მინსკის მეტროში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები დახვრიტეს...

  13:55:14     16-03-2012

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სიკვდილმისჯილები ვლადისლავ კოვალიოვი და დიმიტრი კონოვალოვი, რომლებიც 2011 წლის 11 აპრილს მინსკის მეტროში მომხდარ აფეთქებაში არიან ბრალდებულები, უკვე დახვრეტილები არიან. კოვალიოვის დედა ვიტებსკიდან მინსკში გაემგზავრა, რათა შვილის ბედი გაარკვიოს. ამასთან, ადვოკატს ორი დღეა არ ძალევდნენ „კგბ“-ს საგამოძიებო იზოლატორში შესვლის უფლებას, სადაც, სიკვდილმისჯილები იყვნენ მოთავსებულები. წუხელ კი განუცხადეს, რომ კოვალიოვი იქ უკვე აღარ იმყოფება…

ადვოკატი შეეცადა, პატიმარი №1 საგამოძიებო იზოლატორში „ვოლოდარკა“-შიც მოეძებნა, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში  მოჰყავდათ სისრულეში დახვრეტის განაჩენები. თუმცა, როგორც BBC იუწყება, კოვალიოვის დედის განცხადებით, ადვოკატმა იქაც ვერაფრის გარკვევა შეძლო, რადგან მას განუცხადეს, რომ სიკვდილმისჯილი არც „ვოლოდარკა“-ში იმყოფება.

„იმედს ვიქონიებ, ბოლომდე ვიბრძოლებ, თუ, რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება ვინმესთვის ბრძოლა“ - განაცხადა სიკვდილმისჯილის დედამ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უარი თქვა კოვალიოვისა და კონოვალოვის შეწყალებაზე. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოსტფაქტუმ გააჟღერეს - მას შემდეგ, რაც სიკვდილმისჯილები უკვე დახვრიტეს. ეს კი, შეიძლება, 11 მარტის შემდეგ მომხდარიყო. ამ დღეს კოვალიოვის დედასა და დას პატიმართან 3-საათიანი პაემნის უფლება მისცეს.

კოვალიოვის და ჰყვება, რომ ის შეაშფოთა ძმასთან შეხვედრამ, რადგან ვლადისლავი „ძალიან დაღლილად გამოიყურებოდა, დაკარგული ჰქონდა „მებძოლი სული“. ის ზომაზე მეტად თავაზიანი იყო, რაც სხვა დროს არ ხდებოდა, დედის ყველა კითხვას პასუხობდა. ამ დღეს ნათესავებს იმის უფლებაც კი მისცეს, ვლადისლავისთვის უახლოეს მაღაზიაში რბილყდიანი წიგნი ეყიდათ, თანაც ისე, რომ ჯერ წერილის შეგზავნით გაერკვიათ, რომელ წიგნს ისურვებდა სიკვდილმისჯილი“...

ერთი საბედისწერო დამთხვევა აღმოაჩინა უფლებადამცველმა ლუდმილა გრიაზნოვამაც. კერძოდ, ის ამბობს, რომ მისი გამოკვლევებით, სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულება ბელორუსში, უკვე წლებია, ემთხვევა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სესიების თარიღს. ეს სხდომა 12 მარტს ჩატარდა, სწორედ იმავე დღეს გახდა ცნობილი ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, რომ ის „ტერორისტების“ შეწყალებას არ აპირებს.

ყველაზე უიმედო ვერსია კი, რაზეც ადგილობრივ გაზეთებსა და სოციალურ ქსელებში მიუთითებენ, არის ის, რომ ბელორუსში არსებული პრაქტიკის თანახმად „ მთელი პროცედურა სიკვდილით დასჯისა - პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე უარის თქმის მომენტიდან დაწყებული, თავში სროლამდე, ორ წუთზე მეტს არ გრძელდება. ნათესავებს არ გადასცემენ დახვრეტილთა ცხედრებს და არც მათი დაკრძალვის ადგილს ატყობინებენ“.

ექსპერტები ამბობენ, რომ ლუკაშენკოსგან ასეთი სასტიკი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან მას არასოდეს შეუწყალებია ადამიანები, რომლებიც მეტ-ნაკლებად მძიმე დანაშაულებში იყვნენ ბრალდებულები - აცხადებს რადიო „თავისუფლების“ პოლიტიკური მიმომხილველი იური დრაკოხრუსტი. მისი თქმით, ბელორუსის პრეზიდენტი „ძალიან ძუნწად იყენებს თავის უფლებას - შეიწყალოს სიკვდილმისჯილები და მისი მმართველობის 17-წლიან პერიოდში ასეთი რამ, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მხოლოდ ერთხელ მოხდა“ - განაცხადა დრაკოხრუსტმა.

საზოგადოების პროტესტი ჯერჯერობით, მხოლოდ გაზეთებსა და სოციალურ ქსელებში გამოიხატება, თუმცა საკმაოდ სუსტად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სასამართლოს მიერ დახვრეტის განაჩენის გამოტანის დღეს, რესპუბლიკაში სიკვდილმისჯილთა დასაცავად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოგროვდა კიდეც 270 ათასი ხელმოწერა, კოვალიოვის დედამ კი საქმე სტრასბურგამდე მიიტანა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სწორედ ამის გამო იძიეს მასზე შური. ლუბოვ კოვალიოვა იმედს არ ჰკარგავს, რომ მისი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ საეჭვოდ ეჩვენება 11 მარტს მასთან 3-საათიანი პაემნის დეტალებიც, რომელსაც ახლა აანალიზებს:

„მათ მაშინვე იცოდნენ, ვლადმაც იცოდა, მხოლოდ მე ვერ მივხვდი ვერაფრით, რატომ ჰქონდა ასეთი გამოხედვა. მას ნამდვილად რაღაცის თქმა სურდა“ - ამბობს ის.

შეგახსენებთ, კოვალიოვი და კონოვალოვი დამნაშავეებად სცნეს 2011 წელს მინსკის მეტროში მომხდარ ტერაქტში, რომლის შედეგადაც დაიღუპა 15 ადამიანი, ასობით მგზავრმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით, გამოძიებამ ორივე ახალგაზრდას, კიდევ ორი ტერაქტის მოწყობაში წაუყენა ბრალი: 2008 წელს მინსკში და 2005 წელს ვიტებსკში. კოვალიოვმაც და კონოვალოვმაც თავი დამნაშავედ ნაწილობრივ სცენს, მოგვიანებით კი კოვალიოვმა განაცხადა, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა. სასიკვდილო განაჩენის შემდეგ მან შეწყალებაც ითხოვა.