
მიშა თავხელიძე: უნდა სცოდნოდა ივანიშვილს, რომ რამდენიმე „ექსტრავაგანტული“ მოქმედების შედეგად, რეიტინგს დაკარგავდა
19:09:02     27-03-2012
ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს „ქართული ოცნება“ არ აღიარებს. ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ რეიტინგები არ ასახავს რეალობას და კვლავ “დამაჯერებლად” ახმოვანებენ ოლიგარქის ოცნებას, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შესახებ. ექსპერტი მიხეილ თავხელიძე „პრესა.ჯი“-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ 5-ჯერ ნაკლები რეიტინგი და ოპოზიციონერ ლიდერად უფრო მეტად რატომ მოსწონთ ინგა გრიგოლია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი...
ექსპერტი თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი, რის გამოც NDI-ს კვლევებს არ უნდა ვენდოთ.
„ჩვენი ოპოზიცია მხოლოდ იმას ენდობა, რაც თავად აძლევს ხელს. რაც არ აწყობთ, მაშინვე უნდობლობას უცხადებენ. NDI-ს კვლევებში, ოპოზიციას უფრო მაღალი რეიტინგი რომ ჰქონოდა, ვიდრე ხელისუფლებას, მაშინვე ნდობას გამოუცხადებდნენ. ოპოზიციას ახასიათებს ეს თვისება: რეალობა თუ არ მოსწონთ, ესე იგი ეს რეალობა არასწორია“-ამბობს ექსპეტი.
მიხეილ თავხელიძე იმ მიზეზსაც ასახელებს, თუ რის გამო დაკარგა რეიტინგი „ქართულმა ოცნებამ“.
„მე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რამდენიმე ექსტრავაგანტული მოქმედების შედეგად, ივანიშვილი და მისი კოალიცია დაკარგავდა მხარდაჭერას, რაც მოხდა კიდეც. ივანიშვილმა ძალიან დიდი მოლოდინები გააჩინა, მაგრამ შემდეგ ისეთი განცხადებების კეთება დაიწყო, რომ მისმა მხარდამჭერებმაც ზურგი შეაქციეს. რეიტინგებში აბსოლუტური მაჩვენებლები არ არის მთავარი, მთავარია დინამიკა და დინამიკა, ჩემი აზრით, ობიექტურია“-აცხადებს ექსპერტი ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება ოპოზიციონერი ლიდერების ცალკეულ რეიტინგებს, თავხელიძის თქმით, რეიტინგების გარეშეც ჩანდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია პასიური იყო.
„ივანიშვილს, როგორ პოლიტიკურ ლიდერს არანაირი გზავნილები არ ჰქონია, რაც ამომრჩევლისთვის დამაბნეველია. ოპიზიციურად განწყობილი ელექტორატის შიგნით არსებობს იმედგაცრუებები და გამოჩნდა, რომ ივანიშვილი იმედებს არ ამართლებს. რაც შეეხება იმას, რომ ინგა გრიგოლიას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ინგას უფრო ჟურნალისტად იცნობენ და ამ ნიშნით სიმპატია მის მიმართ ბევრ ადამიანს აქვს. შესაბამისად, აგრესიას არ იწვევევს. ბიძინა ივანიშვილი კი არის პიროვნება, რომლის მიმართაც პოლარიზებულია დამოკიდებულება. ცხადია მას ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ მას ჰყავს აქტიური მოწინაღმდეგეები. გრიგოლიას აქტიური მოწინააღმდეგეები არ ჰყავს, რადგან არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა“-განუცხადა პრესა.ჯი“-ს თავხელიძემ.