ვახტანგ VI – „შვიდთა მთიებთა ბუნება“ (გარდაცვალების დღისადმი)
04:11:57     26-03-2012
1737 წლის 26 მარტს ასტრახანში გარდაიცვალა მეფე-პოეტი ვახტანგ VI. ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, მეფე 1716-1724 წლებში. ქართლის მეფის, გიორგი XI-ის ძმის, ლევან ბატონიშვილისა და თუთა ქაიხოსროს ასული გურიელის ძე.
მომავალი მეფე დაიბადა 1675 წელს. მან შესანიშნავი განათლება მიიღო ბიძამისის სამეფო კარზე. მისი ერთ-ერთი პედაგოგი სულხან-საბა ორბელიანი გახლდათ.
1700-1712 წლებში ის ქართლის გამგებელი, „ჯანიშინი“ იყო, ვინაიდან ჯერ მისი ბიძა გიორგი XI და მერე მისი უფროსი ძმა, ქაიხოსრო, ქართლის მეფეები, ირანის შაჰს, თავისთან, სამხედრო სამსახურში ჰყავდა დატოვებული. 1709 წელს გიორგი XI, ხოლო 1711 წელს მეფე ქაიხოსრო ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.
თავისი მმართველობის ხანაში ვახტანგმა მეექვსემ ბევრი დიდებული საქმე გააკეთა. შეადგინა სწავლულ კაცთა კომისია, დაარსა სტამბა, გამოსცა წიგნები, მათ შორის „ვეფხისტყაოსანი“ კომენტარებით; მისი მეფობის დროს დაიწერა XIV-XVII საქართველოს ისტორია („ახალი ქართლის ცხოვრება“), შეიქმნა საკანონმდებლო წიგნები, აშენებდა მონასტრებს, იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის, ებრძოდა ირანულ-ყიზილბაშურ წესებს, შექმნა "მცველთა ჯარი" ანუ სამეფო გვარდია, ცდილობდა ურჩი ფეოდალების დამორჩილებას, აკრძალა ტყვეთა სყიდვა, იღწვოდა სამეფოს სამეურნეო-ეკონომიურ და კულტურულ განვითარებისათვის, აღადგენდა ქალაქებს, სოფლებს, ქარვასლებს, ხიდებს, გაჰყავდა გზები, არხები.... 1707 და 1711 წელს ოთხჯერ ილაშქრა ოსეთში (ნამდვილ ოსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში) და დაანგრია მრავალი იქაური ციხე.
მეფე ქაიხოსროს დაღუპვის მერე, 1712 წელს ვახტანგი ისპაჰანში ჩავიდა ქართლის მეფედ, „ვალად“ დასამტკიცებლად. შაჰმა გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგმა უარი უთხრა. მაშინ ვახტანგის მაგიერ მისი ნახევარძმა, გამაჰმადიანებული იესე ალი-ყული ხანი გამოაგზავნა შაჰმა ქართლის მეფედ. ვახტანგი გადასახლებული იყო ქირმანში. ბევრი ეცადა, სამეფო ტახტი დაებრუნებინა სარწმუნოების შეცვლის გარეშე, ამ მიზნით ევროპაში მივლინებული ჰყავდა სულხან-საბა ორბელიანი, რათა საფრანგეთის მეფეს და რომის პაპს მოეთხოვათ ირანის შაჰისთვის, ვახტანგი გამაჰმადიანების გარეშე ასულიყო ტახტზე...
მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს იძულებული გახდა 1716 წლის 1 ივლისს, შაჰის წინადადებას დათანხმებოდა. იმ დღესვე გაუკეთეს წინადაცვეთა. პოლონელ მისიონერს თადეუშ კრუსინსკის ვახტანგ მეფემ უთხრა: „ქრისტე მაცხოვარს ეკუთვნის ჩემი სხეული, ხოლო მაჰმადს კი სხეულის ის ნაწილი (მოკვეთილი), რომელიც მისი სექტის ნიშანიაო“.
