გოკა გაბაშვილი: ოპონენტებს მოვუწოდებთ, აფიორებსა და თაღლითურ სქემებს შეეშვან!

  07:30:30     16-03-2012

კონტროლის პალატის მიერ, “ქართული ოცნების” აქტივისტებისთვის ახსნა-განმარტების მასობრივი ჩამორთმევის გამო,  ივანიშვილი, ლევან ბეჟაშვილის უწყებას განურისხდა. ოლიგარქის პოზიციას მმართველი გუნდი არ იზიარებს და ოპონენტებს ურჩევს - თაღლითურ სქემებს თავი დაანებონ და პატიოსნად იმუშაონ.

როგორც „პრესა.ჯი“-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა, პარლამენტის მიერ მიღებულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი, რომელშიც კარგად არის ნაჩვენები, თუ რა არის აკრძალული და რა დაშვებული, რაც  პოლიტიკურმა სუბიექტებმა, საქმიანობის დროს, უნდა გაითვალისწინონ. მისი შეფასებით, კონტროლის პალატა, კანონის ფარგლებში მუშაობს და ის ყველა პარტიას ამოწმებს.

“კონტროლის პალატამ ეს უნდა აკონტროლოს და ვიღაცას შემოწმებები თუ არ სიამოვნებს და თვლის, რომ კანონი ფორმალურად იქნა მიღებული და სინამდვილეში, აფიორები და სქმები შეუძლია თავისუფლად დაალაგოს, ეს ასე არ გამოვა. კანონის გვერდის ავლა არ მოხდება”, - განაცხადა გაბაშვილმა.

დეპუტატი ოპონენტებს მოუწოდებს, საარჩევნო პერიოდში პატიოსნად იმუშაონ, რადგან არჩევნები ფულის შეჯიბრი არ არის.

“საერთოდ, ეს არჩევნები, ფულის შეჯიბრად არ უნდა იქცეს, რადგან ეს არის იდეების, მოსაზრებებისა და ხედვების შეჯიბრი. მართალია, მათ ფულის დახარჯვა საკმარისად შეუძლიათ, რადგან ფინანსები აქვთ მობილიზებული, მაგრამ მოეთხოვებათ, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით გააკეთონ და არა მისი გვერდის ავლით. კონტროლის პალატა თავს ნამდვილად არავის მოატყუებინებს - არც ოპოზიციას და არც ჩვენ. ამდენი განცხადებების კეთებას, ბევრად ურჩევნიათ კანონი არ დაარღვიონ, თაღლითური სქემები არ ააწყონ და იმაზე არ იმუშაონ, რომ ვიღაც მოატყუონ, სჯობს პატიოსნად იშრომონ და არანარი პრობლემა არ ექნებათ”, - განაცხადა დეპუტატმა.

 შეგახსენებთ, რომ „კონტროლის პალატამ “ქართული ოცნების” აქტივისტებს ახსნა-განმარტებები ჩამოართვა, ამის მიზეზად კი, უწყება პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ასახელებს. უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება, წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა, არამედ, მისი მიზანი - საზოგადოების წინაშე პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა.

ამასთან, კონტროლის პალატამ, მონიტორინგის ფარგლებში აღმოაჩინა, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში, მათ მიერ რელურად გაწეული ხარჯები ასახული არ არის. კერძოდ,  პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ  ორგანიზაცია “ქართული ოცნების” მიერ გაწეული ხარჯები - სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ. რეალობას არ შეესაბამება და მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახული არ არის.