სტენდალი ნაპოლეონისა და ბეილის შესახებ
09:49:33     23-03-2012
1842 წლის 23 მარტს, პარიზში გარდაიცვალა სტენდალი.
სტენდალი მწერლის ფსევდონიმია, მისი ნამდვილი სახელია Marie-Henri Beyle. როგორც ლიტერატურათმცოდნეებმა გაარკვიეს, ანრი ბეილს 200-მდე ფსევდონიმი გამოუყენებია, სტენდალის გარდა. “მე ვცდილობდი დავნათესავებოდი ვინმე სხვის ხასიათს, მექცია ის ჩემად და ამით მიმეღწია წარმატებისთვისო” – წერდა ის. თუმცა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ანრი ბეილი სტენდალის დიდი სახელითაა ცნობილი.
ანრი ბეილი დაიბადა 1783 წელს გრენობლში, ადვოკატ შერიუბენ ბეილის ოჯახში. 7 წლისას დედა გარდაეცვალა. დეიდა და მამა ზრდიდნენ. მაგრამ, თავის აღმზრდელად პაპას, ანრი განიონს თვლიდა. პაპას განმანათლებლები მოსწონდა.
ანრი ბეილი გრენობლის სკოლაში სწავლობდა სამი წელი. 1799 წელს პარიზში გაემგზავრა პოლიტექნიკურ სკოლაში სასწავლებლად. ამის მაგიერ, ნაპოლეონის პიროვნებით აღფრთოვანებული არმიაში შევიდა. 1802 წელს არმიიდან წამოვიდა და პარიზში თვითგანათლებას მიჰყო ხელი. შეისწავლა ლიტერატურა, ფილოსოფია, ინგლისური ენა და სხვა.
ლათინური სკოლაში ჰქონდა ნასწავლი. ცოტა ხანს მარსელში იმსახურა. 1805 წელს არმიაში დაბრუნდა. სამსახურებრივი მოვალეობის გამო მოიარა იტალია, გერმანია, ავსტრია. ნაპოლეონს რუსეთის წინააღმდეგ ომშიც ახლდა. ნახა როგორ იწვოდა მოსკოვი.
ანრი ბეილს გული გაუტყდა, როცა ბურბონების რესტავრაცია მოხდა. მიატოვა არმია და მილანში წავიდა. იქ იპოვა დიდი სიყვარული, მიუწვდომელი, რომელიც მალე მოუკვდა. იტალიაში დაწერა რამდენიმე აღწერითი ხასიათის წიგნი იტალიურ კულტურაზე. იქვე გაიცნო ბაირონი...
სტენდალი, როგორც მწერალი, სიცოცხლეში აღიარებას, ვერ ეღირსა. მაგრამ, მხოლოდ საზოგადოებისგან. გენიოსებმა გაცნობისთანავე დააფასეს მისი ტალანტი. 1817 წელს გამოქვეყნდა სტენდალის "რომი, ნეაპოლი და ფლორენცია”. ეს პატარა წიგნი, ფაქტიურად ცნობარი იყო ტურისტებისთვის. წიგნი წაიკითხა დიდმა გოეთემ და აღფრთოვანდა.
საბერძნეთში გამგზავრების წინ ბაირონმა, რომელიც დიდად აფასებდა, მისწერა ანრი ბეილს: “ მე შემთხვევა მქონდა გამეცანით თქვენი წიგნებით: “რომი, ნეაპოლი, ფლორენცია”, “მოცარტისა და ჰაიდნის ცხოვრება” და პატარა გამოკვლევით როსინის შესახებ. მე ჯერ არ მქონია ბედნიერება წამეკითხა თქვენი წიგნი “ფერწერის ისტორია”.
საინტერესოა, რომ იმ დროისათვის სტენდალს ჯერ მხატვრული ნაწარმოებები გამოქვეყნებული არც ჰქონდა. მას აქებდა პუშკინიც და სხვები, მაგრამ, ითვლება, რომ მისი ტალანტი აღმოაჩინა დიდმა ბალზაკმა: “ბატონი ბეილი ჩვენი დროის უდიდესი ადამიანია”. ბალზაკმა ეტიუდი უძღვნა სტენდალის შემოქმედებას. მაშინ სტენდალი იტალიაში იყო კონსულად. როცა ეტიუდი მიიღო და წაიკითხა, ძალიან გაუხარდა, არ ელოდა ასეთ აღიარებას და საპასუხოდ გულაჩუყებულმა მისწერა ბალზაკს: “თქვენ, ალბათ, შეგეცოდათ ქუჩაში მიტოვებული ობოლი ბავშვიო”.
