ქართველთა გასომხების ზოგიერთი მიზეზი დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხის“ მიხედვით

  13:21:43     17-03-2012

1830 წლის 18 მარტს, სოფელ ყვავილში დაიბადა დიდი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი დანიელ ჭონქაძე.

მხოლოდ დიდ მწერალს შეუძლია ასე დიდებულად გადმოგვცეს ადამიანის გადაგვარებული ბუნება:

- „ეჰ, დედაკაცო, მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი! ხვალვე მზად იყავი! — უბრძანა ბატონმა და გაიცინა, იმიტომ, რომ ერთმა წევარმა რაღაცა სასაცილო ქნა. ოჰ, რა საზარელი იყო ის სიცილი დედი-ჩემის მწუხარებასთან! მე დარწმუნებული ვარ, რომ მასში არ იცინოდა კაცი, კაცში იცინოდა ეშმაკი. იმისთანა დროს, მხოლოდ ეშმაკს შეუძლიან გაცინება“.

დანიელ ჭონქაძის დედას მელანია ერქვა. მამა, მღვდელი გიორგი მისიონერად მოღვაწეობდა ოსებს შორის. მისი ვერაგული მკვლელობის ისტორიას თავი ავარიდოთ...

გავიდა დრო... მიუხედავად ამისა, მამა გიორგის ვაჟს, დანიელ ჭონქაძეს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ოსების წინაშე. ის შეისწავლიდა ოსი ხალხის ცხოვრებას, ოსურ ენას. ჰქონდა სპეციალური გამოკვლევები ოსების შესახებ.

დანიელ ჭონქაძემ შეადგინა რუსულ-ოსური ლექსიკონი. ამ ლექსიკონის ნაწილი შემორჩენილია. მან ოსურ ენაზე თარგმნა ბასილი დიდის წირვა, ქართული ანდაზები, თქმულებები და ზღაპრები. დანიელ ჭონქაძემ შეაგროვა ქართული და ოსური სიტყვიერების ნიმუშები. მათი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა 1868 წელს, მწერლისა და მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ.

სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა დანიელ ჭონქაზე, მაგრამ ოსი ხალხისათვის გააკეთა ძალიან ბევრი.

ასევე ბევრი გააკეთა ქართველი ხალხისათვის. მართალია მისი ერთადერი გამოქვეყნებული ნაწარმოები იყო ცნობილი „სურამის ციხე“, რომელიც დაიბეჭდა 1859-1860 წლებში, თუმცა ამ ნაწარმოებს საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს:

„მოთხრობაში გამოყენებულია სურამის ციხის აგების ლეგენდა, რაც განუმეორებელ კოლორიტს სძენს დღევანდელი გაგებით უკვე საკმაოდ ტრივიალურ თემაზე შექმნილ ნაწარმოებს (ყმა გლეხთა დუხჭირი ყოფა, ბატონსა და ყმას შორის არსებული სასტიკი წინააღმდეგობა, ჩაგრული ხალხის ფეხქვეშ გათელილი ადამიანური ღირსება, ცრუმორწმუნეობით აღძრული უბედურება, სავაჭრო ბურჟუაზიის პირველი ნაბიჯები საქართველოში). ლეგენდურისა და ყოფით-რეალურის საიმდროოდ უჩვეულო შერწყმა, ავტორის დახვეწილი ფსიქოლოგიზმი, საინტერესო ხასიათების გამოძერწვის უნარი, სიუჟეტისა და კომპოზიციის მახვილი გრძნობა და ორიგინალური სტილი იყო მიზეზი იმ ხიბლისა, რომელიც იმთავითვე ახლდა და დღემდეც შემორჩა „სურამის ციხეს“. მოთხრობას დაბეჭდვისთანევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას სპეციელური წერილები უძღვნეს ა. ორბელიანმა, ა. ფურცელაზემ, კ. ლორთქიფანიძემ. დავით მესხის მიერ პიესად გადაკეთებული „სურამის ციხე“ იდგმებოდა XIX საუკუნეში თეატრში. ჩვენი საუკუნის (იგულისხმება XX საუკუნე. - გ. მ.) 30-იან წლებში ნაწარმოები ხელახლა გადაკეთდა პიესად და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენას დიდხანს შერჩა. „სურამის ციხე“ არაერთხელ გამოიცა ცალკე წიგნადაც“ (ქართული მწერლობა, I, გვ. 438).

სწავლობდა კავკავის სასულიერო სასწავლებელში (1839-1845) და ტფილისის სასულიერო სემინარიაში (1845-1851). სემინარია წარჩინებით დაამთავრა. დანიელ ჭონქაძემ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კარგად იცოდა ოსური ენა და ასწავლიდა ოსურს სტავროპოლის, მერე კი ტფილისის სასულიერო სემინარიაში (1855). ტფილისში მისივე მოთხოვნით გადმოუყვანიათ. პარალელურად მსახურობდა სასულიერო სინოდის კანტორაში მაგიდის უფროსად (1858 წლიდან).

