
გია ნოდია: „ქართულმა ოცნებამ“ მოლოდინი ვერ გაამართლა…
14:16:22     27-03-2012
ექსპერტ გია ნოდიას შეფასებით, ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული იმედები არ ამართლებს. მისი თქმით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ 47 პროცენტიანი რეიტინგი არ გაჰკვირვებია, რადგან მმართველი გუნდი, მაღალ შედეგებს მიჩვეულია. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნას, ექსპერტი აცხადებს, რომ საზოგადოების განწყობაზე გავლენა ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიციის წევრების საქმიანობამ მოახდინა. რა პროცესებია მოსალოდნელი წინასაარჩევნო პერიოდში? – პრესა.ჯი გია ნოდიას ესაუბრა:
- NDI-მ გუშინ, პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიული რეიტინგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვით, პარტიებს შორის 47 პროცენტით “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს. როგორ შეაფასებთ, კვლევის ამ შედეგებს?
– აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული იმედები არ ამართლებს. როდესაც, პოლიტიკურ არენაზე, ივანიშვილი გამოჩნდა, მას გარკვეული რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ მისმა და კოალიციის შემდგომმა მოღვაწეობამ, საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოიწვია. ძირითადი შედეგი ეს არის, სხვა მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მაღალი რეიტინგი რომ ექნებოდა, ამას შეჩვეული ვართ. ფაქტია, რომ „ქართული ოცნებისგან“ იმედგაცრუების ფონზე, ამ რეიტინგმა კიდევ უფრო მოიმატა.
– ივანიშვილის პიროვნული რეიტინგის ვარდნის მიზეზი რა არის?
– ივანიშვილის პირველივე ნაბიჯებიდან ჩანდა, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და მისმა პოლიტიკაში მოსვლამ ეჭვები ამიტომაც გამოიწვია. ის პოლიტიკის კაცი არ არის და ბუნებრივია, რომ ეს, საბოლოო ჯამში, მის რეიტინგზეც აისახა.
– ფაქტია, რომ ოპოზიციურ პარტიებს, საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა ექმნებათ. აქტიური საარჩევნო კამპანიის პერიოდში, შედეგების ვარდნა არის მოსალოდნელი თუ პირიქით?
– „ქართულ ოცნებას“ ჯერ იმის პირი არ უჩანს, რომ ბარიერი ვერ გადალახოს, მაგრამ „ქრისტიან–დემოკრატებს“ იმის გარანტია აქვთ, რომ შედეგი გააუმჯობესონ. როგორც წესი, სამ პარტიაზე მეტი, საარჩევნო ბარიერს საქართველოში ვერ ლახავს. რაც შეეხება რეიტინგების ცვლილებას, შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ შეიძლება ერთი–ორი პროცენტი რომელიმე პარტიას მოემატოს. „ნაციონალურ მოძრაობის“ ეს ძალიან დიდი რეიტინგი ნიშნავს –დიდი უმრავლესობით პარლამენტში მოსვლას.
_ ვინაიდან, „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი არის გაწევრიანებული, საარჩევნო სიების შედგენისას, ამ კოალიციაში დაძაბულობა მოსალოდნელია?
– ალბათ, „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილს ორი დიდი გამოწვევა აქვს - ერთი, რომ ის გაზვიადებული იმედები გაამართლოს, რაც მან შექმნა და როგორც ჩანს, ამას ვერ ამართლებს და მეორე პრობლემაა – სიმშვიდე და თანამშრომლობა, კოალიციის შიგნით როგორ შეინარჩუნოს. ბუნებრივია, კოალიციაში ამბიციური პარტიები შედიან, რომელთაც ამბიციური ლიდერები ჰყავთ და როგორც ყველა კოალიციის ლიდერს, ასევე ივანიშვილს მათი ამბიციების დაკმაყოფილება გაუჭირდება.