ჩაფიძე: ...ინფორმაცია ივანიშვილის და კახა თარგამაძის საერთო წილებთან დაკავშირებით არ გამაჩნია

  16:43:34     28-03-2012

დღეს, "itv"-ს პრესკლუბში შეკრებილი ჟურნალისტების შეკითხვებს, კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ელისო ჩაფიძემ უპასუხა. ჩაფიძემ განმარტა, რომ უნდობლობას უცხადებენ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა მხოლოდ 10% უჭერს მხარს.

მიუხედავად იმისა, რომ  კვლევის ამ ნაწილს არ აღიარებს „ქართული ოცნება“, ისინი იზიარებენ კვლევის იმ  შედეგს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას, მოსახლეობის 70% ემხრობა. კოალიცია „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებსა და ბიძინა ივანიშვილის „უცნაურ“ განცხადება-პოზიციებზე, ელისო ჩაფიძემ,  "i tv"-ს პრესკლუბში შეკრებილ  ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- თქვენ უნდობლობას უცხადებთ NDI-ს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 10% უჭერს მხარს, თუმცა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას რომ 70% ითხოვს, ამ პოზიციას იზიარებთ. თუ მოქალაქეობის საკითხზე არ ჩნდება შეკითხვები, რატომ არ გჯერათ კვლევის იმ ნაწილის, სადაც კოალიციის რეიტინგი 10-%-ია?  

- ამ კვლევასთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული შეკითხვები და ჩვენ ველოდებით პასუხის მიღებას. აქ არანაირი ტრაგიზმი ან რაიმე დაპირისპირება არ არის. ამის შემდეგ, კიდევ შეგვიძლია შევხვდეთ ერთმანეთს და მაშინ გიპასუხებთ.

- კოალიციის აზრია კვლევებისთვის უნდობლობის გამოცხადება, თუ თქვენი პირადი შეხედულება?

- ცალკეული სუბიექტები რას ფიქრობენ, ვერ გეტყვით, მე ვახმოვანებ კოალიციის პოზიციას. ჩვენ გვაინტერესებს, სად ჩატარდა გამოკითხვა, რა პირობებში გამოიკითხნენ ეს ადამიანები და რა მეთოდოლოგიით. ამაზე რომ იქნება პასუხები გაცემული, აი შემდეგ უკვე დავაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას კვლევებთან  დაკავშირებით.

- ოპოზიციონერი ლიდერებიდან, ივანიშვილი მესამე ადგილზეა გიორგი თარგამაძისა და ინგა გრიგოლიას შემდეგ, თუმცა ამ გამოკითხვაში მან სამჯერ მაღალი რეიტინგი მიიღო, ვიდრე კოალიციის საერთო რეიტინგია. როგორ ფიქრობთ, უშლის ხელს მისი გარემოცვა ივანიშვილს პოლიტიკური წარმატების მიღწევაში, რომელიც თუნდაც რეიტინგებში აისახება?

- მე გეთანხმებით იმაში, რომ მას პიროვნულად აქვს მაღალი რეიტინგი. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება პოლიტიკური პარტნიორები და ის იქნება ვალდებული  ითანამშრომლოს პოლიტიკურ ძალებთან, რომელთა ორიენტაციაც გახლავთ პროდასავლური.

- უშლის თუ არა ხელს ივანიშვილის გარემოცვა მას, რომ ჰქონდეს როგორც პოლიტიკური სუბიექტს უფრო მაღალი რეიტინგი?

- ჩემი მხრიდან იქნება ძალიან არაკორექტული ამ თემაზე რაიმე სახის განცხადების გაკეთება.

- ივანიშვილი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მოვა პარლამენტში სრული უმრავლესობით, თუ ვერ მიიღებთ 2/3-ს, მაშინ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გზა?

- რა თქმა უნდა, სტრატეგია არსებობს და ამის გაჟღერება ჯერჯერობით ნაადრევია. ბიძინა ივანიშვილი რომ ვერ მოვიდეს პარლამენტში, ასეთ ალბათობას არ ვუშვებ, თუმცა, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა. ჩვენი სტრატეგია არ არის გათვლილი ერთსა და ორ თვეზე, ან თუნდაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველესთან  შესახვედრად იმიტომ არ მივიდა, რომ იქ ფსევდოოპოზიციონერები იყვნენ. შეხვედრაზე დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და მაგდა ანიკაშვილი იმყოფებოდნენ. ფსევდოოპოზიციის პარტნიორია ივანიშვილი?

- არა, როგორ გეკადრებათ.

- რას ნიშნავდა მისი ეს განცხადება?

- ვესტერველე არ ხვდებოდა ფსევდოოპოზიციას, ის ხვდებოდა ჩვენთვის საპატივცემულო დავით უსუფაშვილსა და ირაკლი ალასანიას.

- რატომ უწოდა შეხვედრის მონაწილეებს ივანიშვილმა ფსევდოოპოზიცია?

- ის ასე თვლის, როგორც ჩანს.

- ანუ მისი პარტნიორები ფსევდოოპოზიციონერები არიან?

- მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ამ განცხადების კონტექსტი არასწორია.  

- ბიძინა ივანიშვილი, მოქალაქეობის მიღებას 5 აპრილს ელოდება. თუ გაქვთ სამოქმედო გეგმა და როგორი იქნება ის მოქალაქეობის მიღების ან ვერმიღების შემთხვევაში?

- კანონის მიხედვით, მას უნდა მიანიჭონ მოქალაქეობა. ჩვენ ვითხოვთ მისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ნატურალიზაციის გზით, ამიტომ ეჭვქვეშ არავის დაუყენებია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. ველოდებით  5 აპრილს. აპრილშივე მოხდება ჩვენი პარტიის დაფუძნება. ჯერ კონკრეტულ თარიღს ვერ გავახმოვანებთ.

- თქვენ რა ადგილი გექნებათ პარტიაში?

- მე პარტიულ სიასთან დაკავშირებით შეკითხვები არ დამისვამს. ვფიქრობ, რომ ჩვენ წინ გვაქვს არჩევნებამდე შვიდი თვე და ამ თემაზე ვაჭრობა იქნებოდა ძალიან უღირსი საქციელი ჩემი მხრიდან. მე ვაპირებ ვიყო რიგითი თანამებრძოლი. ვფიქრობ ასევე ხომ არ ვიყარო კენჭი ჩემი მშობლიური რაიონიდან, ქალაქ ტყიბულიდან, რადგან მიკავშირდებიან და მთხოვენ, რომ გადავდგა ეს ნაბიჯი. პარტიაში ვიმუშავებ მედიის სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე და პრაქტიკულად, გავაგრძელებ იმავე საქმიანობას, რასაც ვეწეოდი 18 თვის განმავლობაში.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, რა წილებს ფლობს ივანიშვილის რუსულ ბიზნესში კახა თარგამაძე?

- მე არანაირი ინფორმაცია ბატონი ბიძინა ივანიშვილის და კახა თარგამაძის საერთო წილებთან დაკავშირებით არ გამაჩნია.