„პუტინის მტრები ერთმანეთის მიყოლებით კვდებიან“...

  09:02:49     22-03-2012

სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა რუსეთში ცნობილი პოლიტიკოსი და ვლადიმერ პუტინის აქტიური მოწინააღმდეგე მარინა სალიე.

„გარდაიცვალა მარინა სალიე, რომელმაც ამხილა პუტინი“, „პუტინის მტრები ერთმანეთის მიყოლებით კვდებიან“, „სალიეს გულმა ვერ გაუძლო პუტინის გამარჯვებას“ და ა.შ… - ასეთი სათაურებით იუწყებიან რუსული გამოცემები სალიეს გარდაცვალების შესახებ.

რუსეთის ყოფილი სახალხო დეპუტატისა და სანკტ-პეტერბურგის ქალაქის საბჭოს ექს-დეპუტატის, მარინა სალიესა და ვლადიმერ პუტინის „მტრობას“ საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს, რომელიც 90-იანი წლებიდან იწყება. სალიე ის ადამიანი იყო, რომელმაც რუსეთის ახალი პრეზიდენტი, მაშინ კი სანკტ-პეტერბურგის მერიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი, მილიონობით დოლარის მაქინაციებში ამხილა.

„მხილების ისტორია“ კარგა ხანს გრძელდებოდა. პუტინის დაწინაურების შემდეგ კი სალიე მიხვდა, რომ გარკვეული პერიოდით უნდა „გარიდებულიყო და გაჩუმებულიყო“. თუმცა ცოტა ხნის წინ, ის ოპოზიციის 4 თებერვლის მიტინგზე მაინც გამოჩნდა, სიტყვით გამოვიდა და ვლადიმერ პუტინი კვლავ დაადანაშაულა სახელმწიფო სახსრების დატაცებაში.

ზუსტად თვენახევარში, ის ინფარქტით გარდაიცვალა. ამ დამთხვევას მოსკოვში ხაზს უსვამენ…

მარინა სალიე  1992 წელს, სანკტ-პეტერბურგის ქალაქის საბჭოში თავმჯდომარეობდა კომისიას, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, რათა მერიაში ვლადიმერ პუტინის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდის საქმიანობა გამოეძიებინა. კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ პუტინმა და მისმა მოადგილემ ალექსანდრ ანიკინმა საზღვარგარეთ გაიტანეს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ლითონი, ნავთობპროდუქტები და სხვა ნედლეული, რომლის სანაცვლოდაც, პეტერბურგში, სადაც მაშინ სურსათის დეფიციტი იყო და პროდუქტის ტალონები შემოიღეს, უნდა შესულიყო ხორცის, კარტოფილისა და ფრინველის პარტიები. თუმცა პეტერბურგი ამას ვერ ეღირსა.

კომისიის მონაცემებით, პუტინმა და ანიკინმა შეთანხმებები „ერთდღიან“ ფირმებთან გააფორმეს. ნედლეულის გატანაზე ლიცენზიებს კი  პეტერბურგის მერიის ის კომისია გასცემდა, რომელსაც მაშინ პუტინი ხელმხძღვანელობდა, თუმცაღა კანონით ამის უფლება არ ჰქონდა. როგორც მარინა სალიემ თავის ინტერვიუში 2010 წელს განაცხადა, ამ შეთანხმებების კიდევ ერთი თავისებურება იყო ის, რომ რომ მათში ფასები ძალიან დაწეული იყო.

მოგვიანებით, ეს საკითხი „ვედომოსტის“ ჟურნალსტმა ვლადიმერ ივანიძემაც შეისწავლა და გამოარკვია, რომ იშვიათი ლითონების ფასი დაწეული იყო არა ათჯერ, არამედ - ასჯერ…

მას შემდეგ, რაც სალიეს კომისიამ გამოძიების შედეგები წარადგინა, ქალაქის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა ქალაქის მაშინედლ მერს ანატოლი სობჩაკს, გაეთავისუფლებინა პუტინი თანამდებობიდან და პროკურატურისთვის კორუფციისა და დატაცების შესახებ კომისიის ეჭვების გამოძიება დაევალებინა.
სალიეს კომისიის ანგარიში გადაეცა პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

თუმცა სობჩაკმა და საზედამხევდველო ორგანოებმა რეკომენდაციის იგნორირება მოახდინეს. ხოლო როცა საქმე მიწყნარდა, პუტინი არათუ მოხსნეს, არამედ დააწინაურეს.

2000 წელს, არჩევნებში პუტინის გამარჯვების შემდეგ, სალიემ, რომელიც მანამდე სტატიებს წერდა და მოუწოდებდა ხალხს არ მიეცათ ხმა პუტინისათვის, მოულოდნელად შეწყვიტა თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა და  მიყრუებულ სოფელში გადავიდა. ბოლო წლებში ის ცხოვრობდა ფსკოვის ოლქში, 2010 წელს კი, დიდი ხნის დუმილის შემდეგ, როცა გამოვიდა ფილმი „ანატოლი სობჩაკი. 10 წლის შემდეგ“, მან ისევ მისცა ინტერვიუ ჟურნალისტებს და პუტინიც კვლავ დაადანაშაულა მაქინაციებში.

