ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი
04:47:13     19-03-2012
ხელოვნების ნაწარმოები უნდა განაპირობებდეს მხატვრის მიერ წარსულის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ყოველმხრივ და ღრმა გაცნობას.
ორნამენტი ქართული არქიტექტურული ორნამენტიკის სწორი გამოყენებისათვის საჭიროა, ერთი მხრივ, ვიცნობდეთ შენობის ფასადებზე, ან ინტერიერში კვეთილი ორნამენტის გამოყენების ხერხებს, წარმოდგენა გვქონდეს ნაგებობის მასებთან ორნამენტის შერწყმის სხვადასხვა ხერხზე, ხოლო მეორე მხრივ, თავისუფლად ვერკვეოდეთ ორნამენტის მდიდარ მრავალფეროვნებაში.
ჩუქურთმა, რომლის დანიშნულებაცაა, შეამკოს შენობის ფასადი, მკაფიოდ გამოხატოს კედლის სიბრტყის დანაწევრება, ან, პირიქით, მისი ერთიანობა, ქართულ ხუროთმოძღვრებაში უძველესი დროიდან შენობის მხატვრული კონცეფციის არსებით ელემენტს შეადგენდა. იგი მუშავდებოდა საუკუნეების მანძილზე და ჩვენს დროშიც არ დაუკარგავს მხატვრული ზემოქმედების ქმედითი ელემენტის მნიშვნელობა.
ერთგვარი ხარვეზი, რომელიც საქართველოში არაბთა ბატონობის ხანას ემთხვევა, მხოლოდ პირველ ხანებში იყო მშენებლობის დროებითი შეწყვეტის გამო. ხართული ხუროთმოძღვრების ისტორიის ამ მეტად საინტერესო პერიოდში, როცა დაძაბული ეძებდნენ ახალ თემებს, ფორმებსა და მოტივებს, მოჩუქურთმებას დიდი ყურადღება აღარ ექცეოდა. ეს გამოიწვია საშენი მასალის ხარისხმა, რაც ეკონომიურმა მდგომარეობამ განაპირობა.
ორნამენტი
X საუკუნე ახალ ეტაპს წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაშიც. კონსტრუქციული ხასიათის ძიებანი აღარ იზიდავს ხუროთმოძღვარს. ეპოქის ამოცანას შეადგენს შენობის გრანდიოზულობისა და სიდიადის შთაბეჭდილების შექმნა. ნაგებობების როგორც ფასადებზე, ისე ინტერიერში დეკორატიული სამკაულის სიმდიდრე გამოწვეულია ახალი მოთხოვნილებით, რაც ხასიათდებოდა მკაფიო ცხოველხატულობით.
X საუკუნის ხუროთმოძღვარი არა მარტო აფართოებს შენობის ფასადზე ორნამენტული დეკორის გამოყენების სფეროს, მას ორნამენტი ხალისით შეაქვს ინტერიერშიც.
ჯერ კიდევ X ს-ის მეორე ნახევარში არქიტექტურაში ჩასახულმა ყველა ძირითადმა ტენდენციამ სრულ განვითარებას XI საუკუნის დასაწყისში მიაღწია. ასევე, შენობის ფასადის ჩუქურთმებით უფროდაუფრო შემკობის მოთხოვნილებაც მეტად ვლინდება.
ორნამენტი ორნამენტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ემსახურებოდა მხოლოდ არქიტექტურული ფორმების აქცენტირებას, სრულუფლებიანი კომპონენტი ხდება ფასადის მხატვრულ კომპოზიციაში, რომელიც გამდიდრებულია დეკორატიული მოტივების შეტანით. ასეთებია: დიდი დეკორატიული ჯვარი საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, დეკორატიული კვადრატები იმავე სარკმლის ქვეშ, მოჩუქურთმებული დისკოები და ბრტყელი როზეტები, ცალკეული სიუჟეტური რელიეფები. განსაკუთრებით საყურადღებოა ტაძრების გუმბათის ყელზე ფართო, მოჩუქურთმებული მოჩარჩოება სარკმლებისა, რომელთაც X საუკუნეში ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ მკაცრი სახე, რაც ადრინდელი ძეგლებისთვისაც დამახასიათებელი იყო.
XI საუკუნის პირველი ნახევრის ზოგიერთ ძეგლზე (ნიკორწმიდა) გუმბათის ყელი, რომელზედაც სარკმლების ორნამენტიანი საპირეები მხოლოდ დეკორატიული თაღედის სვეტთა კონებით გამოიყოფა ერთმანეთისაგან, ფართო, მთლიანად მოჩუქურთმებული სარტყლის სახეს იღებს.
ქართული ჩუქურთმის უმდიდრეს რეპერტუარში ვაზი ერთადერთი მცენარეა, რომელიც ინარჩუნებს ინდივიდუალობას. ვაზი ჩვენში კულტად ქცეული მცენარე იყო, ამიტომ ტაძრების დეკორში მისი გამოსახულება საკმაოდ ხშირად ვლინდება
ორნამენტის დეტალების მოდელირების განსაკუთრებული პლასტიკური ხერხები, მისწრაფება ორნამენტული სქემის გაცხოველებისადმი მისი დეტალების დაუსრულებელი სახეცვლით, დროთა განმავლობაში ადგილს უთმობს სხვა თვისებებს და ჩნდება მოთხოვნილება, რომ ნაწარმოები ცხოველხატულ მთელს შეადგენდეს, ორნამენტი მხოლოდ საერთო შთაბეჭდილებას უნდა ემსახურებოდეს და ამის გამო იგი აღარ საჭიროებს ცალკეულ ინდივიდუალიზაციას.
ქეთი ჭელიძე