
თუ "ბიძინა TV"-ში მუშაობ და შენმა ნათესავმა ივანიშვილი გააკრიტიკა, არხიდან გაგაგდებენ (ფაქტი)
12:46:17     28-03-2012
ივანიშვილის მიერ ზარ-ზეიმით დაანონსებული მე-9 არხი, რომელიც ოლიგარქის ჩვეული პრეტენზიულობით გაკეთებული განცხადებების მიხედვით, „თავისუფლების სავანე“ უნდა გამხდარიყო, მდარე ინტრიგების და წარმოუდგენელი შიდა კონტროლის ასპარეზად იქცა.
ცნობილი ხდება, რომ ჯერ კიდევ არარსებულ ტელევიზიაში, სამსახური რამდენიმე ჟურნალისტს დაატოვებინეს. მათ შორის, ჟურნალისტ თამარ კვარაცხელიას, რომელიც "ბიძინა TV"-დან მხოლოდ იმიტომ გააგდეს, რომ მამამისმა, ვალერი კვარაცხელიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერიდან ივანიშვილი გააკრიტიკა.
ჟურნალისტი, რომლის ორთვიანი მუშაობითაც არხის ხელმძღვანელობა კმაყოფილი იყო და ამას ხშირად აფიქსირებდა, მადლობების სახით, სამსახურიდან სრულიად უმიზეზოდ და უმოტივაციოდ, ივანიშვილის პრეს-სპიკერის, ირაკლი ტრიპოლსკის უშუალო მითითებით გაათავისუფლეს.
როგორც ირკვევა, ირაკლი ტრიპოლსკი, რომელიც ოლიგარქის პრეს-სპიკერია, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის მართვა მის კომპეტენციაში არ შედის, უცერემონიოდ ერევა მე-9 არხის საქმიანობაში და მნიშვნელოვან საკითხებს, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად წყვეტს.
ტელევიზიაში კი, ამ დროისათვის, დიდი არეულობაა და ამის მიზეზი ჟურნალისტებისათვის წინაწარ დაპირებული პირობების შეუსრულობლობა გახდა.
როგორც ცნობილია, ოლიგარქმა, პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, პირველი რაც გააკეთა, მედიას ჭკუა დაარიგა, მათ მეტი თავისუფლებისა და დემოკრატობისაკენ მოუწოდა და ამის რეალიზაციისათვის საკუთარ მომავალ ტელევიზიაში მიიწვია.
მაშინ ივანიშვილი ჟურნალისტებს დაპირდა, რომ იმისათვის, „რათა ორ გროშზე არ გაყიდულოყვნენ“, იმ დროისათვის, სხვა მედიასაშუალებებში მუშაობისას არსებულ ხელფასთან შედარებით, ორჯერ მეტს გადაუხდიდა.
თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, რომ "ბიძინა TV"-ში მისულ კადრებს ოლიგარქის ტელევიზიის მმართველებმა "ვირტუალური ხელფასი" შესთავაზეს.
ამას კიდევ ერთი ინციდენტიც დაერთო: ტელევიზიის მიზანი თავდაპირველად დილის გადაცემის მომზადებაც იყო.
დაანონსდა გადაცემა, გამოცხადდა ჟურნალისტების ქასთინგი, რის შედეგადაც შერჩეულ იქნა კადრები. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, „სამსახურში მიღებულ“ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ დილის გადაცემის ეთერში გაშვებას და ამიტომ, მათ სახლებში წასვლა მოუწევდათ.
ამის შედეგად, "ბიძინა TV"-ში გაქცეულმა ჟურნალისტებმა არათუ ახალი სამსახური იშოვეს, არამედ, ძველიც დაკარგეს, თუმცა, ტრიპოლსკის და მის გუნდს ამ საკითხზე აშკარად ბევრი არ უდარდიათ.
საინტერესოა ისიც, რომ თამარ კვარაცხელიას განცხადებით, მიღებულ ჟურნალისტებს კონტრაქტს ძველი თარიღით, ანუ 1 მარტით გაუფორმებენ. ეს კი იმ მიზეზით ხდება, რომ მათ მარტის ხელფასის აღებაც შეძლონ.
„პრესა.ჯი“ ჟურნალისტ თამარ კვარაცხელიას ესაუბრა.
თამარ კვარაცხელია: მე ოფიციალურად არ გამოვუშვივარ მეცხრე არხიდან, რადგან კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მქონდა მოწერილი, თუმცა ვიცოდი რომ როცა კონტრაქტს შემოიტანდნენ, ძველი თარიღით უნდა მომეწერა ხელი, თუმცა ბოლო მომენტში, დამიბარეს და მითხრეს რომ მათ აღარ სურდათ ჩემთან თანამშრომლობა.
-კონკრეტულად, ვინ დაგიბარათ?
- დამიბარა ირაკლი ტრიპოლსკიმ, რომელსაც ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უკავია მეცხრე არხში და არხის გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა.
როცა ვკითხე მიზეზი, ერთი თვის მუშაობის მერე, რატომ მითხრეს უარი თანამშრომლობაზე, მათ პასუხი ვერ გამცეს. მე ვიცი, რომ როგორც ჟურნალისტს, ისინი წუნს ვერ დამიდებდნენ, რადგან არხის არარსებობის პირობებშიც კი, ვახერხებდი, მომეპოვებინა ინფორმაციები და მეკეთებინა პირველი ბლოკის, პირველი, ან მეორე სიუჟეტი, პოლიტიკის შესახებ.
- როგორ ფიქრობთ, რა გახდა თქვენი სამსახურიდან გამოშვების მიზეზი?
- ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს. კვირა საღამოს, მამაჩემი, ვალერი კვარაცხელია, გამოვიდა "რეალ ტივის" არხით და გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი.
ორშაბათს და სამშაბათს მათ ხმა არ ამოუღიათ, ოთხშაბათს, დღის საათებში კი დამიძახეს და მითხრეს ის, რაც მითხრეს. მეტს მე ჩემს გამოშვებას, ნამდვილად ვერაფერს ვერ დავუკავშირებ... არხიდან პირადად ტრიპოლსკიმ გამომიშვა.