მიიღო სახელი „ჰუსეინ-ყული ხანი“, სპარსეთის მთავარსარდლობა, თავრიზისა და ბარდის ბეგლარბეგობა. 1716 წლიდან ქართლის მეფეა. 1721 წელს დადო სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება რუსეთან, ირანის წინააღმდეგ საომრად. მაგრამ, პეტრე I აღმოსავლეთ საქართველო თურქეთის საკუთრებად ცნო. თურქებს არ აწყობდათ ვახტანგ მეფე, მათ თავისი კანდიდატი იესე ჰყავდათ...
მეფე ვახტანგ მეექვსე 1200 კაციანი ამალით რუსეთს გაემგზავრა, რათა იქ პოლიტიკური დახმარება მიეღო. მაგრამ დიდი ხნის ცდამ ფუჭად ჩაიარა და, როგორც ვთქვით, 1737 წლის 26 მარტს, ასტრახანში გარდაიცვალა. დაკრძალეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
უდიდესია ვახტანგ VI დამსახურება ქართული ლიტერატურისა და საერთოდ, ქართული კულტურის, საქართველოს წინაშე. წერდა, თარგმნიდა, სხვებსაც ავალებდა ეწარმოებინათ ლიტერატურული თუ სხვა კულტურულ-ინტელექტუალური საქმიანობა.
თარგმნა დიდაქტიკური „ქილილა და დამანა“, რომლის წინა ქართული თარგმანი მას არ მოსწონდა. ქირმანში გადასახლებისას თარგმნა ეს იგავ-არაკთა კრებული. მერე კი რედაქტირება ონანა მდივანს და სულხან საბა ორბელიანს მიანდო.
გამოკრებით თარგმნა ქეი-ქაუსის დიდაქტიკური „ყაბუს-ნამე“, რომელსაც „ამირ-ნასარიანი“ უწოდა. ჯერ დედნისეულად გადმოიღო, მერე კი გალექსა.
ვახტანგ მეფემ გალექსა ერასტი თურქესტანიშვილის მიერ რუსულიდან პროზაულად გადმოღებული დიდაქტიკურ-განმანათლებლური შინაარსის თხზულება „აპოფთეგმატა“ და „სიბრძნე მალაღობელი“ უწოდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი შესანიშნავი პოეზია, გამსჭვალული ქრისტიანული მრწამსით. ვახტანგ მეექვსის პოეზიამ დიდი გავლენა იქონია ქართული ლიტერატურის განვითარებაზე. ის ახალი ქართული ლიტერატურის სათავეებთან დგას.
შვიდთა მთიებთა ბუნება
ყამარ მთვარევ, შეიბრალე მოგზაური, წილნი შენი.
ოტარიდო ერმის გვედრებ, ვის შეჰქნია წერის სენი.
ზოჰარი და აფროდიტე მკურნალ იქმენენ, ჭირთა მლხენი.
შამს და მზეო, გაუმრავლე მეფეთ დღეთა სიცოცხლენი!
ეჰა, მარიხო, არიავ ,მიეც მხედართა ძლევანი!
მუშთა და დიამ ნუმც უყოს ვზირთ სიტყვისა ლევანი.
ზუალმან კრონოს მიხედოს, ვის აქვს ხვნა, მიწათ კვლევანი.
მე არც ერთის ვარ მოწილე, რად ვლექსო, რად მაქვს რევანი?
ვთქვა შვიდ მთიებთა ბუნება არაბთ და ქართველთ ენითა:
მზეს შამს უწოდენ არაბნი, მეფეთზედ არს მოქენითა.
მთვარე მოგზაურთ მფლობელი, ყამარ თქვეს მისვე სენითა,
ასპიროზ-აფროდიტემან მკურნალს სცეს ლხენა სენითა.
ოტარიდო, ერმით თქმულო, მწერალთ მიეც წერის ლხენა.
არიაი მარიხს ქვიან, მხედრის მფლობით ნუმც არს სენა.
დიავ, მუშთარ ხსენებულო, მრჩეველთ მიეც სიტყვა, სმენა.
ზუალ, კრონოს, მუშთარ-ზურგო, მიეც წვიმა, წყლისა დენა.
ვაქო მომგონი საქები, ჩემთვის მოწყალედ თქმულია,
მამცემი ლხინთა დიდ-დიდთა, ვარ მისთვის სულწასულია,
მაგრამ გარჯილო სოფლისგან, თაო, ხარ დადაგულია,
ღამე უძილო, დღე მშრომი, ძრახვისგან გაბასრულია...