მოსე ჯანაშვილის „ ქართველობა“ (დღეს მის ხსოვნას პატივს მიაგებენ მთაწმინდაზე)

  05:22:56     19-03-2012

1855 წლის 19 (ახალი სტილით 31) მარტს, სოფელ კახში, ჰერეთში (საინგილო) დაიბადა შესანიშნავი მამულიშვილი მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი.

მოსე ჯანაშვილის თაყვანისმცემლები, პატრიოტი ქართველები, დღეს აღნიშნავენ დიდი მოღვაწის დაბადების დღეს:

„ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „ქურმუხელი“ გიწვევთ გამოჩენილი ჰერელი საზოგადო მოღვაწის მოსე ჯანაშვილის (1855-1934) დაბადებიდან 157 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე:

19 მარტს 13:00 საათზე დასწრების მსურველები მობრძანდით მეტრო თავისუფლებასთან, საიდანაც მსვლელობით ავალთ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში და ყვავილებით შევამკობთ დიდი ქართველი ისტორიკოსის, მკვლევარის, ენათმეცნიერის, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, მოსე ჯანაშვილის საფლავს. 14:00 საათზე დაგეგმილია მის ღვაწლზე საუბარი და მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდა.

 აუცილებელია ეს ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდეს, რადგან „დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა“ („ერი და ისტორია“ - ილია).

ერთად მივაგოთ პატივი ამ ღვაწლმოსილი ქართველის ხსოვნას!“

მისასალმებელია, რომ საქართველოში არ ივიწყებენ დამსახურებულ წინაპრებს.

მოსე ჯანაშვილის პირველი მასწავლებლები იყვნენ მართა მახვილაძე, მისი მეუღლე პეტრე კონჭოშვილი (შემდეგში თბილისის დედათა ინსტიტუტის პედაგოგი). 1865 წლიდან მოსე ჯანაშვილი სწავლობდა კახის სამრევლო სკოლაში. 1868 წელს სწავლა განაგრძო ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1872 წელს. სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1875 წელს გადავიდა ქუთაისში. გიმნაზიაში გამოცდები ჩააბარა და მასწავლებლის მოწმობა მიიღო.

მოგზაურობდა იმეთში, ლეჩხუმში, რაჭაში, ფოთში. აკვირდებოდა, იწერდა და იკვლევდა თანამედროვეთა ყოფა-ცხოვრებას, დიალექტებს, ლეგენდებს, თქმულებებს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან სტატიებს აქვეყნებდა. წერდა ქართულ და რუსულ პერიოდულ გამოცემებში. გახდა კრებული „ნაშრომის“ რედაქტორი; სცადა ჟურნალ „მწიგნობრის“ დაარსება.

1898 წელს საეკლესიო მუზეუმის გამგედ აირჩიეს. დაინტერესებული იყო ქალაქების ისტორიით. დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს კუთხეების წარსულს. შეისწავლა აფხაზეთი, კახეთი, გურია, ქართლი, ჭანეთი, ტაო-კლარჯეთი. წიგნი „საინგილო“ მოსე ჯანაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილის თანადგომით გამოსცა...

მან დიდი შეიტანა ლიტურგიკის, აგიოგრაფიის, კლასიკური საერო მწერლობის ძეგლების შესწავლაში, ზოგადად ქართული კულტურის კვლევაში...

მოსე ჯანაშვილი გარდაიცვალა 1934 წლის 19 აპრილს, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მოსე ჯანაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობისა და მისი დამსახურებების შესახებ სხვა დროსაც ვისაუბროთ. დღეს კი გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ესე „ქართველობა“

ქართველობა

ყოველდღე მომდის „ერთობა”, „საქართველო”, „სახალხო გაზეთი”, “სალი კლდე” და სხვ. ვკითხულობ და ვამაყობ, რომ ვარ ქართველი.

ყოველდღე ჩუღურეთიდამ ვაკემდე დავიარები, გარშემო მესმის წელში გამართული ქართველების ტკბილი ქართული, თავი მომწონს ჩემის ქართველობით.

