ფიზიკურ პირებს, ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებით, რიგი შეზღუდვები უწესდებათ

  20:01:23     21-03-2012

ფიზიკური პირები, მთელ რიგ შემთხვევებში, ანგარიშის გახსნის გარეშე, ბანკის მეშვეობით, 1500 ლარზე მეტს ვერ გადარიცხავენ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება – „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში, 20 მარტის თარიღით გამოქვეყნდა.

გიორგი ქადაგიძის მიერ გამოცემულ ახალ ბრძანებაში დაკონკრეტდა, რომ ფიზიკური პირის მიერ ანგარიშის გახსნის გარეშე, ფულადი სახსრების გადარიცხვა დასაშვებია, თუ გადასარიცხი თანხის ოდენობა 1500 ლარს არ აღემატება.

ბრძანების მიხედვით, 1500 ლარზე მეტი თანხის გადარიცხვა ანგარიშის გახსნის გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გადარიცხვა დაკავშირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების საფასურის გადახდასთან, კომუნალური გადასახადების გადახდასთან, ცენტრალური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდებთან და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სასარგებლოდ გადახდებთან.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოთხოვნები, სპეციალური სისტემების საშუალებით განხორციელებულ ფულად გზავნილზე არ გავრცელდება.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ახალი რეგულაცია ძალაში, მიმდინარე წლის 15 აპრილიდან შევა.