სალიეს თქმით, „სობჩაკი არასოდეს ყოფილა დემოკრატი. ლენინგრადის ქალაქის საბჭო და მეც, დამნაშავეები ვართ, რომ ის გავამეფეთ… 1992 წელს. ქალაქის საბჭომ მიზანშეწონილად ჩათვალა სობჩაკი მერობიდან გაეთავისუფლებინა. ეს დოკუმენტი ელცინსაც გავუგზავნეთ…“ - ამბობდა სალიე, რომელიც ამტკიცებდა, რომ სობჩაკი და პუტინი ერთად მოქმედებდნენ და ერთად ამუშავებდნენ მაქინაციის სქემას, როცა ქალაქში სურსათის კრიზისი დაიწყო:

„შევიტყვე, რომ ჩვენი ქალაქისთვის გამოყოფილია ქვოტები ტყის, ლითონებისა და სხვა ნედლეულის გაყიდვაზე. აღმოჩნდა, რომ შეთანხმებები ფორმდებოდა  ერთდღიან ფირმებთან. ნედლეულის გატანაზე ლიცენზიები გაიცემოდა ჩვენი კომისიის მიერ, ანუ მისი ხელმძღვანელის - პუტინის მიერ. ხელს ან თავად აწერდა, - ეს იშვიათად ხდებოდა, ან მისი მოადგილე ანიკინი. მათ არ ჰქონდათ უფლება ასეთი ლიცენზიების გაცემისა. ამ ლიცენზიებით საქონელი საზღვარგარეთ გადიოდა, სანაცვლო სურსათი კი არ შემოდიოდა. როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გავგზავნე კომისიის ანგაარიში, საკონტროლო განყოფილების ხელმძღვანელმა იური ბოლდირევმა ჩემი თანდასწრებითვე დაწერა წერილი, რომელშიც მიუთითებდა სობჩაკს, რომ არ განეხილა პუტინის რაიმე თანამდებობაზე დანიშვის საკითხი, ვიდრე ეს მასალები გამოკვლეული არ იქნებოდა. მაგრამ რა ქნა სობჩაკმა: მან წამიერად დანიშნა პუტინი პეტერბურგში საგარეო ეკონომიკური ურიერთობების სამინისტროს ნდობით აღჭურვილ პირად და თქვა, - „მე მას დავნიშნავ, თუკი ის უფრო მაღლა არ წავა მოსკოვში.“

პუტინი დანიშნეს. პროკურატურაში კი საქმე გამოუძიებელი დარჩა“ - აცხადებდა სალიე. მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ სობჩაკი და პუტინი ერთმანეთს გადაეჯაჭვნენ, „გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სობჩაკი პუტინის დახმარებით გაფრინდა ფინეთში, იქიდან კი საფრანგეთში… ხოლო როცა ელცინმა ქვეყნის სადავეები პუტინს გადასცა, სობჩაკმა ჩათვალა, რომ ყველაფერი უკვე წესრიგშია, რომ მას არავინ შეეხებოდა პუტინის დაცვის ქვეშ და შეეძლო, მშვიდად დაბრუნებულიყო რუსეთში, რაც გააკეთა კიდეც და აბსულუტურად არ იყო სწორი. საქმე ცუდად დამთვარდა. მე ვფიქრობ, რომ ის თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, რადგან ამ სიკვდილის გარემოებები ძალიან უცნაური იყო და ლუდმილა ბორისოვნამ  მეუღლის გარდაცვალების მეორე დღესვე გამოთქვა ეს ეჭვი. თუმცა, მერე, ეტყობა, კარგად აუხსნეს, რა უნდა ეთქვა და ამ ვერსიაზე უარი თქვა“ - ყვებოდა სალიე.

რა თქმა უნდა, პუტინს „ძველი მტერი“ არასოდეს დავიწყებია.

1999-2000 წლებში, როცა სალიე მოსკოვში იყო, მას „ნტვ“ს ჟურნალისტმა მიაკითხა და ამ თემაზე კითხვები დაუსვა.  „მე მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ეს იყო 30 დეკემბერს. 31-ში კი ელცინმა თავისი მემკვიდრე გამოაცხადა. აქ კი უკვე ყველაფერს მივხვდი…მოსკოვიდან კი წავედი სერგეი იუშენკოვის გამო (პარტია „ლიბერალნაია როსიას“ ერთ-ერთი ლიდერი). თავისუფალ დემოკრატებს მასთან გაერთიანება გვსურდა და მაშინ, მის კაბინეტში მე ვნახე ადამიანი, რომლის ნახვაც არასოდეს, არანაირ შემთხვევასა და გარემოებაში არ მსურდა. მის გვარს არ დაგისახელებთ. და მაშინ მივხვდი, რომ უნდა გავრიდებულიყავი. სერგეი ნიკოლაევიჩი კი მალე მოკლეს. 2000 წლიდან მე არ მიმიცია არცერთი ინტერვიუ“ - იხსენებდა სალიე 2 წლის წინანდელ ინტერვიუში.

თუმცა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ის ოპოზიციის წლევანდელ აქციებზე კიდევ ერთხელ გააქტიურდა, თუმცაღა კითხვაზე, - აქვს თუ არა ოპოზიციის გაერთიანების იმედი, უპასუხა, რომ ეჭვი ეპარება და ფიქრობს, რომ რუსეთი ნაწილებად დაიშლება.

4 თებერვლის აქციაზე გამოსვლიდან ძალიან ცოტა დრო გავიდა. ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება ამ დამთხვევის გამო ეჭვებს გამოთქვამს და წერს, რომ „პუტინის მტრები ერთმანეთის მიყოლებით კვდებიან“.

იუშენკოვისა და სალიეს გარდა, გარდაცვლილია „პუტინის საქმეში“ მონაწილე კიდევ ერთი ადამიანი: პეტერბურგის ქალაქის საბჭოს ყოფილი სპიკერი იური გლადკოვი ოფიციალური ვერსიით ,2007 წელს სკლეროზით, არაოფიციალურით კი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.