გუდალეთის ტაძარი

  04:56:07     27-03-2012

სოფელი გუდალეთი მდებარეობს კასპის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, კასპიდან 19 კილომეტრის მანძილზე.

გუდალეთის ტაძრის კომპლექსი, დგას სოფელში, ამაღლებულ ადგილზე, მდინარე გუდალურას მაღალი ხევის პირას. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი და კოშკებიანი ციხე - გალავანი.

ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. აგებულია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, ნაშენია თლილი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გუმბათი და კამარები ჩაქცეულია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები 1-2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი; დანგრეულია მეორე სართული (სადიაკვნისა და სამკვეთლოს თავზე), არ შემორჩენილა გუმბათქვეშა ბოძები და თაღები; ეკლესიის დასავლეთ კარიბჭის სამხრეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. შედარებით უკეთესად არის შემონახული აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები.

ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი თაღოვანია. აღმოსავლეთით ღრმა ბემიანი აფსიდი ნახევარწრიულია. მის ორივე მხარეს თითო აფსიდიანი სათავსი, სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ თავზე არსებული სათავსები ინტერიერს სწორკუთხა გასასვლელით უკავშირდებოდა. აქედან საკურთხევლის კონქის თავზე გამართულ სამალავშიც შეიძლებოდა მოხვედრა. აფსიდის სარკმლის ქვეშ სწორკუთხა, ხოლო მის ორივე მხარეს თითო ნახევარწრიული ნიშია. თითო სარკმელი ყოფილა აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. მცირე ზომის თითო მრგვალი სარკმელი აქვს სამკვეთლოს, სადიაკვანესა და მათ თავზე მოთავსებულ სათავსებს. გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კედლებსა და დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბოძს. აღმოსავლეთ ფასადის კუთხეებთან პატარა, მრგვალი, საგანგებოდ მოჩარჩოებული სარკმლების ორი რიგია, ამ ფასადს მარტივპროფილიანი სადა ლავგარდანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, განიერი თაღოვანი შესასვლელის ზემოთ სარკმელი ჩუქურთმიან საპირეშია ჩასმული. ეკლესიის სამივე შესასვლელი თაღოვანი ლილვებით, ბურთულებითა და ფესტონებით ყოფილა მორთული.

ღვთისმშობლის ტაძარს შემოვლებული აქვს ხუთკუთხა გალავანი (28 X 30 მ), რომელიც აგებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ნაშენია რიყის ქვით. მოსწორებულ ადგილზე ნაგები ციხე-გალავნის ყოველ კუთხეში თითო ცილინდრული (ზემოთკენ შევიწროებული) კოშკი დგას. გალავანი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კედლების ზედა მონაკვეთები (განსაკუთრებით აღმოსავლეთ მხარეს), ჩამონგრეულია კოშკების ზედა ნაწილები, სართულშუა გადახურვები, თახჩები, სათოფურები და სარკმლები ბევრგან გაგანიერებული ან ჩამოშლილია. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს აღარაა ხის საბრძოლო ბილიკი და მისი სამაგრი კოჭები. გალავნისა და კოშკის ქონგურები ჩამონგრეულია. თაღოვანი, ვიწრო და მაღალი ჭიშკარი სამხრეთ კოშკის პირველ სართულზეა. კოშკების ყოველ სართულს ცალკე თაღოვანი შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან. სართულებზე მისადგმელი კიბით ადიოდნენ. ჩრდილო-აღმოსავლეთით კოშკის პირველ სართულზე ორმალიანი შესასვლელია. ეს კოშკი დანარჩენებზე რამდენადმე დიდია. ყველა კოშკის მეორე სართულზე, მარჯვენა მხარეს მცირე ზომის სათავსი – საპირფარეშოა, რომელსაც ცალკე სწორკუთხა შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან. სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კოშკებში ეს სათავსები უფრო მოზრდილია, ფასადიდან გამოწეულია და გალავნის კედელსა და კოშკს შორის არის ჩამოკიდებული. ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკები უფრო პატარაა და გალავნის კედელშია მოქცეული. კოშკების ყოველი სართულის კედლებში გაჭრილია სათოფურები, სარკმლები და სხვადასხვა ზომის თახჩები და ნიშები; მეორე და მესამე სართულებზე შესასვლელების პირდაპირ (ერთმანეთის თავზე) ბუხარია. კოშკების ფასადებზე ოდნავ შესამჩნევ აქცენტებს ქმნის სათოფურებისა და სარკმლების ვიწრო ხვრელობები. გალავნის კედლები ორიარუსიანია: ქვედა ყრუა, ზედაში კი სათოფურები და თახჩებია. სათოფურებს ქვემოთ საბრძოლო ბილიკის საყრდენი ხის კოჭების ჩასამაგრებელი ფოსოებია. გალავნის დასავლეთ კედელზე, ჩრდილო-დასავლეთ კოშკთან, მეორე იარუსის სიმაღლეზე ორი ბუხარია, მათ შორის თახჩებია. აქვე შემორჩენილია საცხოვრებელი ნაგებობის (სავარაუდოდ ფეოდალის სასახლის) ნაშთები, რომელიც კოშკს საბრძოლო ბილიკით უკავშირდებოდა. გალავნის სამხრეთ კედელზე, მის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ეზოს მხრიდან ნიშის მაგვარი ორი მაღალი ხვრელებია. აქ, ფასადის მხარეს, კედლიდან გამოწეული სათოფურის მაგვარი შვერილი ყოფილა. გალავნისა და კოშკების კედლებში ორი ტიპის სათოფურია: ცალმაგი და ორმაგი. (აღმოსავლეთის კედელში მხოლოდ ცალმაგი სათოფურებია. სათოფურები გვხვდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნიშებში და დასავლეთ კედლის მცირე სათავსებშიც). როგორც გალავნის, ისე კოშკების კედლებში საცეცხლე არის გასადიდებლად ზოგი სათოფური დახრილია. გალავანი დასრულებული იყო ნახევარწრიული ქონგურით. (ამჟამად მონგრეულია).

