ექვთიმე თაყაიშვილი – ქართული საგანძურის თავდადებული მცველი
06:09:01     16-03-2012
დიდი ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი, გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს. ჯერ კიდევ სულ პატარას მშობლები დაეღუპა.
ექვთიმე თაყაიშვილი სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლად დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად “გამოჩენა” ერცხვინებოდათ…
ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.
თავად ექვთიმე წერს :
“საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე….
საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს.
რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” დაარსება. ეს საზოგადოება მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აგროვებდა ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მოგზაურობა “სამუსულმანო საქართველოში”. ექსპედიციამ უამრავ მასალას მოუყარა თავი: ეთნოგრაფიულ და საარქივო ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს, ხელნაწერებს. ცალკე კოლექციას შეადგენდა ქართული ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები.
1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია “პარხლის სახარება”. ამას მოჰყვა
შატბერდული „ მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა, რკვევა და დათარიღება.
1890 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ერთად მოუყარა თავი და გამოაქვეყნა “სამი ისტორიული ქრონიკა”, სადაც წარმოდგენილია -”მოქცევაი ქართლისაი”, “სუმბატის ქრონიკა” და “მესხური მატიანე”. ამ გამოცემამ იგი ერთბაშად მაშინდელ დიდ სამამულო მოღვაწეთა გვერდით დააყენა.
ექვთიმეს დღენიადაგი ოცნება იყო სამხრეთ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა საფუძვლიანი აღწერა და შესწავლა. ჯერ, 1902 წელს, ხუროთმოძღვარ სიმონ კლდიაშვილისა და ფოტოგრაფ ალექსანდრე მამუჩაიშვილის თანხლებით, იმოგზაურა და აღწერა ახალციხე-ახალქალაქისა და არტაან-ოლთისის ძეგლები.
მეორე, უფრო სრული საფუძვლიანი ექსპედიცია ექვთიმემ მოაწყო 1907 წელს, ინჟინერ ანატოლი კალგინის, ფრანგი მასწავლებლისა და მოხალისე ფოტოგრაფის, ედუარდ ლიოზენის თანხლებით. მოიარეს კოლა, ოლთისი, ჩანგლი. მაშინ აღწერა ექვთიმემ ბანას დიდებული ტაძარი, ტაოსკარი, დადაშენი, ტახტორკანი, ჯიჯორი, ქუმურლუხი, კალმახი, ვაჩეძორი და მრავალი სხვა ძეგლი, ნაძეგლარი, ნანგრევი და ნამუსრევი.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, მან ასევე უდიდესი როლი ითამაშა 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.
საფრთხე კი მრავალი იყო: ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს. ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა.
ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ. ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება რეალობად ქცეულიყო. საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გადმოგზავნეს მცველების თანხლებით.
თბილისში, აეროპორტში ქართული საზოგადოება ელოდებოდა. ექვთიმეს კი თვითმფრინავიდან ჩასვლა არ უნდოდა, როცა მიზეზი ჰკითხეს მორიდებულად უპასუხა, “ძალიან შელანძღული და დახეული პიჯაკი და ფეხსაცმელი მაცვია და მერიდებაო..”- არადა, ევროპაში მასთან ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და სხვა უამრავი შედევრი, თუნდაც ერთი მათგანი რომ გაეყიდა ფუფუნებაში იცხოვრებდა…
სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა – გაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა.
აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსთვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა ვაკის სასაფლაომდე.
დაბადებიდან 100 წლის თავზე ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
საქართველოს ეკლესიამ კი იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.
გამოყენებული მასალა “წიგნი მოწამეთა”
მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა