ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსია

  17:22:14     16-03-2012

„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნონა გაფრინდაშვილი დღეს საღამოს, 20:00 სათზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.   

„პრესა.ჯი“–სთან საუბრისას გაფრინდაშვილი ამბობს, რომ   მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რომელსაც თითოეული მომხმარებელი დასვამს.

ამასთან ნონა გაფრინდაშვილს მიაჩნია, რომ ძირითადად აქცენტი „სახალხო კრებისა“ და ოლიგარქ ივანიშვილის არშემდგარ თანამშრომლობაზე იქნება.

დღესვე, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძემ მწვავე შეფასება გააკეთა ივანიშვილის მისამართით და განაცხადა, რომ მან პოლიტიკა არ იცის.  მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძეს განზე გადგომისკენ მოუწოდა, ოლიგარქის ეს პოზიცია ყველამ გააკრიტიკა. ივანიშვილის ამ გამოსვლით უკმაყოფილება არც კოალიციის წევრებს დაუმალავთ.

„ვის აქვს იმის უფლება მე სამშობლოს სიყვარული ამიკრძალოს, ან არგუმენტირებულად მითხრას, რომ ამ პროცესს ხელს ვუშლი? ჯერ ერთი, ეს „სახალხო კრების“ გადასაწყვეტია. ვიღაცამ რატომ უნდა მიკარნახოს სად წავიდე და სად არა? მესია საქართველოში ჯერ არ გამოცხადებულა და დანარჩენს არავის ამის უფლება არ აქვს. ჯერ ერთი რა პროცესს უნდა შევუშალო ხელი? საერთოდ რამე პროცესი არსებობს? უკაცრავად, მაგრამ სააკაშვილსაც არ უთქვამს, რომ ბურჯანაძე პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, იმიტომ რომ პოლიტიკოსია“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ჩანს, ოლიგარქი და მისი კოალიციის წევრები ცდილობენ ცალკეულ პოლიტიკოსებს თავიანთი თამაშის წესები შესთავაზონ. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა, ოლიგარქის მეთაურობით, ცენზების დაწესებას არ ერიდება პოლიტიკაში.

თავდაპირველად უდიპლომო „სექსოლოგმა“ არჩილ კბილაშვილმა გადაწყვიტა, რომ პოლიტიკაში სექსუალურად მომწიფებული და მატერიალურ მდგომარეობა მოწესრიგებული უნდა მოვიდეს ადამიანი პოლიტიკაში. ივანიშვილმა კი, ნინო ბურჯანაძეს მოუწოდა, თუ მე არ დამეხმარები, ხელს მაინც ნუ შემიშლი და განზე გადექიო.