მარინა სალიეს „კომპრომატი პუტინზე“, მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა

  09:19:04     28-03-2012

რუსეთში ცნობილი პოლიტიკოსი და ვლადიმერ პუტინის მოწინააღდეგე, მარინა სალიე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს, სიკვდილის შემდეგაც დისკომფორტს უქმნის რუსეთის ახალ პრეზიდენტს. სალიეს მეგობრებმა Facebook-ზე ის სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელიც ვლადიმერ პუტინის „დიდ აფიორაში“ მონაწილეობაზე მეტყველებს. აღნიშნული აფიორა, თავის დროზე, პუტინის სანკტ-პეტერბურგის მერიაში მუშაობისას, სწორედ სალიეს ხელმძღვანელობით შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ გამოააშკარავა და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის მიმართ გამოძიების დაწყებაც მოითხოვა, თუმცა პეტერბურგის მაშინდელი მერის, ანატოლი სობჩაკის მეგობარ პუტინს, არათუ პასუხი მოსთხოვეს, არამედ დააწინაურეს.

გამოქვეყნებული დოკუმენტები მეტყველებს, რომ სანკტ-პეტერბურგის მერიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, ვლადიმერ პუტინი დიდი კორუფციისა და ფინანსური მაქინაციების მთავარი გმირი იყო. ამის შესახებ მარინა სალიემ სიცოცხლეში არაერთხელ განაცხადა, თუმცა დოკუმენტური მასალა, რომელიც მას ჰქონდა, საჯარო არასოდეს ყოფილა. სანკტ-პეტერბურგის მერიის ყოფილი ჩინოვნიკების დანაშაულებრივი მიმოწერა და ხელმოწერები მანამდე მხოლოდ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს ჰქონდათ ნანახი. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პუტინსა და მის მოადგილეს, ალექსანდრ ანიკინს რუსეთიდან გაჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნედლეული: 750 000 კუბური მეტრი ხე-ტყე, 150 000 ტონა ნავთობპროდუქტები, 14 ტონა იშვიათი ლითონი…

ამ დოკუმენტებიდან, ასევე, ჩანს, როგორ და ვის სთხოვდა სალიე, დასმულიყო ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა პუტინმა „მწვანე გზაზე“ სიარული შეძლო, სალიე კი, რომელიც არასოდეს უშვებდა შანსს ხელიდან, ემხილა ანტიკორუფციონერისა და დემოკრატის ნიღაბში გადაცმული „ჩეკისტი“, ბევრი წლების შემდეგ, იძულებული გახდა ერთ მიყრუებულ სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად, რათა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველეყო. მარინა სალიეს მიერ გამოვლენილი პუტინის კორუფციული სქემის შესახებ პრესა.ჯი ცოტა ხნის წინ წერდა. მამხილებელი დოკუმენტები კი, რომლებსაც სალიე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ინახავდა, გამოქვეყნებულია ამ მისამართზე .