კაციაანთ ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გადახურვა, კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხე ჩამონგრეულია. აღმოსავლეთ ფასადს მთელ სიგრძეზე ბზარი გასდევს. ეკლესია დარბაზულია (9,2 X 5,5 მ). ნაგებია ქვიშაქვის დიდი ზომის ლოდებით. შესასვლელი ორი აქვს - ჩრდილო-დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ერთი სარკმელი ნახევარწრიულ, არასწორი მოყვანილობის აფსიდშია, ორი (საკმაოდ მაღალი) - სამხრეთ კედელში, ერთი - ჩრდილოეთისაში. კამარა ეყრდნობა მარტივპროფილიან იმპოსტებზე დადგმულ სატრიუმფო საბჯენ და დასავლეთის კედელთან მდებარე თაღებს. სამხრეთით და ჩრდილოეთით ეკლესიაზე, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია ეგვტერები. ჩრდილოეთ მინაშენს ორი შესასვლელი ჰქონდა - ერთი ჩრდილოეთიდან, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ, მეორე - დასავლეთიდან (ამოშენებულია). აღმოსავლეთ ფასადზე, მაღლა, მწვანე ტუფის ფილაზე გამოსახულია წრე, ხოლო დასავლეთ ფასადზე, ასევე მაღლა, მწვანე ტუფის ქვაზე - ჯვარი.

კვირაცხოვლის ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით, სერზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, ნაგებია რიყის ქვით. სახურავი კირის ხსნარით და ფიქალის ქვითაა ნაწყობი.

მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით 4 კილომეტრზე, ნასოფლარ ვარჯაანის ტერიტორიაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (8 X 4 მ), ნაგებია საშუალო და დიდი ზომის ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე მოზრდილი სარკმელია, რომლის ქვეშ კედელზე სატრაპეზო ქვაა მიდგმული. ეკლესიაში ყოფილა მოჩუქურთმებული ხის კანკელი (ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე წყვილი სამსაფეხურიანი პილასტრია, რომელზეც გადადის კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. ეკლესია შელესილი და მოხატული ყოფილა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჩასმულია ცისფერი ტუფის ფილა. ლავგარდანი შირიმისაა. ეკლესიის სახურავი ორფერდაა. ეკლესიას სამხრეთით ჰქონია მინაშენი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთით აქვს. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია ქვის ოთხკუთხა გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები).

წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით, თაგვიანთ უბანში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით, ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: გადახურვა და კედლის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. შვერილი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ მხარესაა. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. აფსიდის სარკმელში შემორჩენილია შელესილობა, რომელზეც მოხატულობის კვალი ჩანს.

წმ. ესტატეს ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით, ტყის პირას. თარიღდება X საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (9 X 5,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვის კვადრებით. დაზიანებულია: ჭერი ჩაქცეულია, აღმოსავლეთ ფასადი შუა ადგილზე გარღვეულია. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი სქელი მუხის მერქნისაა. ეკლესიას ადრე შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთის სარკმელი ამოშენებულია. ეკლესია გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით ორი მინაშენი ჰქონია. სამხრეთ მინაშენი მხოლოდ ერთი კედელია შემორჩენილი, ჩრდილოეთისა ნახევრად დანგრეულია. ეკლესიის ირგვლივ, გალავნის მხოლოდ საძირკველია გადარჩენილი.

წმ. მარიამის ეკლესია დგას ხოკერაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია, მცირე ზომისა. ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია ნანგრევები. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია.

წმ. მარინეს საყდარი დგას სოფლის განაპირას, ხოკერაანთ უბანში. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია ( 11,5 X 6,4 მ), ნაგებია უხეშად გათლილი საშუალო და მოზრდილი ქვებით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა და კონქი, ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი, აღმოსავლეთ ფასადი გაბზარულია: ეკლესია ქვა-ღორღითაა ამოვსებული. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი ორივე მხრიდან სწორკუთხაა და გადახურულია არქიტრავით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს ღრმა სწორკუთხა ნიშები. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით; მისი იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია.

ჭოტისუბნის წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით 6 კილომეტრზე, ბორცვზე. თარიღდება X საუკუნით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია დიდი ზომის ქვის ბრტყელი ფილებით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩანგრეულია სახურავი და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი; მხოლოდ აღმოსავლეთ კედელს აქვს შემორჩენილი პერანგის ნაწილი და ერთი პატარა სარკმელი. ეკლესია ამოვსებულია მიწითა და ნანგრევებით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარის არქიტრავზე ხუთსტრიქონიანი წარწერაა, რომელიც ძნელად იკითხება. მასში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი ვინმე გაბრიელ გალატოზი. წარწერის ორივე მხარეს გამოსახულია ჯვრები, რომელთა მხრები და თავი წყვილბოლოიანია და სტილიზებული ფრთების გამოსახულებითაა დასრულებული. მეორე, შედარებით მცირე ზომის დაზიანებულწარწერიანი ქვა დარბაზის ჩრდილოეთ კედელშია ჩატანებული.

წყარო