აღიძვრება თუ არა საქმე ივანიშვილის წინააღმდეგ...

  15:38:44     16-03-2012

საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან მისი კოალიციის წევრებისთვის თანხების გადარიცხვას. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში განმარტავენ, რომ ოლიგარქის ეს ქმედება, წინააღმდეგობაში მოდის ქართულ კანონმდებლობასთან.

ბიძინა ივანიშვილმა, პირადი ანგარიშიდან, თანხები  მისი კოალიციის წევრებსა და მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრებს ჩაურიცხა, რომელმაც ჯამში   406 525,3 ლარი შეადგინა.

მოგელაძის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ააიპ „ქართული ოცნების“ მიერ მონიტორინგის სამსახურში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად, ამ ორგანიზაციის პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს სახელფასო ან სხვაგვარ ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან.

„დამატებითი კვლევების შედეგად კი დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები პირად დაფინანსებას იღებენ  ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან. დაფინანსების აღნიშნული სქემა წინააღმდეგობაშია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წარმოადგენს  სამართალდარღვევას“– ნათქვამია კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე.

შესაძლებელია თუ არა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ივანიშვილის მიერ სამართალდარღვევის ფაქტებზე?  იურისტი და ადვოკატი ქეთი ბექაური ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურს მიაჩნია, რომ რაიმე კანონდარღვევაა, მან უნდა პროკურატურას გადასცეს მასალები.

ადვოკატი არ თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაიმე ისეთი  სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა, რაც შეიძლება საქმის აღძვრის მიზეზი გახდეს. ბექაური იმასაც განმარტავს, რომ დეტალურად არ გაცნობია კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას და უფრო ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს.  „აღვნიშნავ, რომ თუკი კონტროლის პალატას აქვს რაიმე მტკიცებულებები ივანიშვილის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, ის მასალებს პროკურატურას გადასცემს, რის შემდეგაც სწორედ ეს უწყება აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს. პროცედურულად ასე იქნება“ – ამბობს ბექაური.

იურისტ დავით ასათიანს კი მიაჩნია, რომ თუ ეს არის ადმინისტრაციული გადაცდომა (სამართალდარღვევა), რომელშიც განსაზღვრულია შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სანქციები,  წინასწარი შეფასებით, ეს არ შეიძლება იყოს  სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი.

„კონკრეტულად რა სამართალდარღვევაზეა საუბარი, ვერ გეტყვით. თუ ეს ადმინისტრაციული გადაცდომაა, მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება  სამართლებრივად არასწორი იქნება. თუ ეს შეიცავს რაიმე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მაშინ ბუნებრივია რომ საქმე აღიძვრება“.

„პრესა.ჯი“ ამ თემაზე კომენტარისთვის დაუკავშირდა  ასევე „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს.

„პრესა.ჯი“:  კონტროლის პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები სამართალდარღვევის ფაქტზე,  ოლიგარქის პირადი ანგარიშიდან თანხის ჩარიცხვები კოალიციის წევრებისთვის შესაძლებელია გახდეს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი?

ზაქრო ქუცნაშვილი:  როდესაც კონტროლის პალატა აცხადებს რომ საქმე ეხება სამართალდარღვევას, იცით რა სახის სამართალდარღვევაზეა საუბარი? როდესაც ადამიანს ეუბნებით, რომ ჩადიხართ დანაშაულს, უნდა უთხრა რა დანაშაულზეა საუბარი.  

– ბიძინა  ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან სოლიდური თანხის გადარიცხვა პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშზე, არ შეიცავს კანონდარღვევას?

– კონტროლის პალატა დაუსაბუთებლად აკეთებს განცხადებებს. მათ ლოგიკას რომ გავყვეთ, გამოდის, რომ  ფიზიკური პირი გათანაბრებულია პოლიტიკურ პარტიასთან.

 ფიზიკურ პირს, როგორც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იურისტის მომსახურება, სტილისტის, ბუღალტრის, პიარ–მენეჯერის და აშ.

– თუმცა, პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკურ ხარჯებს ხომ კანონის შესაბამისად, სპეციალური ანგარიშებიდან უნდა ახორციელებდნენ?

– ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკური სუბიექტი, არც პარტია.

–  ის ადამიანები ხომ არიან, ვისაც თანხა ჩაერიცხათ? გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ასევე აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. როგორც ქვეყნის მოქალაქეობის არმქონეს, აქვს მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთების  უფლება?

– როგორც უცხოეთის მოქალაქეს, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ჰყავდეს პირადი ადვოკატი, იურისტი, ბუღალტერი, მენეჯერი და ა.შ.

– უცხოეთის მოქალაქე პოლიტიკურ პარტიას არ ქმნის, არ აფინანსებს და არ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მაგალითად, როგორიც არის „ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ვიქნები მე“!  

– რა არის ამ განცხადებაში უკანონო და ანტიკონსტიტუციური? 

მოგვიანებით  ქუცნაშვილმა ოლიგარქის პოლიტიკური განცხადებები იმით ახსნა, რომ მან 7 ოქტომბერს, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე იყო. თუმცა, გასული წლის 11 ოქტომბრის შემდეგ, რაც ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მან საკმაოდ მნიშვნელოვანი და მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, მათ შორის „ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ვიქნები მე“! ივანიშვილმა ეს  მიმდინარე წლის 28 თებერვალს განაცხადა.

ოლიგარქი რომ მისთვის (როგორც ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირისთვის), მინიჭებული  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო არ ხარჯავს მილიონებს, ეს ქუცნაშვილისთვის საიდუმლო არ უნდა იყოს.  კონტროლის პალატის განცხადებით,  მიმდინარეობს იმ სამართალდარღვევათა დადგენა, რომელიც ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან, მისი კოალიციის წევრების ანგარიშებზე თანხის გადარიცხვით დაფიქსირდა. რა რეაგირება მოყვება ამ საქმეს, ჯერჯერობით, უცნობია.

არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში, ოლიგარქის მიერ გულუხვად დასაჩუქრებული სხვა ადამიანების ვინაობაც გახდეს ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი ანგარიშიდან, თანხები ქვემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ანგარიშზე გადარიცხა:

ალექსანდრე ბარამიძეს - 12 500 ლ;  ალექსი პეტრიაშვილს - 6250 ლ;  ანა გოჩაშვილს - 5000 ლ;  ანა ქობულაძეს - 1250 ლ;  არჩილ კბილაშვილს - 12 500;  არჩილ ჩხარტიშვილი - 2500;  ბადრი პაიჭაშვილი - 2500; გიორგი არაბული - 2500;  გიორგი გეგეჭკორი - 12 500;  გიორგი ვოლსკი - 12 500;  გიორგი უძილაური - 11 250;  გურამ კუციავა - 2500;  დავით ზურაბიშვილი 6 250; დავით ლომიძე - 2500;  დავით ტყემალაძე - 3427,5;  ელისო ჩაფიძე - 6250;  ერეკლე ტრიპოლსკი - 95 097,75; ვასილ ჯანიკაშვილი - 2 500; ვახტანგ მამალაძე - 2500;  ვლადიმერ შენგალაია - 3 750; ზაალ გოგსაძე - 12 50022;  ზაზა ფირალიშვილი - 25 000; ზაქარია ქუცნაშვილი - 12 500; ზურაბ ბიგვავა - 12 500; ზურაბ ქარუმიძე - 3 125; თეა წულუკიანი - 6250;  თედო ჯაფარიძე - 12 500;  იმედა დარსალია - 2500;  ირაკლი სესიაშვილი - 12 500;  ირინე თევდორაშვილი - 3 750;  კახაბერ ჯონჯუა - 2500;  მაია მენაღარიშვილი - 2500; მაია ფანჯიკიძე - 6 250;  მანანა თოქმაჯიშვილი - 5000; ნანა მჭედლიშვილი - 5000;  ნინო გოგუაძე - 3 125;  ნოდარ ხადური - 21 250;  ნონა ყანდიაშვილი - 10 000; რატი ამაღლობელი - 12 500;  ტატიანა დათიკიშვილი - 3 750; ქეთევან შაიშმელაშვილი - 1250;  ქეთევან ჩიგოგიძე - 1750;  შალვა თადუმაძე - 12 500.