ხშირად ვხვდები წინანდელ ჩვენ ბატონებს, რომელნიც თავმოკატუნებით და პირფერობით აქებენ ჩვენს მთავრობას, წესწყობილებას, ქართველთ სიგმირეს, ხოლო გულში კი სურთ თქვან, რა ბეჩავები არიანო რუსეთისაგან გამოყოფილი ქართველები, ესეც ყოველი უმეტეს მამხნევებს, ვთქვა: მეც ამ „ბეჩავ” ქართველობას ვეკუთვნიო”.

გაიძვერების პირით მესმის რაღაც უკუღმართი ცნობები შესახებ „მეგრელთ“ ,“მაფალუასი, აჭარლების ,,განდეგილობისა, მესხთ “ორგულობისა, ლეჩხუმელთ “განცალკევებისა” და ვკვირობ, ნუთუ სადმე ჩვენში კიდევ მოიპოვება ისეთი ბეხრეკი, რომ ახალ გაერთებულ საქართველოს დროშას თავი არ მოუხაროს რა წრფელის წმინდა გულით და არ ღაღადყოს: მე ჭეშმარიტი ქართველი ვარ და არა ინგილო, ქიზიყელი, თუში, ხევსური, კახელი, ქართლელი, იმერი, რაჭველი, სვანი, მეგრელი, აჭარელი, მესხი ან გურული, ყველანი ღვიძლი ძმები ვართ სისხლით, ჩამომავლობით, ისტორიით, გადმოცემით.

გადავხედავ ჩვენს რუკას, მაჩვენებს კლარჯეთს, ლაზისტანს, მესხეთს, ქართლ-კახეთს, იმერეთს, სამეგრელოს, აფხაზეთს, გურიას და მთელს კი საქართველოს, ბაგრატ III-ის გაერთიანებულ იმპერიას, სადაც არ იყო კერძო მისადევრის კაცი, არამედ ყველგან მხოლოდ ქართველი, და ისევ მეღვიძება ჩემი ეროვნული სიამაყე, რომ ვარ მარტო ქართველი.

ვკითხულობ ძველ მატიანეებს, დიდ მგოსნებს და მწერლებს, ყველგან ვხედავ, რომ განცალკევების დროსაც კი ყველა მისადევრის კაცი გრძნობდა თავს ქართველად, ყველას ანბანი ერთი იყო, ყველას საერთო მეტყველება განუყოფელი იყო, ყველა ერთნაირ ქართლურ სწორმეტყველებით სწერდა და მსჯელობდა, თვით სალაშქროდაც კი იკრიფებოდნენ ერთად დიდუბეს „კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით, ფშავი, ხევსური აბჯარით, მკლავით ძლიერით ქართლელი ვით ციხე-ბურჯი მაგარი, ოსი ფეხმარდი, მთიული ბრძოლაში შეუპოვარი, მესხი სწავლითა ქებული, გმირი იმერი ზრდილობით და მშვილდოსნობით აფხაზი, გურული, მეგრი
 მკვირცხლობით”. ყველა ამასაც გონების თვალს გადავავლებ, ისევე ვამაყობ, რომ ვარ მხოლოდ ქართველი.

სწავლობ ჩვენ უმდიდრეს მუზეუმების უძვირფასეს ტყავზე ნაწერ წიგნებს, ამ ნამუშევრებს მეგრელ-იმერ-აჭარ-მესხ-ქართლ-კახელისას და ვერსად კი ვერ ვამჩნევ დამწერის, მთარგმნელის თუ გადამწერის მისადევრობას, მეგრელობას, სვანობას, მესხობას, იმერ-ამერობას; ოღონდ აღნიშნავენ, გადავწერეო ცაგერს, ქუთაისს, გელათს, ცაიშს, შემოქმედს, წყაროსთავს, მცხეთას, ალავერდს და სხ. არვინ ამბობს, ვარო კახელი, ქართლელი, იმერი, მეგრელი და სხ., არამედ ყველა პატარაიები, ხორგაიები თავის თავს არ განასხვავებენ დანაშთენ ქართველებისაგან.
ვხედავ ამას შორეული საინგილოს შვილი და მენუკება, რომ მეც დავბადებულვარ ქართველად.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის წმინდა დროშამ გაგვაერთიანა ისე, როგორც ერთ დროს ბაგრატ მესამემ, აღმაშენებელმა, თამარმა, გიორგი ბრწყინვალემ.

