დიმიტრი თავდადებული: „დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს“
12:08:45     24-03-2012
საქართველოს ეკლესია 12 (ახალი სტილით 25) მარტს აღნიშნავს წმინდა მეფის, დიმიტრი II თავდადებულის ხსენების დღეს.
1270 წელს მეფე დავით VII ულუ გარდაიცვალა. მისი უფროსი ვაჟი, გიორგი მამის სიკვდილამდე გარდაიცვალა. უმცროსი ვაჟი, აწ უკვე ტახტის მემკვიდრე დემეტრე უფლისწული, ამ დროს 11 წლის იყო. ობოლ უფლისწულს ტარსაიჭ ორბელი ზრდიდა, მისი დედა, გვანცა დედოფალი ურდოში მოკლეს მონღოლებმა. 1271 წელს მონღოლთა ყაენმა აბაღამ დემეტრე მეფედ დაამტკიცა.
დემეტრე მეფეს და ქართველ ჯარისკაცებს უწევდათ მონღოლთა ომებში მონაწილეობა. 1282 წელს მონღოლთა ილხანური ურდოს ყაენი გახდა აჰმადი. მან დაამოყვრა დიმიტრი მეფე დიდ ნოინთან, ბუღასთან. ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დემეტრეს ასული რუსუდანი.
მალე აჰმადი მოკლეს და ილხანთა ყაენი გახდა აბაღა ყაენის ძე არღუნი. 1288 წელს არღუნმა ბუღა ნოინი ღალატისთვის სიკვდილით დასაჯა, როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, „განუკითხავად“. მოკლეს ბუღას ვაჟი, ყველა ახლობელი, ნათესავი და მის მიერ დაწინაურებული მოხელე. დემეტრე მეფეც იხმეს ურდოში.
ყველა ხვდებოდა, რომ საქართველოს მეფეს სიკვდილი ელოდა.
შეიკრიბა სამეფო დარბაზი და მეფეს სთხოვეს, არ დამორჩილებოდა ყაენის ბრძანებას, გახიზნულიყო მთიულეთში ან დასავლეთ საქართველოში, სადაც მონღოლები ვერ ახერხებდნენ შესვლას. მაგრამ დიმიტრი მეფემ არ ჩააგდო ხიფათში თავისი ხალხი, რომელთაც, ასეთ შემთხვევაში, თავს დაატყდებოდა მონღოლთა რისხვა...
დიმიტრი მეფე გაემგზავრა ურდოში... სადაც შეეწირა კიდეც მეფის სიცოცხლე მის საყვარელ ქართველ ხალხს...
ეს შესანიშნავადაა მოთხრობილი „ქართლის ცხოვრებაში“...
პრესა.გე-ს მკითხველს ვულოცავთ წმინდა დემეტრე თავდადებულის ხსენების დღეს!
ქართლის ცხოვრება
(ნაწყვეტი)
და ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი მრავალნი და რაჟამს წელიწდისა თავი მოიწია, რომელსა ურდსინგად უწოდდეს, რომელ არს ენითა მათითა, რომელი იქმნების მარტსა თხუთმეტსა, მიავლინა ყაენმან ნოინი, და დაესხნეს ბუღას და შეიპყრეს, და აღიღეს. ყოველი სიმდიდრე მისი, და მოიყვანეს წინაშე ყაენისა, და მან მსწრაფლ ბრძანა განუკითხავად მოკლვა მისი და ძისა მისისა. და მოაკუდინა ბუღა, და ყოველნი ნათესავნი მისნი. წარავლინეს ყოველგან კაცი, საბერძნეთს, შამს და ხუარასანს, და მრავალნი დიდნი ნოინნი მოსწყჳდნეს, და ესრეთ შეიქმნა კლვა და მოსრვა ნოინთა. და წარმოავლინა ელჩი მეფისად მჴმობელმან ყაენმან, და აწჳა ურდოსა მეფე ხოლო ვითარ ცნა სიკუდილი ბუღასი მეფემან, დაუმძიმდა დიდად. და მოაწოდა მეფემან კათალიკოსსა აბრაჰამს და ეპისკოპოსთა, მონასტერთა და უდაბნოთა გარესჯისა მღდელმონაზონთა, და ყოველთა მთავართა სამეფოსა მისისათა. შემოკრბეს მის წინაშე, დაჯდა და ტახტსა ზედა დასხდეს ყოველნი დიდებულნი თჳს-თჳსად, და აღაღო მეფემან პირი თჳსი და ბრძანა:
„ისმინეთ ჩემი, ყოველთა კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და წარჩინებულთა სამეფოსა ჩემისათა, ვითარმედ შეისუენა მამამან ჩემმან, დავშთი ყრმა მცირე მძლავრებასა შინა თათართასა, და ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან, და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან, და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა, და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა, და თანადგომითა [თქუენითა] წარვმართე მეფობა, და აქამომდე მშჳდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი, და ყოველი მთავარი მისი მოუწყუედიან, და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთჳს, თუ არა წარვიდე ურდოსა. და წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა, და დავიცვა თავი ჩემი, და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოჴრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსრვიან. და უკეთუ წარვიდე ყაენს წინაშე, დასტურობით უწყი მომკლავს. და აწ სიბრძნითა თქუენითა განაგეთ საქმე ესე, რამეთუ მე ესრეთ ვგონებ:
მრავალმღელვარე არს საწუთო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ, დღენი ჩუენნი სიზმრებრ და აჩრდილებრ წარვლენ, და უნებელ და მსწრაფლ თანა-გუაც წარსლვა სოფლისა ამისგან. რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე ტჳრთ-მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ რომე ქუეყანა უვნებელად დარჩეს“.
ხოლო ვითარ ესმათ კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და მოძღუართა და მთავართა, განკჳრდეს, თუ ვითარ დადვა მეფემან სული თჳსი ერისა მისისათჳს, და ესრეთ პასუხი უგეს:
„არა არს ნაცვალი შენი, მეფეო. გაშოროს ღმერთმან მოკლვა თათართაგან. მოოჴრდეს ქუეყანა და შვილნი შენნი მიმოდაიბნევიან. თუ ქუეყანაცა დაშთების, რა არს ნაცვალი შენი? აწ გეზრახებით, რათა წარხვიდე სიმაგრეთა მთიულეთისათა, ანუ აფხაზთასა, ვითარ ქმნა მამამან შენმან, და არა საჭირო არს განწირვა თავისა შენისა შენგან. ჩუენ ყოველნი მტკიცედ ვჰგიეთ ერთგულებასა“.
ვითარცა ესმა მეფესა, თქუა:
„თქუენ ერთგულებისა და სიყუარულისა ჩემისათჳს იტყვით, გარნა მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად უღონო არიან, და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა, და არ დავიშლი ურდოს წასვლასა“. მაშინ განკჳრვებულნი ყოველნი აღდგეს, და რქუა აბრაჰამ კათალიკოსმან:
„არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია, და დაუცავს თავი თჳსი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათჳს, ჩუენ ყოველნი ეპისკოპოსნი ვიტჳრთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისათჳს“. და უკეთუ ერთისა მოყუსისა[თჳს] სულისა დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს“.
ხოლო ვითარცა ესმნეს მეფესა კათალიკოსისაგან, განიხარა და დაასკუნა წარსლვა ურდოსა...