თამამი და ექსცენტრული ელენე ახვლედიანი

  05:57:43     20-03-2012

ელენე ახვლედიანის ნამუშევრები სინაზით, მდიდარი ფერადოვნებითა და რომანტიულობით გამოირჩევა. ასეთი სურათების ავტორი სითამამითა და ექსცენტრიულობით, ნოვატორული იდეებითა და მდიდარი ფანტაზიის მქონე გამორჩეული ქალბატონი გახლდათ. როდესაც გიმნაზიაში ყველა გოგონა გადაწეული თმითა და ნაწნავებით დადიოდა, ელიჩკა ერთ დღეს მოკლედ შეკრეჭილი თმით გამოცხადდა და მთელი გიმნაზია შეძრა. ლამაზ და მოუსვენარ გოგონას უყვარდა კიბეების მოაჯირზე ჩასრიალება, არ იკლავდა თავს რევერანსებით, როცა სხვებისთვის ეს აუცილებელი იყო პედაგოგებთან შეხვედრისას.

სახალხო მხატვრის დაბადების თარიღად ოფიციალურ წყაროებში 1901 წლის 18 აპრილია მითითებული, ნათლობის დოკუმენტში კი 1898 წელია დაფიქსირებული. მომავალი მხატვარი გაზაფხულისათვის უჩვეულოდ თოვლიან დღეს დაიბადა. მისი ახლობლები აპრილის ამ კაპრიზს ახვლედიანის ხასიათის არაორდინალურობას ადარებდნენ.

ელიჩკას ორი გატაცება

ელენე ახვლედიანი 1911 წლამდე თელავის წმიდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, სადაც მისი პედაგოგები მწერალი ვასილ ბარნოვი, კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი და მხატვარი ვალერიან სიდამონ-ერისთავი იყვნენ. მის პირველ დიდ გატაცებად მუსიკა იქცა, რაც სულხანიშვილთან ურთიერთობამ გამოიწვია. უკვე შემდგარ მხატვარს – ელენე ახვლედიანს ოცნებად ჰქონდა ქცეული მის ქორალებზე ფერწერული სერიის შექმნა. “ხატვა ბავშვობიდან მიტაცებდა, მაგრამ მუსიკა მიყვარდა უფრო მეტად. თუ სახლში ვარ, მუსიკის გარეშე არ ვხატავ,” – ამბობდა მხატვარი.

მისი ნახატების პირველი შემფასებელი ვასილ ბარნოვი აღმოჩნდა. “თელავში დავიწყე ხატვა. პირველად ჩემი ნაცოდვილარები მამამ აჩვენა ვასილ ბარნოვს, რომელსაც გაოცებულს უთქვამს: “მიეცით ელენეს გზა, ხატოს, ეგების მისი სახით საქართველოს მოევლინოს მხატვარი.” მეორე დღეს, როდესაც კლასში შემოვიდა, ფეხზე ამაყენა და მთელი კლასის წინაშე თქვა: “ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე ამონაქარგით ვიცით. შენ კი, ელენე, ხატე… თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება,” – იხსენებდა მოგვიანებით მხატვარი.

აქტიური და ინიციატივიანი

1911 წლიდან ახვლედიანების ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და ელენემ სწავლა ქალთა მეორე გიმნაზიაში განაგრძო. მისი სიმწიფის ატესტატში ხუთიანი მარტო ხატვაშია, არადა ელიჩკას ყველა საგნის კარგად სწავლა მთელი ოჯახის ინტერესს წარმოადგენდა, რადგან ამ შემთხვევაში მამისგან თითოეული მათგანი დასაჩუქრდებოდა.

გიმნაზიისა და სკლიფასოვკის სტუდიაში სწავლის პარალელურად და მისი დამთავრების შემდეგ ის აქტიურადაა ჩართული დედაქალაქის ცხოვრებაში. 1919 წელს ახვლედიანი მონაწილეობს ქართველ მხატვართა პირველ გამოფენაში. 1922 წლიდან მხატვრების ჯგუფთან ერთად იწყებს მუშაობას თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. სწორედ ამ პერიოდში იკვეთება მისი შემოქმედების წამყვან თემად ძველი თბილისი. 1922 წელსვე ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში გიგო გაბაშვილის კლასში, მაგრამ აკადემიაში დიდხანს ვერ გაძლო.

ელენე ახვლედიანს ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის იდეა: ქართული თოჯინის, ბავშვთა სურათების გალერეის, ორიგინალური ღია ბარათების, მუზეუმის საგანმანათლებლო ფუნქციის აქტივიზაციის, ძველი თბილისის “გაცოცხლების” და ა.შ.

