30 მარტს გაიმართება მიხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნის, "სულის ყვავილების" პრეზენტაცია
09:52:35     28-03-2012
პარასკევს, 30 მარტს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში
გაიმართება
კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა -
მიხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნის, "სულის ყვავილების" წარდგინება
დასაწყისი: 18 საათზე
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს. მეტი სიზუსტისთვის: ლინკი ბიბლიოთეკის განლაგების გენგეგმით -http://www.sciencelib.ge/node/64)
დასწრება თავისუფალია.
„სულის ყვავილები“ მიხეილ ღანიშაშვილის მეშვიდე წიგნია. წიგნში შესულია 400–მდე ლექსი და 8 პოემა. ეს არის პოეტის მხატვრული შემოქმედების მეტ–ნაკლებად სრულყოფილი გამოცემა, რომელშიც გაერთიანდა როგორც ადრინდელ გამოცემებში შესული, ისე ბოლო წლების მანძილზე დაწერილი და გამოქვეყნებული ნაწარმოებები. ლექსები და პოემები დალაგებულია თემატური პრინციპით, ციკლების სახით. პოეტი აგრძელებს ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციულ გზას, უხვად იყენებს როგორც აკადემიურ სალექსო, ისე ე. წ. მთისკილოურ საზომს. წიგნის ღირსებად უნდა ჩაითვალოს მისი თემატური და მხატვრული მრავალფეროვნება, სტილისტური დახვეწილობა, ენობრივი გამართულობა და სიმდიდრე, არქაისტული და დიალექტური ფორმების გაბედული, მაგრამ ზომიერი გამოყენება.
სამი ლექსი წიგნიდან.
ნორდ-ოსტი
ეს რა სურათია, ღმერთო,
დიაცების შეძაძულთა!..
ნუთუ რომელიმე მათგანს
სამზეოზე ყოფნა სძულდა?!..
არა! დაუჯერებელი არის
ამ სპექტაკლის, ტრაგიკულის
ქარგა: რომ სიცოცხლისაგან
სურდათ ყოფნა გარიყული!
იბადება უპასუხო
კითხვა, თავის არიდება
არ ეგების: - მთის ყვავილნი
რატომ იქცნენ შაჰიდებად?!.
როცა მტერი ზვაობს, მძლავრობს,
გიკლავს მამას, ქმარს, ძმას და ძეს,
შური შენც იძიო მკვლელის,
უცილობელ საბაბს გაძლევს!..
მართალია, სისხლი სისხლით
არასდროს არ იბანება,
მაგრამ შურისძიებაც სდევს
ადამიანურ ბუნებას!..
* * *
მე კი რა ვთქვა, ან როგორ ვთქვა
პოეტს რა მეთქმევა ამ დროს?
სად ხარ, სიყვარულო კაცთა
შორის, რა ამაოდ გნატრობ!..
სონეტი შამილს
მე მესმის, გმირო, მთების მხრიდან შენი ძახილი.
ექოდ დაჰყვება ეგ ხმაური კავკასის ქედებს.
ლეკურებივით წამოჰკრეფავ ხალხის იმედებს
და აიწვდები ავარიის ბასრი მახვილი!..
ვფიცავ ჩემს ქრისტეს, რაც თვალები მეც ავახილე,
რაც ვიყმაწვილე, რაც ვჭაბუკობ, რაცა ვბერდები,
თუმცა მკვდარი ხარ, ღუნიბივით მეიმედები
და არაერთხელ მეც უცნაურ აზრს ამახირებ!..
ვიტყვი: განგებავ, თუ სიკვდილის ცელს დამაღირებ,
ვიცი, შენ ჩემი პოვნა სულ არ გაგიძნელდება,
რადგან შამილის ცრემლით ჩემი მზერაც სველდება,
გამიშვი, კლდეებს მეც ამოვდებ რკინის აღვირებს,
მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა,
ოღონდ არ ჩამყვეს სამარეში ჯავრი მოსკალთა!..
ბამუტი
ჩეჩენ პოეტს აფთი ბისულთანოვს
მურთაზეკებს, მიურიდებს
უფლის, ქვეყნის, ადათისას
სამოთხისკენ გადალალავს
თავად ღმერთი გადათვლისას!
გული მგლისა,
მუხლი მგლისა,
როგორც თქმულა, არის ჩეჩნის,
ვისაც ვაჟკაცობა ყოფნის
და საომრად მკლავიც ერჩის!
ამაოა ეს სოფელი
და ჩირადაც იგი არ ღირს,
ცდება ყველა, ვინც მას გლოვობს,
მისტირის და ცრემლებს აღვრის!
ფერფლიღაა, აბა, ნახეთ,
რაც ბამუტად გუშინ ღირდა,
ნანგრევებად იცქირება
და სიცოცხლის გადაღმიდან...
მაგრამ გლოვა არა გვმართებს,
არა მსხვერპლს და არა მნახველს,
ფენიქსივით აღმდგარს ვუცდით
მთებში ამაყ ვაინახებს!