მისი მოწაფე იაკობ გოგებაშვილი იხსენებდა, რომ დანიელ ჭონქაძეს ჰქონდა მამისაგან დატოვებული სახლი და მამული დუშეთის მაზრაში. ზაფხულის გატარება იქ უყვარდა. ძალიან ჰყვარებია ახლგაზრდები.

თვითონ ჭლექით დაავადდა. ცხოვრობდა ცუდ პირობებში. ბევრს მუშაობდა. როგორც ვთქვით, ადგენდა რუსულ-ოსურ ლექსიკონს. ერთ პირად წერილში წერდა: „მე ამ შრომას ხელი მოვკიდე მთელი ჩემი ენერგიით ისე, როგორც შეშვენის ახალგაზრდას, რომელსაც სურს კარიერა შეიქმნას, მაგრამ ეს შრომა სამ ასოზედაც არ მქონდა შედგენილი, რომ დამიწყო სისხლის ღებინება“.

როგორც ამბობენ, „სურამის ციხის“ დასრულების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დაუწყია მოთხრობის - „ვინ არის დამნაშავის“ წერა. ეს ნაწარმოებიც სოციალურ თემაზე ყოფილა, ბატონისა და ყმის ურთიერთობაზე. ამის გარდა, როგორც ვთქვით, მწერალი აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების  ნამუშევრებს. მისი ანდერძიდან ირკვევა, რომ თავისი ვაჟის – გიორგისათვის უანდერძებია „ძველი ხელნაწერები“. სამწუხაროდ, ამ ხელნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ, ხელნაწერები დაწვეს, როგორც ჭლექიანის ხელში ნამყოფი.

„სურამის ციხის“ ნაწილი მწერალმა გამოაქვეყნა „ცისკრის“ 1859 წლის 14-ე ნომერში. ზოგიერთებმა, როგორც ეს ალექსანდრე ორბელიანს თავის ხელნაწერ შრომაში აქვს აღნიშნული, თავის თავზე მიიღეს „სურამის ციხეში“ გადმოცემული მებატონეთა მოქმედებანი. „ცისკრის“ რედაქტორს ივანე კერესელიძეს, რომელიც მწერალთან მეგობრობდა, „სურამის ციხის“ დაბეჭდვისათვის უსიამოვნება შემთხვევია.

„სურამის ციხის“ გამოქვეყნების შემდეგ დანიელ ჭონქაძე მალე გარდაიცვალა ჭლექით. ანდერძის თანახმად იგი დაკრძალეს თბილისში,  ვერის სასაფლაოზე, თავისი მეუღლის გვერდით.

მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს „სურამის ციხიდან“, ოსმან-აღასა და მისი დის „გასომხების“ მიზეზს, რომელსაც ექსპრესიულად გადმოგვცემს დიდი მწერალი, ოსმან-აღას „გათათრების“ მიზეზი კიდევ უფრო საშინელია და აღარ მოვიტანთ, მკითხველს ახსოვს. ასე იწირებოდა რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარი, გადაგვარებული, ზოგიერი ბატონისა და სამღვდელოს მიერ ქართული გენი, რაც ხშირად მათთვისაც, გამწირველებისთვისაც, ტრაგიკულად მთავრდებოდა. რა საშინელია, ზიარების საიდუმლო თუ დაირღვევა...

სურამის ციხე

III

ოსმან-აღა

(ნაწყვეტი)

ერთხელ მოვიდა ჩემს ბატონთან ერთი მღვდელი კახეთიდან. ვახშამზე რომ ვემსახურებოდი მათ, იმ მღვდელს ჩემმა ბატონმა თვალით აჩვენა ჩემზე. მღვდელმა ამხედა, ჩამხედა და ბატონს დაუწყო რაღაცა ლაპარაკი ჩუმად.

არ ვიცი, რადა, მაგრამ რომ დამიწყო ყურება, ჟრუანტელმა დამიარა ტანში და ამეშალა თმა, გულმა იგრძნო, რომ ჩემს თავს მოელოდა რაღაცა უბედურება.

მეორე დღეს ბატონმა დაიბარა დედაჩემი და უბრძანა, რომ მოვემზადებინეთ მე და ჩემი და იმ მღვდლის გასაყოლად.

- რადა, შენი ჭირიმე?

 - რადა? გავყიდე და იმიტომ!

რასაკვირველია, ეს გამჟღავნება მე მივიღე ისე, ვითომც მცოდნოდა და შევჩვეოდე იმ აზრს და, რაკი აღარ გამიკვირდა, დედაჩემმაც არ დაიწყო ტირილი, მხოლოდ შებარბაცდა ცოტად და მე დამიჭირა თავი და გულზე მიმიკრა. ხელებზე შევატყე, რომ ჰქონდა ცივი ყინულივით და უკანკალებდნენ.

