ჰაინრიხ ჰაინეს „აუდენცია“

  06:18:47     20-03-2012

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში გვაქვს ჰაინრიხ ჰაინეს მშვენიერი რომანსი „ორი გრენადერი“, რომელიც თარგმნა აკაკი გელოვანმა.

ჰაინე საქართველოში ყოველთვის უყვარდათ. მის შემოქმედებას პირველად ილია და აკაკი გამოეხმაურნენ. მოსწონდათ მისი პუბლისტური ნაწარმოებები, თარგმნეს რამდენიმე ლექსი „სიმღერების წიგნიდან“, შემდეგ კი სხვა კრებულებიდან. ჰაინეს ნაწარმოებები თარგმნეს ანტონ ფურცელაძემ, შიო მღვიმელმა, ალექსანდრე ციმაკურიძემ, ილია ფერაძემ, ილია ნაკაშიძემ. ჰაინეს 30-ზე მეტი ნაწარმოები თარგმნა იოსებ ბაქრაძემ. მათგან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლექსმა „ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ!“, რომელიც შემდეგ სიმღერად გავრცელდა. ამას მოჰყვა კიდევ არა ერთი თარგმანი, ხარიტონ ვარდოშვილის, აკაკი გელოვანის, იორამ ქემერტელიძის, გივი გეგეჭკორის, ნოდარ ნარსიას, შოთა ამირანაშვილის, ანზორ აბულაშვილის, შოთა ქავთარაძის, შუქრი მირცხულავასა და სხვათა მიერ.

დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ჰაინეს „აუდენცია“ (ძველებური ამბავი), „უკანასკნელი ლექსებიდან“, რომელიც თარგმნა აკაკი გელოვანმა. „უკანასკნელი ლექსები“ შექმნილია 1853-1854 წლებში. დიდი გერმანელი პოეტი 1856 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა, პარიზში. იგი 1846 წლიდან საწოლს იყო მიჯაჭვული, დამბლა დაეცა. თუმცა მაინც წერდა. 1851 წელს შეიქმნა  მისი კრებული „რომანსერო“, 1853-1854 წლებში კი „აღიარებანი“ (უკანასკნელი ლექსები). ჰაინრიხ ჰაინე დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაოზე, პარიზში.

„აუდენციაში“ იგულისხმება მიღება, რომელიც გაუმართა ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-მ გეორგ ჰერვეგს. ფრიდრიხ ვილჰელმ IV ჰოჰენცოლერნი 1840 წელს გახდა პრუსიის მეფე. მეფობდა 1857 წლამდე, სანამ ინსულტი დაემართებოდა და დაავადდებოდა. გარდაიცვალა 1861 წელს. ის გახლავთ რომან „დედოფალი ბორნეოს“ ავტორი, ნიჭიერი დიპლომატი და პოლიტიკოსი, რომელმაც ჯერ აკრძალა ცენზურა, მეფის უფლებები შეზღუდა, მერე კი, როცა მოძლიერდა და ხალხის უკმაყოფილება დააცხრო, გააძლიერა თავისი გავლენა. მან ფაქტიურად, უარიც თქვა იმპერატორის წოდებაზე.

გეორგ ჰერვეგი გახლდათ გერმანელი რევოლუციონერ-დემოკრატი პოეტი და პუბლიცისტი.
ჰერვეგი ფიქრობდა, რომ ახალი მეფე თავისუფლებას მოუტანდა პრუსიას. მაგრამ იმედები გაუცრუვდა. ჰერვეგს უარი ეთქვა გამოეცა ახალი ჟურნალი. როცა პროტესტი გამოთქვა, მეფის ბრძანებით პრუსიიდან გაასახლეს.

ნაწარმოებში ნახსენებია ვოლფგანგ მენცელი (1798-1773), გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. ის თავიდან ლიბერალზმის მომხრე იყო, შემდეგში რადიკალი ნაციონალისტი და მონარქისტი გახდა.

გავიხსენოთ ჰაინრიხ ჰაინეს ბიოგრაფია.

დიდი გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი ჰაინრიხ ჰაინე (Christian Johann Heinrich Heine). დაიბადა 1797 წლის 13 დეკემბერს, დიუსელდორფში, ბოლკენშტრასეზე. იმ პერიოდში დიუსელდორფი ხან ფრანგების ხელში იყო, ხან გერმანელების. 1815 წელს გერმანის, კერძოდ პრუსიის შემადგენლობაში შევიდა. დიდი პოეტი წარმოშობით ებრაული ოჯახიდან გახლდათ. ჰაინრიხ ჰაინეს მამა, სიგიზმუნდ სამსონის ძე ჰაინე, ვაჭარი იყო, ვაჭრობდა ქსოვილებით. თუმცა ვაჭრობაში დიდი წარმატება ვერ მოიპოვა. დედა, ბეთი ვან გელდერნი ექიმის ქალიშვილი გახლდათ, მეტად განათლებული და ერუდირებული მანდილოსანი. ოჯახში ოთხი შვილი ჰყავდათ. მიუხედავად კარგი განათლებისა, ბეთის არ უყვარდა ლიტერატურა.

დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ კათოლიკურ ლიცეუმში. პატარა ჰარი (მონათვლამდე ასე უწოდებდნენ ჰაინრიხს), დედისგან ფარულად, გატაცებით კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია მასზე „დონ-კიხოტს“. დიუსელდორფის პრუსიასთან შეერთების შემდეგ ჰაინე სწავლობდა ეკონომიკურ სასწავლებელში. 1816 წელს ოჯახმა იგი ჰამბურგში ბიძასთან, ბანკირ სოლომონ ჰაინესთან გააგზავნა. სოლომონი ცდილობდა ბიზნესით დაეინტერესებინა ძმისშვილი, თუმცა ჰაინეს პოეზია იტაცებდა და ვაჭრობაში და ბუღალტერიაში არაფერი გამოსდიოდა. მას არ უყვარდა ჰამბურგიც, რომელსაც „ჩარჩების ქალაქს“ უწოდებდა, „სადაც ვერ ნახავ პოეტური გრძნობის ნატამალსაც კი“ - წერდა ის მეგობარს.

სამი წელი ცხოვრობდა ბიძია სოლომონთან ახალგაზრდა პოეტი. ამ დროს შეუყვარდა თავისი ბიძაშვილი ამალია. ამალიასადმი ცალმხრივი სიყვარული არა ერთი შედევრის შექმნის შთაგონების წყარო გახდა რომანტიკოსი პოეტისათვის („სიმღერების წიგნი“).

როცა მილიონერი ბიძა დარწმუნდა, რომ მისი ძმისშვილი კომერსანტი ვერ გამოვიდოდა, 400 ტალერი დაუნიშნა წლიური შემოსავალი. ახალგაზრდა პოეტს ბონის უნივერსიტეტში უნდა შეესწავლა იურისპრუდენცია. თუმცა თანხა ძალიან მცირე იყო, ამიტომ დედამ ძვირფასეულობა გაყიდა და ასე შეუგროვდა ფული სასწავლებლად. იურისპრუდენციის ნაცვლად გერმანული ენისა და პოეზიის ლექციების მოსმენა ამჯობინა სტუდენტმა. 1820 წელს გადავიდა გეტინგენის უნივერსიტეტში, თუმცა უნივერსიტეტიდან გამორიცხეს, ვინაიდან ერთ-ერთი სტუდენტი დუელში გამოიწვია. 1821-1823 წლებში სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც იმ დროს ჰეგელი მოღვაწეობდა. დაუახლოვდა ბერლინში მოღვაწე ლიტერატურულ წრეებს. სტუდენტობის პერიოდში იყო კულტურული და სამეცნიერო კვლევის საზოგადოების წევრი, რომელიც შეისწავლიდა იუდაიზმს ( "Verein für Kultur und Wissenschaft des Judentumes").

1824 წელს ჰაინრიხ ჰაინე იძულებული გახდა ლუთერანულად მონათლულიყო, სხვაგვარად ვერ მიიღებდა დოქტორის ხარისხს. თუმცა ამან ვერ გაუხსნა გზა სახელმწიფო სამსახურში.

ამ დროისათვის ახალგაზრდა ჰაინრიხ ჰაინე უკვე ცნობილი პოეტი გახლდათ. მან ლექსების გამოქვეყნება 1817 წლიდან დაიწყო. პირველი კრებული 1821 წელს გამოსცა, მეორე 1823 წელს.

1827-1828 წლებში იმოგზაურა ინგლისში, ჰოლანდიაში, იტალიაში. რის შედეგადაც დაიწერა მისი „მოგზაურობის სურათები“, რაც ითვლება მეცხრამეტე საუკუნის გერმანული მხატვრული პროზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წიგნად.

სამშობლოში ცენზურა გასაქანს არ აძლევდა. 1830 წელს მიესალმა ივლისის რევოლუციას და გადასახლდა პარიზში. 1835 წელს მისი ნაწარმოებები აიკრძალა გერმანიაში (ერთი საუკუნის მერე ნაცისტებმაც აკრალეს მისი წიგნები და დაწვეს). მხოლოდ 1843 წელს მოახერხა სამშობლოში ჩასვლა ცოტა ხნით. 1846 წელს, როგორც ვთქვით, დამბლა დაეცა და ლოგინად ჩავარდა...

