დავით ბაქრაძე: აფხაზ სეპარატისტებს, უფროსის სახით, ალექსანდრე ტკაჩევი დაუნიშნეს

  17:28:50     19-03-2012

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის - ალექსანდრე ტკაჩევის დანიშვნას, ქართული მხარე აპროტესტებს და ამ საკითხზე, საქართველოს პარლამენტი განცხადების მიღებასაც აპირებს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქვეყნების პარლამენტებს გადაეგზავნება.

როგორც „პრესა.ჯი-ს“ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიორგი ასანიძემ განუცხადა, ტკაჩევი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრია და მისი სოხუმში მივლენა - სოჭში, ოლიმპიური თამაშების ჩატარებას უკავშირდება, რაც დაუშვებელია.  

დეპუტატის თქმით, ასეთი ადამიანის რწმუნებულად დანიშვნა ყოვლად მიუღებელია და ამას ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოჰყვეს. „ამ პოსტზე, ტკაჩოვის დანიშვნა იმის მხილებაა, რომ რუსეთი ახორციელებს არა ოკუპაციას, არამედ ანექსიას, რაც ოლიმპიური ქარტიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. არ უნდა ხდებოდეს - თამაშებით მანიპულირება და ამით, ანექსიის დაკანონება. ამ პოსტზე, ტკაჩოვის დანიშვნით, კრასნოდარის მხარესთან, აფხაზეთის მიერთება ხდება” - აცხადებს დეპუტატი.

ასანიძის განცხადებით, ის, დღეს, საქართველოს სპორტის მინისტრსა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ესაუბრება, რის შემდეგადაც, პარლამენტი განცხადებას მიიღებს, რითაც ფაქტი საერთაშორისო არენაზე გაპროტესტდება.

„პრესა.ჯი“-სთან საუბარში, ასანიძემ აფხაზეთიდან ინერტული მასალების გადინებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე, ქართულმა მხარემ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, მაგრამ „შავი ძალების” გამო, საკითხი არ გადაიხედა.

„ამ თემაზე, აქცენტი ბევრჯერ გავაკეთეთ, მაგრამ ურთიერთობაშიAიმდენი  შავი ძალებია ჩართული, რომ სიმართლის დადგენა ვერ მოხდა. მათ ინერტული მასალის გადინებასთან დაკავშირებით, მტკიცებულება სჭირდებოდათ, რისი დადგენაც ძნელი არ იყო, მაგრამ საკითხი არ გადამოწმდა”, - დასძინა დეპუტატმა. 

რწმუნებულის პოსტზე ალექსანდრე ტკაჩევის დანიშვნას, კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც. როგორც პრესა.ჯი-ს პირველმა ვიცე-სპიკერმა განუცხადა, ქართულმა მხარემ, ეს საკითხი საერთაშორისო ტრიბუნაზე უნდა გაიტანოს და ბრძოლა განაგრძოს.

„ჩვენ ბრძოლაში ვართ და ამ ბრძოლას - დიპლომატიური ომი ჰქვია. იმის ფუფუნება არ გაგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არ ვიბრძოლოთ”, - განაცხადა დეპუტატმა.

რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას - ტკაჩევის სოხუმში მივლენას, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავისი შინაარსით, ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა, რადგან მარიონეტ ხელისუფლებას პირდაპირ უფროსი დაუნიშნეს, რომელმაც ფაქტობრივად, აფხაზეთი უნდა მართოს.

„ეს გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, ძალიან კარგად აჩვენებს რუსების დამოკიდებულებას - აფხაზეთისა და აფხაზების მიმართ და კარგად ხატავს იმ ფარსს, რაზეც რუსული პოლიტიკა დგას, როდესაც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობაზე საუბრობს. მეორეს მხრივ, ეს გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია, რადგან  ოლიმპიადის ქვეტექსტით და გამართლებით, ასეთი ნაბიჯების გადადგმა ხდება” - აცხადებს ბაქრაძე.

აღსანიშნავია, რომ ტკაჩევის ამ თანამდებობაზე დანიშვნას, აფხაზებიც კი  ეწინააღმდეგებიან. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ტკაჩევი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე, 11 მარტს დანიშნა. ამას გარდა, კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორი „აფხაზეთის რესპუბლიკის” საპატიო მოქალაქედ 2011 წელს აირჩიეს.