
ივანიშვილის ფიასკო
14:21:42     27-03-2012
ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებმა, პოლიტიკოსობის მოსურნე ქართველ მილიარდერს რეალობა დაანახა.
გუშინდელ დღემდე, ბიძინა ივანიშვილი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობდა: წერდა უსტარებს, თვეში ერთხელ, წინასწარი ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ, საკუთარ კამერებთან ერთად, ჩნდებოდა საზოგადოებაში, გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებდა „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდზე, იმავე გვერდისთვის, მთელი მონდომებით აყალბებდა და ყიდულობდა „ლაიქებს“ და პრემიერ–მინისტრობაზე ოცნებობდა.
წუხანდელი საღამოს შემდეგ კი, ქართველ ოლიგარქს აშკარად მოუწევს ბევრი რამის გადაფასება, პირველ რიგში კი, საკუთარი უსაზღვრო ამბიციების მოთოკვა.
ამერიკულმა ინსტიტუტმა ბიძინას, ფაქტობრივად, საკუთარი მომავალი დაანახა, რომელიც სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მილიარდერის ზოგი მოწინააღმდეგისთვისაც კი გარკვეულწილად სიუპრიზი აღმოჩნდა, რადგან საზოგადოების ნაწილი, ყველაფრის მიუხედავად, ასეთ სრულ ფიასკოს მაინც არ ელოდა და ივანიშვილის რეიტინგად გარკვეულ ციფრს, მაგალითად, ხმათა 20–25 პროცენტს ვარაუდობდა.
თუ „ქართული ოცნების“ რეაქციებიდან ვიმსჯელებთ, მთელი პოლიტიკური მოძრაობა, თავის მხარდამჭერებიანად თავადაც გაოგნებული დარჩა.
მათი ილუზიები ბოლო ხანს უკვე ისეთ ამბიციებად გადაიქცა, რომ მართლა ვარდისფერ ოცნებებში გადავარდნენ და მომავალი საპარლამენტო თუ სამთავრობო ადგილები უკვე ცხადად ეზმანებოდათ.
ამიტომ, ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პოლიტიკურ გაერთიანებაში დიდი დაბნეულობა და გაურკვევლობაა.
როგორც ცნობილია, კვლევების მიხედვით, პარტიებს შორის პირველ ადგილზე, 47 პროცენტით მმართველი გუნდი გავიდა, რომელსაც 10 პროცენტით "ქართული ოცნება" მოსდევს, ხოლო მესამე ადგილზე, 3 პროცენტით "ქრისტიან-დემოკრატები" მოხვდნენ.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციითვე, აღნიშნულ კვლევებში, ლიდერებთან დაკავშირებითაც არის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი "ნაციონალური მოძრაობის" მთლიან რეიტინგს კიდევ უფრო აღემატება.
თუმცა, ოცნებებში რომ არ გადავარდნილიყო და საკუთარი პოლიტიკური შესაძლებლობების რეალურად შესწავლასთან ერთად, პოლიტიკაში მოსვლამდე, ქართული პოლიტიკური რეალობა და კონიუქტურა ცოტა უკეთ შეესწავლა, ოლიგარქს ასეთი იმედგაცრუება, სავარაუდოდ, არ მოუწევდა.
საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის, თავიდანვე დიდ გაუგებრობად იქცა, თუ რატომ დადო ფსონი ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გაკოტრებულ და მარგინალ ძალებსა და პერსონებზე, რომელთა პოლიტიკურ ორბიტაზე ტრიალი ქართველი ხალხისათვის მუდამ გამაღიზიანებელი და მიუღებელი იყო.
„რესპუბლიკელები“, რომელნიც ოლიგარქის მთავარი დასაყრდენი პოლიტიკური დაჯგუფება გახდა, საქართველოში რა პოპულარობითაც სარგებლობდნენ, ამაზე მათი საარჩევნო შედეგები მეტყველებდა მუდამ.
აფხაზეთის დამოუკიდებლობის მოსურნე, მარად ანტისახელმწიფოებრივად განწყობილ პოლიტპერსონებს, ქართულმა ელექტორატმა განაჩენი ჯერ კიდევ წლების წინ გამოუტანა და პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა, საიდანაც ივანიშვილის წყალობით, კვლავ ამოცოცდნენ, მტვერი შეიფერთხეს და ქართული ოპოზიციის „ავანგარდად“ იქცნენ.
რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ოლიგარქმა მათი შერჩევისას და რატომ მიანიჭა უპირატესობა ქართული პოლიტიკის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მარგინალებს, ძნელი სათქმელია, თუმცა, ეს ქმედება, ოლიგარქის არაადეკვატურობას და ღრუბლებში ფრენის მისეულ სტრატეგიებს თუ გავითვალისწინებთ, ლოგიკურიცაა.
მილიარდერმა ვერც ქართველი ერის ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებები გაითვალისწინა, კერძოდ, ის, რომ საქართველოში დიდი ფული არასდროს წყვეტს ისეთ საკითხებს, როგორიც პოლიტიკოსის პოპულარობა და საბოლოოდ, მისი არჩევნებში გამარჯვებაა.
ამას დაერთო თავად ივანიშვილის სოციოპათია, ქარიზმის უქონლობა, რეალურ საზოგადოებასთან, ხალხთან ურთიერთობის შიში და ვირტუალურ სამყაროში, შუშის სასახლეში გამოკეტვა, სოციალურ ქსელში „ლაიქების“ მომატების საშუალებით არჩევნებში გამარჯვების კომიკური იმედები, რამაც გუშინ გამოცხადებული შედეგები, საბოლოოდ, მისთვის მწარე რეალობად აქცია.