რობერტ ბერნსის „ფერმერი იყო მამაჩემი კერიკის პირად…”

  09:50:42     23-03-2012

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უკვე გვაქვს დიდი შოტლანდიელი პოეტისა და ფოლკლორისტის, რობერტ ბერნსის (Robert Burns, გელურად - Raibeart Burns) რამდენიმე ნაწარმოები.

რობერ ბერნსი ძალიან ბევრს ნიშნავს შოტლანდიელებისათვის, და არა მარტო მათთვის, თავისუფლებისა და პატიოსნების, კეთილშობილი შრომის მეხოტბე რობერტ ბერნსი ლიტერატურის მოყვარულთათვის ძალიან ძვირფასია მთელ მსოფლიოში. როდესაც რობერტ ბერნსის ლექსებს რომ კითხულობ, შესანიშნავად თარგმნილთ ქართულად, შეიძლება იფიქრო, რომ ის ქართველია.

დღეს, გვინდა ჩვენს მკითხველს შევთავაზოთ რობერტ ბერნსის კიდევ ერთი შესანიშნავი ლექსი „ფერმერი იყო მამაჩემი კერიკის პირად…”, რომელიც ჩვენი მშვენიერი პოეტის, მურმან ლებანიძის მიერ არის თარგმნილი.

რობერტ ბერნსი დაიბადა 1759 წლის 25 იანვარს პატარა დაბა ალოუეიში, ეირშირის საგრაფოს ქალაქ ეირთან (გელურად Inbhir Àir) ახლოს. მამამისი, უილიამ ბერნესი (William Burness) ღარიბი გლეხი იყო. ოჯახს უჭირდა. მომავალი პოეტი უფროსების მხარდამხარ შრომობდა.

1783 წლიდან წერდა ლექსებს. 1784 წელს გარდაიცვალა პოეტის მამა. რობერტმა სცადა მეურნეობისათვის მიეხედა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1786 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი: „პოემები, უმეტესად შოტლანდიურ დიალექტზე“ („Poems, Chiefly in the Scottish dialect“)... ამას მოჰყვა სხვა წიგნებიც. მალე მთელს შოტლანდიაში გაითქვა სახელი.

1787 წელს გადავიდა ედინბურგში. იქ გაიცნო ფოლკლორისტი ჯეიმს ჯონსონი, რომელთან ერთადაც გამოსცემდა კრებულს: „შოტლანდიური მუსიკალური მუზეუმი“ („The Scot’s Musical Museum“). ამ გამოცემაში გამოაქვეყნა მის მიერ გადამუშავებული არა ერთი შოტლანდიური ბალადა და თავისი ნაწარმოებები.

ცოტაოდენი ქონებაც დააგროვა. უნდოდა თავისი პატარა ქონება ფერმაში დაებანდებინა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა. 1791 წელს დაიწყო მუშაობა აქციზების შემგროვებლად.

ჰყავდა სამი ქორწინების გარეშე შობილი ქალიშვილი. 1787 წელს დაქორწინდა თავის ძველ შეყვარებულზე - ჯინ არმორზე, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი.

ბევრს მუშაობდა, მაინც ღარიბად ცხოვრობდა. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, ვალების გამო, კინაღამ ციხეში მოხვდა,

პოეტი გარდაიცვალა 1796 წლის 21 ივლისს დამფრისში, 37 წლის ასაკში. ერთ-ერთ მიზეზად, დაავადებებთან ერთად, ბავშვობაში გაწეული მძიმე ფიზიკური შრომა მიაჩნიათ ბიოგრაფებს.

„ფერმერი იყო მამაჩემი კერიკის პირად…”

(თარგმნა მურმან ლებანიძემ)

მე დავიბადე ათასთა მსგავსად
უბრალო გლეხის შვილად -
ფერმერი იყო და მზრდიდა მკაცრად
მამა კერიკის პირად.
მან დამიბარა: „გზა გიდევს ბრძოლის,
გროშიც ნუ გექნეს ხშირად,
ღირსება გქონდეს, გარეშე რომლის
კაცი არ ღირსო ჩირად!“

და დავადექი ცხოვრების ბილიკს
და მოვდიოდი ასე:
სიმდიდრე მძაგდა, დიდება ტკბილი
შორით მხიბლავდა ძალზე;
არა ვყოფილვარ სისხლით და ჯიშით,
ნიჭით ნაკლები სხვაზე,
არ დავდგომივარ ჩემს ბილიკს შიშით
და მოვდიოდი ასე.

ათასნაირად ხვედრს ვუტრიალე,
ბედს ვუპოტინე ხელი,
მაგრამ ჩვენს შორის ოხერტიალი
ვიღაც ჩამოდგა ბღვერით:
ხან მეგობარი მახვილს ჩამცდემდა,
ხან მამარცხებდა მტერი
და, იმედი რომ მწვერვალს აღწევდა,
თავს მემხობოდა ჭერი.

ბოლოს დაღლილმა, ბოლოს ძლეულმა,
რისხვით და ბოღმით სავსემ,
ფუჭ ოცნებებზე ხელჩაქნეულმა
ჩემს თავს ვუთხარი ასე:
- წარსული გახსოვს ავი და შავი,
ხვალეს ხომ ხვალე გვამცნობს,
აწმყო ხელთა გაქვს - აიღე თავი,
ადექ და მიჰყე აწმყოს!

მიმოიხედე - არც რის იმედი,
არც სამეგობრო კაცი!
ასე რომ, ოფლით მოციმციმეთი
და შენი შრომით გასწი!
ხვნის, თესვის, თიბვის გაგეგონება,
მეხრედაც ვარგხარ ღამის -
აი, ნიჭი და აი, ქონება
დანატოვარი მამის! –

და ვცხოვრობ ასე, სანამ ვარ ჯანზე
ხვნასა და ოფლის ღვრაში.
მე გამიდებენ ოდესმე მხარზე
და დავისვენებ მაშინ.
დღეს ჩემთვის ვციგნობ,
დარდს გულში ვიქრობ,
იმედს ვეტრფი და ხალისს,
დღეის დღით ვცხოვრობ, დღეისას ვფიქრობ,
ხვალემ იფიქროს ხვალის!

თუმც ბედი მიბღვერს და მიშარდება
და გზაში მიდგას გზირად,
ვარ გუნებაზე, - რომ ვერ ბრძანდება
იმპერატორიც ხშირად.
მამაჩემს ლუკმაპურიც უჭირდა -
მე პურს ვშოულობ ჩემთვის,
სხვა დანარჩენი არის ფუჭი და
კმაყოფილი ვარ ბედის.

და ვცხოვრობ შრომით, მიწასთან ომით,
სულს რომ მოვითქვამ წამით,
თავს დამატყდება შავბედი წყრომით,
რისხვით, გესლით და შხამით -
არ ვიცი, ჩემი სიკეთით მწირავს,
ანუ შეცდომით რამით...
მაგრამ შორს მაინც იმედი ბრწყინავს,
გულს არ გავიტეხ ამით!...

შენ კი, შენ, ვისაც სიმდიდრე გათრობს,
იხვეჭ და მაინც ეძებ,
ვერ გამძღარხარ და ცხრა იმდენს ნატრობ -
ბედნიერი ხარ ჩვენზე?!
მე გულმხიარულს ვადიდებ ღატაკს,
პატიოსანს და სათნოს -
ის მირჩევნია მქონებელ თახსირს,
მაგ ოქროვერცხლის პატრონს!