ჯარისკაცების სიმღერა გოეთეს „ფაუსტიდან“ (გარდაცვალების დღისადმი)
10:17:58     22-03-2012
გერმანელი ხალხის წარმოდგენაში დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნიაობას. წელიწადში ორჯერ, 22 მარტს და 23 სექტემბერს დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია. გარდა ამისა, 22 ივნისს დღე ყველაზე გრძელია, 22 დეკემბერს კი ყველაზე მოკლე. წელიწადშო ოთხჯერ, გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში, ბუნიაობისას, გერმანელები გადიან ბუნებაში და ხვდებიან განთიადს, სინათლეს, მზეს...
როცა ეს გამახსენდა, ჩემთვის ნათელი გახდა რატომ თქვა გოეთემ სიკვდილის წინ: „დარაბა გამოაღეთ, მეტი სინათლე შემოვიდეს!“, ის ხომ 22 მარტს გარდაიცვალა, გაზაფხულის ბუნიაობისას...
ეკერმანთან ერთ-ერთი ბოლო საუბრის დროს, 1832 წლის 11 მარტს, დიდმა გოეთემ განაცხადა:
„თუ ვინმე მკითხავს, არისო თუ არა შენს ბუნებაში მზის თაყვანისცემა, ვუპასუხებ: სავსებით და უდავოდ! რამეთუ ესეცაა უზენაესის თავისებური გამოცხადება, ყოველ სხვა არსზე ძლიერი და დიადი, რაიც მიწის შვილებს მოგვევლინა შუქის სახით. მე მზეში თაყვანს ვცემ შუქს და უზენაესის შემოქმედ ძალას, რომლის წყალობითაც სიცოცხლე გვენიჭება ჩვენ, და ჩვენთან ერთად ყველა მცენარესა თუ ცხოველს".
დიახ, 1832 წლის 22 მარტს ვაიმარში გარდაიცვალა კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, მწერალი და მოაზროვნე იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე.
15 მარტს გაცივდა. იმედი ჰქონდა გამოვჯანმრთელდები, ავდგები და სამუშაოს განვაგრძობო. თუმცა, კატარული ციება ჰქონია, ექიმებს იმედი აღარ ჰქონდათ. გავიდა რამდენიმე დღე.
22 მარტს, დილის 6 საათზე მოითხოვა ამყენეთო და კაბინეტში გაიარ-გამოიარა. სისუსტე იგრძნო და დააწვინეს. იმედს მაინც არ კარგავდა, გაზაფხულდა და კარგად ვიქნებიო. მზის ამოსვლისას უფრო და უფრო დასუსტდა. ექიმის განკარგულებით ფარდებით დააბნელეს ოთახი. ალბათ, მზემ არ შეაწუხოს, დაისვენოსო.
"შემოუშვით მეტი სინათლე” - წამოიძახა.
მერე წყალგანარევი ღვინო მოითხოვა. შემდეგ ჩასთვლიმა. რომ გაიღვიძა, ოდნავ წაიხემსა, ისევ წყალგანარევი ღვინო მიართვეს.
მერე შილერი ახსენა, თავისნაირი გენიოსი, უკვე გარდაცვლილი. შემდეგ მიუბრუნდა მსახურს და უთხრა:
"დარაბა გამოაღეთ, მეტი სინათლე შემოვიდეს”!
ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები, რაც წარმოთქვა. ენა ჩაუვარდა. ამის მერე ჰაერში თითს ავლებდა, წერდა რაღაცას. ხელი დაეღალა და საბანზე განაგრძო წერა თითით. როგორც თვითმხილველები მერე ყვებოდნენ, თვით სასვენ ნიშნებსაც კი არ ტოვებდა. როგორც ჩანს გონზე იყო უკანასკნელ ამისუნთქვამდე და კაცობრიობისთვის უნდოდა დაეწერა, ეცნობებინა, როგორ მივიდა მასთან უზენაესის თავისებური გამოცხადება - სინათლე და როგორ მიიწვია თავისთან...
დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა ნაწყვეტი გოეთეს უკვდავი ქმნილებიდან - „ფაუსტი“, კერძოდ ჯარისკაცების სიმღერა, რომელიც თარგმნა გიორგი ჯორჯანელმა. ამ პატარა ნაწყვეტში, რომელიც დამოუკიდებელი ლექსია, ჯერისკაცები მღერიან გოგონების შესახებ და გოგონების „იერიშით აღებაზე“, ვითარცა ციხეებისა...
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (Johann Wolfgang von Goethe) დაიბადა 1749 წლის 28 აგვისტოს მაინის ფრანკფურტში.
"1749 წლის აგვისტოს 28-ს, შუადღეს, 12-ჯერ დაჰკრა კედლის საათმა და მეც მოვევლინე ქვეყანას მაინის ფრანკფურტში" - წერდა დიდი პოეტი.
მამა, იოჰან კასპარ გოეთე იყო სახელმწიფო მრჩეველი, ადვოკატი. დედას კატარინა ელიზაბეთი ერქვა. მამა იყო მომთხოვნი, პედანტი კაცი და ძალიან წესიერი ადამიანი. დედამ შეაყვარა ისტორია, კითხვა.
ოჯახში ჰქონდათ დიდი ბიბლიოთეკა. იქ გაიცნო გოეთემ ჰომეროსი, ოვიდიუსი, ვერგილიუსი. 1755 წლიდან მოუყვანეს სახლში მასწავლებელი. გერმანულის გარდა ასწავლიდნენ ლათინურს, ბერძნულს, ფრანგულს და იტალიურს. ასევე სწავლობდა ცეკვას, ფარიკაობას.
1765 წელს ჩააბარა ლაიპციგის უნივერსიტეტში, შემდეგ სტრასბურგში სწავლობდა, სადაც დაიცვა დისერტაცია და გახდა სამართლის დოქტორი.
სამართალზე მეტად მედიცინა აინტერესებდა. სიყმაწვილიდანვე წერდა ლექსებს...
გავიდა დრო, გერმანიის, და არა მარტო გერმანიის, არამედ მთელი ევროპისა და მსოფლიოს, კულტურაზე დიდად იმოქმედა „ქარიშხლისა და შეტევის“ ეპოქის ერთ-ერთმა უმთავრესმა ლიდერმა...
ფაუსტი
(ნაწყვეტი)
ჯარისჯაცები
(მღერიან)
ციხე-კოშკებს, ქონგურებით
საიმედოდ დაცულებს,
დამცინავ და მიუდგომელ
პირმშვენიერ ქალწულებს....
გვსურს ვეკვეთოთ და ფიცხელი
იერიშით ავიღოთ,
თუნდ ამისთვის მსხვერპლად ჩვენი
სიცოცხლეც კი გავიღოთ.
როცა გვესმის მოწოდება
დაფისა და ბუკისა,
არემარეს აზანზარებს
ზმები ნაგაბუგისა.
ჰე, მაღალი ჯილდოსათვის
კაცი რას არ გაწირავ...
მოკვდი, მაგრამ გაიმარჯვე,
თუკი ჯარისკაცი ხარ!
გოგონებს და სიმაგრეებს
იერიშით ავიღებთ
და აქედან ტკბილსახსოვარ
მოგონებებს წავიღებთ.