
მოურინიო: “აპოელი” ჩემპიონთა ლიგის მთავარი გუნდია!”
12:27:08     28-03-2012
ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალი იმით დაიწყო, რომ დასრულდა ლამაზი კვიპროსული ზღაპარი - “აპოელი” შინ გმირულად იცავდა თავს თითქმის 75 წუთის განმავლობაში, მაგრამ ვეღარ გაძლო და ბოლო 15 წუთში 3 გოლი გაუშვა მადრიდის “რეალისგან”.
ლონდონის “ჩელსიმ” კი ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისაკენ, როდესაც ლისაბონში სალომონ კალუს ერთადერთი გოლით დაამარცხა “ბენფიკა” და ახლა “სტემფორდ ბრიჯულ” განმეორებითს დიდი ოპტიმიზმით ელის.
ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის პირველი მატჩები
“ბენფიკა” – “ჩელსი” 0:1
(კალუ 75)
“აპოელი” – “რეალი” 0:3
(ბენზემა 74,90, კაკა 82)
ივან იოვანოვიჩი (“აპოელის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ ვცდილობდით შეგვეკავებინა “რეალი”, მაგრამ ბოლოს მან მოუმატა და ვერაფერი ვეღარ შევძელით მის შესაჩერებლად. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი ჯილდოა, ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ “რეალის” კლასი.
ამ მატჩს შეიძლება ვუწოდოთ გვირგვინი იმ ისტორიული სეზონისა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ჩავატარეთ. ჩემს ფეხბურთელებს შეუძლიათ იამაყონ მიღწეულით.”
ჟოზე მოურინიო (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “აპოელმა” საკმაოდ გაგვაწვალა, ის კარგად იყენებდა თავის ძლიერ მხარეებს. მართალია მათ არ ჰყავთ გამორჩეული ინდივიდუალები, მაგრამ ორგანიზაციისა და ხასიათის მხრივ, ეს შესანიშნავი გუნდია.
ამ სეზონზე “აპოელი” საოცრებებს ახდენს და “რეალს” მოუწია თავის საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება, რომ ეს შედეგი მიგვეღო. დღეს დიდი პატივიცსემით მოვეპყარით “აპოელს” და ზუსტად ასევე იქნება “სანტიაგო ბერნაბეუზეც”. “აპოელი” ჩემპიონთა ლიგის მთავარი გუნდია.”