
საქართველოში, წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, ერთ მლრდ დოლარს მიაღწევს...
07:39:51     21-03-2012
მთავრობის განახლებული შემადგენლობა საქმიანობას გუშინ ოფიციალურად შეუდგა. პარლამენტმა, მინისტრთა განახლებულ კაბინეტსა და პროგრამას - “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” ნდობა - 101 მომხრე ხმით, 16-ის წინააღმდეგ გამოუცხადა.
აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა უკვე დასახული აქვს და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, გარკვეულ პროგნოზებსაც აკეთებს.
პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, უახლოეს მომავალში, საქართველოს რეგიონალური ცენტრის ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება.
მისი თქმით, საქართველოსთვის მხოლოდ რეგიონალური დერეფნის ფუნქცია არადამაკმაყოფილებელია და ქვეყანა არამხოლოდ დერეფანს, არამედ რეგიონალურ ცენტრს წარმოადგენს.
პრემიერის განმარტებით, საქართველო, როგორც სიანვესტიციო, ასევე ლოჯისტიკური და სავაჭრო მიმართულებით, რეგიონალური ცენტრის როლს თამაშობს, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივას ქმნის.
„ყურადღებას ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე გავამახვილებ, რის თაობაზეც, მოლაპარაკებები გასულ წელს, დავიწყეთ და უახლოეს წელიწადნახევარში დასრულდება. ეს საქართველოს დამატებით ფუნქციას აძლევს. რეგიონალური ცენტრი კრიზისის დროს, დამატებით გარანტიას გაძლევს, რაც ბოლო წლების მაგალითმაც დაადასტურა. რეგიონალური ცენტრში ვგულისხმობ ღია ეკონომიკას, ეკონომიკას კორუფციის გარეშე, კარგ ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და ასევე გეოგრაფიულ მდგომარეობას“, - დასძინა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური მიმდინარე წელზე საუბრისას, აქცენტს ტურიზმის სფეროზე აკეთებს და პროგნოზირებს, რომ საქართველოში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ერთ მლრდ დოლარს მიაღწევს.
“ქვეყანაში, ტურიზმის მაჩვენებელი 4-5 წლის წინ, თანხობრივად არ აისახებოდა, რადგან ძალიან დაბალი იყო. ხელისუფლება ქალაქებსა და რეგიონებში პროექტებს, ტურიზმის განვითარების მიზნით აკეთებს, რადგან საქართველოში რაც უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, მით უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ტურიზმი ყველაზე ჯანსაღ სამუშაო ადგილებს ქმნის. ყოველი მილიონი ტურისტი, საქართველოში 15 ათას ახალ სამუშაო ადგილს ქმნის, მომავალი წლებში ვაპირებთ, რომ ტურისტების რაოდენობა, ორ მილიონამდე გავზარდოთ”, - აცხადებს პრემიერი.
ეკონომიკური პარამეტრების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, ნიკა გილაური ყურადღებას საქართველოში, რეინვესტიციების დონის ზრდაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ადრე, რეინვესტიციის დონის პარამეტრს ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, თუმცა, მისი დონე, ქვეყნის სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
“საქართველოში, რეინვესტიცის მაღალი დონე, კარგ საინვესტიციო გარემოზე მიგვანიშნებს. 2006 - 2007 წლებში, როდესაც პირდაპირი ინვესტიციები ყველაზე მაღალი იყო, რეინვესტიცის დონე მხოლოდ 5 პროცენტი იყო, 2010 წელს, ამ დონემ, 28 პროცენტს მიაღწია, ხოლო, გასულ წელს 38 პროცენტი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული კომპანიები თავს კომფორტულად გრძნობენ. ეს კომპანიები კი, წარმოებას ზრდიან და სამუშაო ადგილებს ქმნიან”, - დასძინა მან.
ამას გარდა, პრემიერი უმუშევრობის მაჩვენებელზე აქცენტს აკეთებს და ამბობს, რომ უმუშევრობა 16, 2 პროცენტიდან 15, 2 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა, ეს მაჩვენებელიც მაღალია, რადგან ბევრ მოქალაქეს სამუშაო სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ გილაური საქართველოს ეკონომიკის პარამეტრებს რუსეთის ეკონომიკას ადარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთისაზე, ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება.
“2009 წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა რეცესიიდან გამოვიდა და ეკონომიკის ზრდა 6, 4 პროცენტზე დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თებერვალი რთული თვე იყო, ეკონომიკური ზრდა 1 თებერვლისთვის 6 – 7 პროცენტზე დაფიქსირდა. შეიძლება, ეს ციფრები მოსახლეობისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია. მსოფლიო ეკონომიკური რეცესიისა და ევროკავშირის პრობლემების ფონზე, საქართველო ის ეკონომიკური სივრცეა, სადაც ინვესტიციები გამართლებულია და მოგება მოაქვს. გასულ წელს, რუსეთზე უფრო სწრაფად გავიზარდეთ და წელსაც, რუსეთზე ორჯერ უფრო სწრაფად ვიზრდებით”, - დასძინა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის მთლიანი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, რიგით მეშვიდე მინისტრის შეცვლის შემდეგ გახდა საჭირო, კერძოდ, ანდრია ურუშაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჩაანაცვლა.