პალიკო კუბლაშვილი: ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობას არ იმსახურებს...

  17:31:58     26-03-2012

ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი 5 აპრილამდე მიიღებს. როგორც „პრესა.ჯი-ს“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პალიკო კუბლაშვილმა განუცხადა, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, სამართლებლივია და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით მიიღებს.

მისი თქმით, ივანიშვილმა, ქვეყნის მოქალაქეობა ორჯერ დაკარგა და ეს იურიდიული საკითხია, რომელიც პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიაზე არ არის დამოკიდებული.

„ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა, კანონის ძალით ჩამოერთვა და არა რაიმე სხვა ხერხით. პრეზიდენტის გადაწყვეტილება როგორი იქნება, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ადამიანი, რომელიც თავისი ქმედებით, საქართველოს მოქალაქეობას ორჯერ ზედიზედ დათმობს და ამ სტატუსს არ გაუფრთხილდება, ჩემი პირადი შეფასებით, დადებით გადაწყვეტილებას, არ იმსახურებს“ - აცხადებს კუბლაშვილი.

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს სამართლებლივ ჭრილში განიხილავს უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გოკა გაბაშვილიც. მისი თქმით, ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის მინიჭების თემა, იურიდიული საკითხია.

„მან მოქალაქეობა თავისივე ინიციატივით დაკარგა. ივანიშვილის მსგავსად, სამართლებლივი ნორმები, ასობით სხვა მოქალაქეს შეეხო და მას განსხვავებულად ვერ მოვეპყრობოდით. ამ საკითხს, პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს“ - დასძინა კანონმდებელმა.

შეგახსენებთ, რომ  ივანიშვილის პრეს-სპიკერის, მაია ფანჯიკიძის მტკიცებით, მისი ლიდერის მოქალაქეობის საკითხი დადებითად გადაწყდება. ფანჯიკიძის აზრით, „ხელისუფლება იძულებული იქნება, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგინოს“.