 შემდგომ რამოდენიმე წუთისა, დედაჩემი დაემხო მიწაზე და დაუწყო ხვეწნა ბატონს, ისე, როგორც შეუძლია ხვეწნა დედას, რომელსაც საუკუნოდ ართმევენ შვილსა. ბატონმა უბრძანა ბიჭებს, რომ გაეგდოთ ის კარში. დედაჩემი ადგა და გამოვიდა, მხოლოდ ჰკითხა ბატონს, საროდისოდ მოვემზადებინეთ. ბატონმა უბრძანა, სახვალიოდო.

იმ ღამეს, შუაღამისას, როდესაც ყველამ დაიძინა, დედაჩემი ადგა, გამაღვიძა და შემდგომ დარიგებისა - სად მომეცადა, გამგზავნა კარში, ცოტახანს უკან გამოვიდა ჩემთან დედაჩემი დით.

 - აბა, ახლა, შვილებო, ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ გზას - გვითხრა დედაჩემმა, გადაგვწერა პირჯვარი და გაგვიძღვა წინ.

ღამე იყო შემოდგომისა, ბურუსიანი და ბნელი. დედაჩემმა იფიქრა, თუ საძებნად გამოგვიდგებოდნენ, მოგვძებნიდნენ უფრო უალაგო-ალაგას ტყეში, და ამიტომ დაადგა ქალაქის გზას და იმაზე წამოგვიყვანა. რომ ირიჟრაჟა, ჩამოვედით ღართისკარის ჭალაში. აქ დედაჩემმა აგვსვა ჩვენ ერთ დიდ მუხაზე, რომელიც სხვებზე უფრო იყო შემოსილი ფოთოლით და გვითხრა, რომ ვყოფილიყავით იქ ჩუმად. მთელი დღე გავატარეთ იქ და რომ დაღამდა, ჩამოვედით და წამოვედით ქალაქში.

შემდგომ მე მიკვირდა, რატომ ბატონი არ გამოგვიდგა მეთქი, და ანდა დედაჩემმა ქალაქისკენ რად წამოგვიყვანა და არა ფშავისაკენ, სადაც დედაჩემს ჰყავდა დედის ძმები; მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბატონი მართლა გამოგვდგომოდა საძებრად მეძებრებით და ვეძებნეთ ფშავის გზაზე. დედაჩემი მიხვდა, რომ ასე იქნებოდა და ამიტომ წამოგვიყვანა ქალაქს.

ქალაქს რომ ჩამოვედით, ერთი კვირა ისე გაგვიძნელდა ცხოვრება, რომ კინაღამ შიმშილით დავიხოცენით. სოფლიდან რაც ხორაგი წამოვიღეთ, ის მესამე დღეს გამოგველია და მერე თუმცა მათხოვრობა დავიწყეთ, მაგრამ არავინ არა მოგვცა-რა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათხოვრობასაც თავისი ოსტატობა უნდა, რომ შეაბრალო თავი, რომელიც ჩვენ არ გვქონდა და მეორე - არა გვქონდა იმისთანა ნაკლულოვანება სხეულისა, რომ შევბრალებოდით ხალხს. მაგრამ განგება ღვთისა არსად აგდებს კაცს უნუგეშოდ. ერთი კვირის უკან დედაჩემმა დაგვაყენა ერთ ბერძენთან მოჯამაგირედ, თითონ კი დაიჭირა კლდის უბანში ერთი პაწაწა ოთახი და დაიწყო პურის მცხობლობა. დამავიწყდა მეთქვა, დედაჩემმა დაირქვა სომხობა და სუყველას სახელები გამოგვიცვალა: თვითონ დაირქვა მათუა, მე დამარქვა კარაპეტა და ჩემს დას- შუშანა.

ასე გავატარეთ დრო თითქმის ხუთი წელიწადი. ჩემი და გაიზარდა და მივათხოვეთ სომეხს, ჩვენც დავდიოდით სომხის საყდარში, მაგრამ არც მე და არც დედაჩემი არა ვზიარებულვართ იმ ხუთ წელიწადში, იმიტომ, რომ სომხის საყდარში არ გვაზიარებდნენ, როცა შეიტყობდნენ, ქართველები ვიყავით; ქართულ ეკლესიაში კი ვერ ვბედავდით ზიარებას, იმიტომ, რომ გამოჩენისა გვეშინოდა. ერთხელ, მარიამობის მარხვაში, დედაჩემი ატყდა თუ არ ვეზიარე, არ იქნებაო. მე ვთხოვე რომ მღვდლისათვის არ ეთქვა სრულებით თავის ჩამომავლობა. დედამ მომცა პირობა, მაგრამ, ეტყობა, სინდისს ძლიერ შეეწუხებია, რომ ვერ გაეძლო და ეთქვა სულ ყველაფერი. იმავე დღეს, როცა თქვა აღსარება, ვიღაც კაცები დაგვესხნენ, შეგვიკრეს ხელები და გაგვიგდეს წინ.

რომ მივყავდით, საწყალ დედაჩემს რცხვენოდა ჩემი და თვალებით მეხვეწებოდა, რომ მიმეტევებია იმისთვის ეს შეცდომა.