Wprost: ზეწოლის შედეგად, რუსეთი იძულებული იქნება აღიაროს პასუხისმგებლობა სმოლენსკზე

  15:18:19     18-03-2012

„ზეწოლის ქვეშ, რუსები აღიარებენ, რომ სმოლენსკის გამო პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ“ - ასეთი სათაურის პუბლიკაციას აქვეყნებს პოლონური გამოცემა Wprost. პუბლიკაციაში საუბარია იმაზე, რომ  პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფა საერთაშორისო განხილვის საგნად უნდა იქცეს.

28 მარტს, ამ საკითხზე, ევროპარლამენტში საზოგადოებრივი მოსმენის ჩატარება იგეგმება. სმოლენსკის კატასტროფასთან დაკავშირებით, პოლონეთის პროკურატურაშიც ახალი მოთხოვნა შევა, კერძოდ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი ჩინოვნიკის მიმართ.

„მოსმენის მიზანია კატასტროფასთან დაკავშირებული ახალი ფაქტებისა და გარემოებებისა წარმოდგენა, რომელთა შესახებაც  ინფორმაცია ძალიან ცოტაა,. რადგან ძირითადად ვრცელდება კატასტროფის რუსული ვერსია, იმიტომ რომ პოლონეთის ხელისუფლება არ მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას“ - ამბობს პროფესორი რიშარდ ლეგუტკო, რომელიც ევროპარლამენტის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ფრაქციის წევრია და პარტია „კანონი და სამართლიანობა“-ს ხელმძღვანელობს. მან ასევე განაცხადა, რომ მისი პარტიის სახელით ევროპარლამენტი განიხილავს მოწოდებას, დაიწყოს სმოლენსკის ტრაგედიის საერთაშორისო გამოძიება. ლეგუტკოს კოლეგა რიშარდ ჩერნიცკი კი აღნიშნავს, რომ „საზოგადოებრივი მოსმენა არის შემდეგი ეტაპი სმოლენსკის საკითხის ინტერნაციონალიზაციისა. მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლამ შეიძლება აიძულოს რუსები, დააბრუნონ შავი ყუთი და აღიარონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც 2010 წლის 10 აპრილს მოხდა“ - თქვა მან.

ევროპარლამენტში დაგეგმილ საზოგადოებრივ მოსმენასთან დაკავშირებით, მომზადებულ იქნა სპეციალური ბროშურა და ვებგვერდი. სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ანტონ მაცარევიჩი, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიის თემას დიდი ხანია აშუქებს, წერს რომ უახლოეს მომავალში პოლონეთის პროკურატურაშიც შევა განცხადება მომხდარ კატასტროფაში პოლონეთის საგარეო უწყების ზოგიერთი ჩინოვნიკის სავარუადო დანაშაულთან დაკავშირებით. საგარეო უწყებას ბრალი ედება იმაში, რომ სმოლენსკში არ მოამზადა ავტოკოლონა, მისი დიპლომატების მოქმედება კი კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და მის შემდეგ „აღმაშფოთებელი იყო“. მაცარევიჩი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია ისიც, რამაც პოლონეთი ტრაგედიის შემდეგ კიდევ ერთხელ დააზარალა, ეს არის რუსული პროპაგანდა.

ჟურნალისტი ანტონ მაცარევიჩი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ სმოლენსკის ტრაგედია არ იყო უბედური შემთხვევა და ის პუტინი-ტუსკის მოლაპარაკების შედეგია, რომლებმაც ლეხ კაჩინსკის ლიკვიდაცაია ერთად დაგეგმეს.

მან კატასტროფამდე არსებული „რუსულ-პოლონური ვითარება“ შეისწავლა და  დაწერა, რომ ლეხ კაჩინსკი, რომელსაც პოლონეთი რეალური დამოუკიდებლობისკენ მიჰყავდა, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელი მოთამაშის როლში უნდა გაეყვანა, მოსკოვის გეგმებს ეწინააღმდეგებოდა.