პარიზული წარმატებები

ელენე ახვლედიანი პარიზში 1924 წელს ჩადის და კოლაროსის სამხატვრო აკადემიაში ინტენსიურ მუშაობას იწყებს. მხატვარი პარიზს თავიდანვე “მოერგო”. 1925-27 წლებში მონაწილეობს “დამოუკიდებელთა სალონის” გამოფენებში. 1926 წელს კი გალერეაში “ოთხი გზა” მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენას ესტუმრა პიკასოც, რომელიც განსაკუთრებით მოუხიბლავს სურათს “კახეთი, ზამთარი” და ქართველი მხატვრისათვის საკუთარი ნამუშევარიც უჩუქებია. ამავე გამოფენიდან ახვედიანის ერთ-ერთი სურათი პოლ სინიაკსაც შეუძენია. “ოთხი გზა” პარიზში ყველაზე პრესტიჟულ გალერეად ითვლებოდა და მის მიმართ კრიტიკა ყოველთვის დაუნდობელი იყო, მაგრამ ახვლედიანის ნამუშევრები სათანადოდ დაფასდა. 1927 წლის გამოფენამ კი დააგვირიგვინა მისი პარიზული წარმატებები და თბილისში დაბრუნდა. დაბრუნებულმა აქტიურად დაიწყო ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. საკუთარი სახელოსნო “პატარა საქართველოდ” აქცია.

თეატრი და კინო

ელენე ახვლედიანის თეატრში მოღვაწეობა კოტე მარჯანიშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც მხატვარი ქუთაისის თეატრში მიიწვია. ფერმწერისათვის მარჯანიშვილთან მუშაობა იყო უდიდესი სკოლა, სადაც თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის სპეციფიკას ეზიარა. ელენე ახვლედიანი ხუთი წლის განმავლობაში მან 20-ზე მეტი სპექტაკლი გააფორმა. 1930-იან წლებში ახვლედიანი ძირითადად თეატრის მხატვრობით გახლდათ დაკავებული, რადგან უცხოეთიდან დაბრუნებული ცენზურის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ პერიოდში ინტენსიურად მუშაობს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსულ თეატრში, სომხურ და ალ. გრიბოედოვის რუსულ თეატრში, ოპერისა და ბალეტის თეატრში.

1954 წლიდან იწყებს მოღვაწეობას კინოში. ელენე ახვლლედიანი კოსტუმების მხატვარია ფილმებში: “ჭრიჭინა” (1954), “ეთერის სიმღერა” (1956), “შეწყვეტილი სიმღერა”(1960).

ექსცენტრიული და თამამი

ერთხელ ელენე ახვლედიანმა რაიონებიდან ჩამოსული მხატვრების დასახმარებლად მეგობრები და მუსიკოსები შეკრიბა და თელავში ფასიანი კონცერტის ჩატარებაზე დაითანხმა. თვითონ დახატა კონცერტის აფიშა, რომელზედაც პირველ განყოფილებაში ზუსტად ჩაწერა ყველა მუსიკალური ნომერი, მეორე განყოფილებაში კი ძალიან პოპულარული მოცეკვავის გვარი შეიტანა. დარბაზი ხალხით გაივსო. პირველი განყოფილების შემდეგ მხატვარი კითხულობს ვითომ მოცეკვავის მიერ გამოგზავნილ დეპეშას, რომ მან, თითქოს, გზაში ფეხი მოიტეხა და თელავში ვერ ჩავიდა. მხატვარი თავად სთავაზობს მაყურებელს ყველა თანამედროვე ცეკვას. სტუმრებს აღარ ახსოვდათ მუსიკალური ნომრები, მაგრამ დაუვიწყარ მოგონებად ექცათ ელენე ახვლედიანის მიერ შესრულებული ფოქსტროტი და ტანგო.

ტანია კაკაბაძე იხსენებდა: “ერთხელ ღამის პირველ საათზე ელიჩკამ ლოგინიდან წამოგვყარა და კაფე “ჟოკეიში” წაგვიყვანა. მაშინ მოდაში იყო ბიჭურად შეკრეჭილი თმა, მგონი მარტო მე არ ავყევი მოდას. “ჟოკეიში” გამომეცხადა ერთი ზანგის ბიჭი მაკრატლით ხელში: ქალბატონო, თმა უნდა შეგჭრათო. გაჯავრდა ელიჩკა: მითხარი, ვინ გაბედა შენი გამოგზავნაო. ბიჭმა მაგიდასთან მჯდომ მამაკაცზე მიუთითა, ელიჩკა მასთან მიიჭრა და წყალი ცხვირ-პირში შეასხა. “მსხვერპლი” ფრანგი მხატვარი პოლ სინიაკი აღმოჩნდა.”

წასვლა

1975 წლის 30 დეკემბერს ელენე ახვლედიანის ინიციატივით მოეწყო მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა ფინანსთა სამინისტროს შენობაში. სიტყვით გამოსვლის დროს მხატვარი მოულოდნელად ჩაიკეცა. “მოკვდა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეფერებოდა სიკვდილი… მისივე თაოსნობით მოწყობილი გამოფენის დახურვის დროს, თავისი მეგობრებისა და პატივისმცემლების წრეში, როცა მადლობისა და სიყვარულის სიტყვებით მიმართავდა საზოგადოებას, უცებ ჩაიკეცა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან , რომ გრძნობაზე არც მოსულა. წავიდა სიხარულის წუთებში,” – წერს ვ.ბერიძე.

1978 წელს ელენე ახვლედიანის სახლში გაიხსნა მუზეუმი, რომელიც დღესაც აგრძელებს მის ტრადიციებს.

წყარო