსაც ისრაელის პრეზიდენტს მოშე კაცავს უყენებდნენ (შემდგომში ის სცნეს კიდეც დამნაშავედ). ამის შემდეგ ითქვა, რომ პუტინმა კაცავს „მაგარი მუჟიკი“ უწოდა და დასძინა, რომ შურს მისი. მოგვიანებით, რუსეთის პრემიერის პრესმდივანს ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუხდა.  დიმიტრი პესკოვი ამტკიცებდა, რომ პუტინმა იხუმრა და არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს გაუპატიურებას.

2005 წელს, ჟაკ შირაკმა ბრიტანულ სამზარეულოს საშინელებები აკადრა. ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მან განაცხადა, რომ „ერთადერთი წვლილი ბრიტანელებისა ევროპულ სოფლის მეურნეობაში არის ძროხის ცოფი…  ყველაზე ცუდი საკვები კი ბრიტანეთშია, თუ არ ჩავთვლით ფინეთს“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ამაზე ბრიტანელები გაბრაზდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ კი მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2012 წლის ოლიმპიადისთვის ადგილად აირჩია არა პარიზი, არამედ ლონდონი.

ბრიტანეთის პრემიერმა, ჯონ მეიჯერმა თავისი მთავრობის სამ წევრს (ვინაობა არ დაუკონკრეტებია) 1997 წელს რეპორტიორთან საუბარში „ძაღლისშვილები“ უწოდა. „ძაღლისშვილი“ მინისტრები ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ...