ძამის ციხე (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)

  04:42:40     19-03-2012

ძამის ციხე მდებარეობს შიდა ქართლში, ძამის ხეობაში, ქარელის რაიონში, სოფელ ორთუბნის სამხრეთით 2 კილომეტრზე, მაღალ მთაზე, ქარელიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ძამის ციხე მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე – იგი იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას. ისტორიულ წყაროებში ციხეს პირველად „მატიანე ქართლისაის“ ავტორი დემეტრე აფხაზთა მეფისა (967-975 წწ.) და მისი ძმის თეოდოსს შორის წარმოებულ ბრძოლებთან დაკავშირებით იხსენიებს. თეოდოსმა დახმარება სთხოვა ძამის ხეობის გამგებელს ადარნასეს. ძამის მთავარმა თავის რეზიდენციაში – ძამის ციხეში შეიფარა თეოდოსი. „მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდენ სამ თუე ოდენ“. ბოლოს ადარნასე ძამელი და თეოდოსი იძულებულები გახდნენ დანებებოდნენ დემეტრეს.

ფეოდალურ საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შექმნის შემდეგ XI-XII საუკუნეებში ძამის ციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიას განაგებდა მეფის მოხელე ქართლის ერისმთავარი. XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ციხის გამგებელი გახდა საქართველოს დიდი ფეოდალი გამრეკელ-თორელი. მონღოლთა ბატონობის ხანაში, დავით VIII-ს მეფობის დროს (1293-1311 წწ), შინაფეოდალური ომების შედეგად, ძამის ციხეს მცირე ხნით ოსები დაეპატრონნენ. XIV საუკუნის დასაწყისშივე ციხე გამრეკელ-თორელებმა დაიბრუნეს. საუკუნის მანძილზე ციხეზე და ძამის ხეობის ზედა წელზე გამრეკელ-თორელები და მათი გვარის განაყარი შტო – ჯავახიშვილები ახორციელებდნენ კონტროლს. ამავე პერიოდში ციხეს ერთმანეთს ეცილებოდნენ ჯერ გამრეკელი და ორბოძლელები, ხოლო მოგვიანებით ორბოძლელები და ფანასკერტელ-ციციშვილები.

ძამის ციხის სიმტკიცე-მიუვალობა საგანგებოდ აქვთ ხაზგასმულ თემურლენგის კარის ისტორიკოსებს. თემურლენგის შემოსევის დროს 1400 წლის ზაფხულში გიორგი VII (1395-1407 წწ) მძიმე ბრძოლებით უკან დაიხია და ბოლოს ძამის ციხეში გამაგრდა. ციხეს ალყა შემოარტყა თემურლენგმა. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მეციხოვნეები მამაცურად იგერიებდნენ იერიშებს. ბოლოს იერიშს თვით თემურლენგი ჩაუდგა სათავეში და საალყო მანქანებით და დიდი ძალებით ციხე აიღო. გიორგი VII ლაშქრით ციხიდან გამოვიდა, გააპო ალყა და სავანეთის ციხეს მიაშურა.

XV საუკუნის დამდეგს ჯავახიშვილებმა დაკარგეს გავლენა ძამის ხეობის ზედა წელზე და ძამის ციხეზეც. მთელ ძამის ხეობაზე საბოლოოდ განიმტკიცა უფლებები ციციშვილთა გვარეულობამ. ვახუშტის თქმით „ამ ციხის ქუეშ სასახლეა ციციანთა“. XVIII საუკუნემდე ძამის ხეობა ციციშვილთა სათავადოში შედიოდა. ძამის ციხე ყოველთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო და მას ქვეყნის საერთო პოლიტიკურ ინტერესებისათვის იყენებდნენ.

XV საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა „ზაზა მკურნალი“, „ბრძენთ მთავარი“ ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, სადაც დაწერა მან საექიმო წიგნი - „კარაბადინი“.

ციხე (დაახლოებით 22 X 18 მ) რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენისაგან შედგება. მათი ერთმანეთისაგან ზუსტად გამიჯვნა შეუძლებელია. თავდაპირველად აქ უნდა მდგარიყო სამკუთხედად განლაგებული სამი კოშკი, რომელთაგან ორი გალავანში იყო ჩართული. სხვა კოშკები და საცხოვრებელი შენობები აგებულია მოგვიანებით. ციხე ნაგებია ნატეხი ქვით, ზოგიერთ ნაგებობაზე გამოყენებულია თლილი ქვაც. ჩრდილოეთით მდგარი კოშკის ზედა ნაწილი, ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკის დასავლეთისა და სამხრეთის კედლები და ჩრდილო-დასავლეთის კოშკის ჩრდილოეთ ნაწილი სხვადასხვა დროს აღდგენილია.

 ჩრდილოეთის სწორკუთხა დიდი კოშკისაგან მხოლოდ სამი სართულია შემორჩენილი. სართულშუა გადახურვა ხისა ყოფილა. შესასვლელი მეორე სართულზეა, სარკმლები - ყველა სართულზე. მეორე სართულზე ბუხარი და ნიშებია. კოშკის სამხრეთით მდებარე ციხეს კლდოვანი რელიეფის შესაბამისად რთული გეგმა აქვს. მის ჩრდილოეთ და დასავლეთ კუთხეებში სამსართულიანი ელიფსური კოშკები დგას. ეზოს დასავლეთ მონაკვეთში საცხოვრებელი შენობაა. სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში მდგარი ნაგებობის ქვედა სართულში ორი ეკლესიაა, ზემოთ სხვადასხვა დანიშნულების სათავსებია. ჩრდილო-აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის კოშკებიც სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. კოშკებში ყოველ სართულზე ბუხრები, სარკმლები და ნიშებია. ჩრდილო-დასავლეთის კოშკის გასწვრივ, სამხრეთით სამსართულიანი საცხოვრებელია. პირველი სართულის კედელში თითქმის 2 მ სიგანისა და სიმაღლის ბუხარია. ეზოს ცენტრალური და სამხრეთის მონაკვეთი სამსართულიან ნაგებობას უჭირავს. ციხის გარეთ ჩანს წყალსადენის კერამიკული მილები.

წყარო