როგორც ვთქვით, სიცოცხლეში აღიარება მხოლოდ გენიოსებისგან მიიღო. სახელმწიფო არ ენდობოდა, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, საზოგადოებამ ვერ დაინახა... ჯერ კიდევ 18 წლისას უთქვამს, მე დაახლოებით 1880 წლიდან გავითქვამ სახელსო. მართლაც, 1880 წელს პარიზში ახალი გზები გაჰყავდათ, მონმარტრის სასაფლაოზე უნდა გაევლო ერთ-ერთ გზას. იქ მშენებლებს დახვდათ ვინმე მილანელი არიგო ბეილეს საფლავი. მაშინ არ იცოდნენ, რომ “ფსევდონიმიან” საფლავში დიდი ფრანგი განისვენებდა.
დაახლოებით იმავე დროს, გრენობლის ბიბლიოთეკაში გახსნეს ხის ყუთები, რომელშიც სტენდალის ხელნაწერები იდო, რომელიც თვითონ, სიკვდილის მოახლოების შეგრძნების გამო გადასცა ბიბლიოთეკას...
სტენდალი ნაპოლეონზე წერდა:
„ჩვენს თვალში დანარჩენი ევროპის მკვიდრნი... მუდამ სიბრალულის ღირს ბრიყვებადღა რჩებოდნენ მხოლოდ... იმხანად ყველა დაიმორჩილა იმ ღრმა გრძნობამ, რომლის ვერავითარ კვალსაც დღეს ვეღარ ვგრძნობ. დაე, მკითხველი, თუკი იგი ორმოცდაათ წელზე ახალგაზრდაა, შეეცადოს თვითონვე წარმოიდგინოს წიგნების წყალობით, რომ ჩვენ, 1794 წელს, არავითარი რელიგია არა გვქონია; მთელი ჩვენი უნეტარესი და უღრმესი გრძნობანი მხოლოდ ერთ შეგრძნებას შეეპყრო: მამულს გამოვდგომოდით.
დანარჩენი - ტანსაცმელი, საკვები, კარიერა - ჩვენს თვალში მხოლოდ უმნიშვნელო, გასაცოდავებულ წვრილმანად რჩებოდა. რაკი საზოგადოება აღარ არსებობდა, მაშასადამე, ამ საზოგადოებაში წარმატებაც მოისპო.
კედლებზე ნორჩი მედოლე ბარას ხსოვნისადმი გაკეთებული წარწერების კითხვისას ვტიროდით ქუჩებში (ცამეტი წლისამ სიცოცხლე გაწირა, უკანასკნელ წუთამდე არ შეუწყვეტია დოლის ცემა, რათა თავისიანებისთვის მტრის მოულოდნელი თავდასხმა შეეტყობინებინა). ათასგვარი ზეიმი, ხშირი და ამაღელვებელი ცერემონიები ჩვენ, ვისაც სხვაგვარი ხალხმრავალი თავყრილობები არასოდეს გვენახა, ისეთ გრძნობებს გვიღვიძებდა, სხვა ყველაფერს რომ ერთიანად ჩრდილავდა.
ჩვენი ერთადერთი რელიგიაც ეს იყო, როცა ნაპოლეონი გამოჩნდა და წერტილი დაუსვა დაუსრულებელ დამარცხებებს,თავს დირექტორიის უნიჭო მთავრობამ რომ მოგვახვია, ამ აქტში ჩვენ მხოლოდ სამხედრო დიქტატურის აუცილებლობა განვჭვრიტეთ. იგი გვამარჯვებინებდა და მის ყოველ მოქმედებასაც იმ რელიგიის კანონების მიხედვით ვაფასებდით, ბალღობიდან რომ მღელვარებით გვიჩქარებდა გულის ცემას: ამ დიქტატურაში თაყვანისცემის ღირსად სამშობლოსათვის სარგებლობის მოტანას ვხედავდით მხოლოდ...
თვით ტიულრშიც კი, იმათ შორის, ვისაც გულწრფელად უყვარდა ნაპოლეონი, ისეთებიც იყვნენ, რომლებიც, როცა გრძნობდნენ თავისიანების წრეში ყოფნას, იმპერატორის ნამოქმედარს მხოლოდ სამშობლოსათვის სარგებლობისათვის მოტანით ხსნიდნენ. ასეთები იყვნენ: დიუროკი. ლავალეტი, ლანი, და კიდევ რამდენიმე სხვა; ასეთები იქნებოდნენ, უდავოდ, დეზე და კაფარელი-დიუფალგა; და საოცარია, მაგრამ თვითონ ბეილიც სწორედ ასეთი იყო, რადგან მას საფრანგეთი შეყვარებული მამაკაცის მთელი ერთგულებით უყვარდა“.