ჰაინრიხ ჰაინემ დიდი გავლენა იქონია გერმანულ და არა მარტო გერმანულ ლიტერატურაზე. მისი შესანიშნავი ლექსების საფუძველზე მუსიკა დაწერეს შუბერტმა, შუმანმა, ვაგნერმა, ბრამსმა, ჩაიკოვსკიმ და სხვებმა.

აუდენცია

(ძველებური ამბავი)

„მე არ ჩავახრჩობ ფარაონივით
პატარა ბავშვებს ნილოსის წყალში,
არა მსურს ტირან იროდის მსგავსად
გავაჟლეტინო ურიცხვი ბავშვი.

მე მინდა ჩემი მაცხოვარივით
მყავდეს ბავშვები შემოჩვეული,
მიხმეთ ყველანი - ის დიდი ბავშვიც,
შვაბთა ქვეყნიდან ჩემთან წვეული“. –

ბრძანებდა მეფე, და კამერჰერიც
გაქრა, დაბრუნდა და იმ დარბაზში
შემოიყვანა მეფის მსახურად
გამწესებული შვაბელი ბავშვი.

ხელმწიფემ უთხრა: „შენ ხომ შვაბი ხარ?
ეს არც იმდენად არის სირცხვილი“.
შვაბმა მიუგო: „მართალსა ბრძანებთ:
შვაბთა ქვეყნისა ვარ ღვიძლი შვილი“.

ხელმწიფემ ჰკითხა: „ვის თვლი წინაპრად?
ალბათ მემკვიდრე ხარ შვიდეულის?“*
„არა ყველასი, - ერთი მათგანის!“
პასუხობს შვაბი დამშვიდებული.

ხელმწიფემ ჰკითხა: „წელს შვაბიაში,
გუფთის მოსავალს რა პირი უჩანს?“
„მადლობას გწირავთ შეკითხვისათვის:
გუფთა გვეყოფა, წელს არა უშავს“.

„მითხარ, ყმაწვილო, ჰყავს ჯერ შვაბიას
შესანიშნავი ადამიანი?“
„შესანიშნავი - არ შემინიშნავს,
ბევრი სქელია, ღაბაბიანი“.

მეფემ თქვა: „ბევრი ახალი სილით
დაასაჩუქრეს ვოლფგანგ მენცელი?“
„გმადლობთ, ხელმწიფევ, ჯერ ის ვალშია -
ცოტა მიიღო განა მან ძველი?“

მეფემ თქვა: „სჩანხარ არც ისე ბრიყვი,
მე მომწონს შენი სიტყვა გზიანი“.
„აკვანში ჭინკას გამოვუცვლივარ,
მას შემდეგ გავხდი ასე ჭკვიანი“.

„შვაბი, მამულზე შეყვარებული,
უცხო მიწაზე ხომ ვერ იხარებს?
მითხარ, პატარავ, რამ გაიძულა,
რომ მიატოვე მშობელი მხარე?“

შვაბმა მიუგო: „მჟავე კომბოსტო
და სულ თალგამი შიმშილს ვერ მიკლავს;
დედას რომ ხორცი ეხარშა ჩემთვის,
არ დავტოვებდი მშობლიურ მიწას“.

„მთხოვე წყალობა, - უთხრა ხელმწიფემ, -
ერთი სურვილი აგისრულდება“.
შვაბმა შესძახა: „მეფევ სვიანო,
ხალხს დაუბრუნე თავისუფლება!

არის ბუნებით თავისუფალი,
ბორკილს ვერ იტანს კაცის ბუნება.
სირ, დაუბრუნე გერმანიის ხალხს
სამართალი და თავისუფლება!“

წამოხტა მეფე შეძრწუნებული -
ეს იყო მეტად წარმტაცი სცენა; -
შვაბი იწმენდდა ცრემლიან თვალებს,
უმზერდა მეფე მის ცრემლთა ცვენას;

ბოლოს თქვა: „რა ტკბილ სიზმარსა ხედავ!
გონზე მომყვანი გინდა მხლებელი,
და მოთვარული რადგან ყოფილხარ,
არ გაწყენს ორი გამცილებელი.

შენ გამოგყვება ორი ჟანდარმი
საზღვრის სვეტამდე, ჩემო პატარავ -
ახლა ნახვამდის! უნდა წავიდე,
უკვე პარადზე მიხმობს ნაღარა“.

შეხვედრა გულის ამჩუყებელი
ასე კეთილად დასრულდა მაშინ,
და ამის შემდეგ არ მიუღია
მეფეს არც ერთი თავხედი ბავშვი.

---

„ალბათ მემკვიდრე ხარ შვიდეულის?“ - მინიშნებაა გრიმების ზღაპარზე, რომელიც მოგვითხრობს შვიდ სულელ შვაბზე. ირონიაა.