ამის მხილველს წინ როგორ არ უნდა დაილიოს ყოველი კერძოობა, ყოველი ,,აშორდიობა, ყოველი ,,მაფალუობა” ყოველი “აჭარლობა, ,,მესხობა, ,,ინგილობა” და სხ. ისტორიის მსვლელობაში არ ყოფილა ესეთები და არც უნდა იყოს, არც უნდა შევქმნათ. არსებობდა ერთადერთი მაფალუობა-ქართული, არსებობდა ერთადერთი იერი, ისევ ქართველი, არსებობდა ერთადერთი ღვიძლი ენა, კვლავ ქართული, არსებობდა ერთადერთი გასაგები და უაღრესი კულტურა, ისევ ქართული. არსად სჩანს დანაწილებული კულტურა მეგრელთა, კახთა, სვანთა, კლარჯთა, მესხთა, იმერ-ამერთა, არამედ მხოლოდ ქართული. ყოველი ნაშთი დაწერილია ქართულის ენით, ყოველი ძეგლი დადგმულია ქართველის ხელით, ყოველ ძეგლზე მხოლოდ ქართული წარწერებია და ქართული ფრესკები. სად არის აქ საზდო კერძო მაფალუებისა, კერძო აშორდიობისა, კერძო მისადევრობისა! არსად, სრულიად არსად.

თვით უენო ქვანიც კი ღაღადებენ ჩვენ ყველას საერთო განუყოფელ და განუყოფელ ქართველობას.

უკუღმართობის დევიზმა ,,divide et impera”-მ თუ დაბადა აშორდიობა, სახარების გაწყობა მისადევრის ენაზე, ეს იმიტომ, რომ დაყოფით თვითონ ამ დევიზის პატრონს ებატონა და განცალკევებულები გზიანად ეხრაკა მხურვალე ტაფაზე. და ჩვენ დღეს, როდესაც ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნის და ჩვენვე გვეყუდნის, რადღა უნდა ვებღაუჭოთ იმ ჩვენ მტრების დევიზს, რატომ ზიზღით არ უნდა შევუქციოთ პირი ჩვენ გამთიშველთა მზაკვრულ ოინებს.

არ უნდა ვაზვიადებდეთ თავს, თუ ჩვენის მისადევრების კილოკავებში, გინდ ,,ივერიულ მეგრულ ენაში” შენახულა რამ თვალსაჩინო, ვინაითგან თვით ეს თვალსაჩინოც კუთვნილებაა ყველა ქართველობისა, ქართულ კულტურისა.

მე ერთხელ კიდეც გამოვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ ყოველი კერძო, სამისადევრო გამოსვლები დღეიდგან უნდა მოისპოს სამუდამოდ, აღარ უნდა დაშთეს საბოგინოდ თვით ისეთი სახელებიც კი, ვით ინგილო, თუში, სვანი, მეგრელი და სხვ., არამედ ჩვენი შინა-წყლის მთელი ზედაპირი დაიყოს ისე, რომ ყველგან სჩანდეს მხოლოდ და მარტოკა ქართველი და მისი საკულტო ,,მაფალუები”.

განცალკავება მშლელია, მძაბუნებელი, ერთობა კი სასწაულების მომხდენი, თქმულა. ერთობამან განხეთქა მთა და გორია. კერძოობა სულ მიივიწყეთ, თუ გულით გსურთ დასტკბეთ რიჟრაჟი თავისუფლებით…

„საქართველო” 1919, N 149, 17 ივლისი.