ლუკას კრანახის მხატვრობა
05:49:23     15-03-2012
ლუკას კრანახი-უფროსი (1472-1553 წწ.) გერმანელი ფერმწერი და რენესანსის პერიოდის გრაფიკოსი, ფერწერისა და გრაფიკული პორტრეტების ოსტატი გახლავთ. ლუკას კრანახი ხატავდა ჟანრობრივ და ბიბლიურ კომპოზიციებს. მას სპეციალურ სამხატვრო სასწავლებელში არ უსწავლია. გადმოცემით, პროფესიული სწავლა საკუთარი მამისგან მიიღო. მისი პირველი აღიარებული ნამუშევარი გამოჩნდა მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, როდესაც კრანახი 30 წლის იყო. პირველი ნამუშევარი პოპულარული გახდა მთელ გერმანიაში, თვით შორეულ საქსონიამდე. გახლდათ მეკარე მხატვარი საქსონიის კურფიუსტის ფრიდრიხ ბრძენის კარზე ვიტელბერგში (1505–1550 წწ.). კრანახი შემოქმედებაში მუდმივად ახალს ეძებდა. ამჯერად, ყურადღებას მის რამდენიმე ტილოზე შევაჩერებთ.
“წმიდა ბარბარეს წამება”
გამორჩეულია კრანახის დამოკიდებულება ქრისტიანული ეკლესიის წმიდანებთან. მან წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრებიდან ყველაზე მძაფრი ეპიზოდი დახატა – თავის კვეთის მომენტი.
ქალწულმოწამე ბარბარე ფინიკიის ქალაქ ოლიოპოლისში დაიბადა, მდიდარი, წარჩინებული გვარის ოჯახში. მშობლები წარმართები იყვნენ. წმიდა ბარბარეს წამება ოჯახის ერთადერთ შვილს სილამაზით ვერავინ შეედრებოდა. კრანახი მდიდრულ კაბაში წარმოგვიდგენს წმიდანს. სახე გულწრფელი და მწუხარეა. მომხიბვლელი სახის ნაკვთები კი სურათს სხვაგვარ სიცოცხლეს სძენს. დიოსკორემ შვილი მდაბიო და უზნეო ადამიანების თვალისგან მორიდების მიზნით, კოშკში გამოკეტა და აღსაზრდელად წარმართ მასწავლებლებს ჩააბარა. ბარბარეს ჭეშმარიტების პოვნის სურვილი გაუჩნდა და მალე ჭეშმარიტი სარწმუნოებაც აღიარა. განრისხებულმა მამამ ქვეყნის მმართველ მარკიანეს მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, ამიტომ წამებით სიკვდილის ღირსი იყო. წმიდანი აწამეს, მაგრამ რწმენაზე უარი ვერ ათქმევინეს. მმართველის ბრძანებით, დიოსკორემ შვილი თავის მოსაკვეთად წაიყვანა. სწორედ ამ მომენტს ასახავს მხატვარი სურათზე. დასჯის მოწმენი რეალობას თვალს ვერ უსწორებენ, შორს იყურებიან. ორი ჯარისკაცი მაინც შეძრა შიშმა და მოლოდინმა – წმიდანის მოკვლისთანავე ზეციური ცეცხლი შთანთქავს მკვლელებს. კრანახი თითოეულ სახელს თავის ისტორიას უქმნის.
მადონა და ყრმა წმიდა იოანესთან ერთად “მადონა და ყრმა წმიდა იოანესთან ერთად”
განუმეორებელია კრანახის ტილო “მადონა და ყრმა წმიდა იოანესთან ერთად”. წმიდა იოანე სალოცავად შემართული ხელებით თვალებში უყურებს ყრმა იესოს, რომელიც დამრიგებლურად რაღაცას ანიშნებს. მხატვარი საოცარი ოსტატობით გადმოცემს ყრმა იესოს ბრძნულ სახესა და მასზე მინდობილ წმიდა იოანეს. სურათის ექსპრესიულობა კულმინაციას ღვთისმშობლის სახეზე აღწევს. ეს გახლავთ ბრძენი, მოთმინებით სავსე, მგრძნობიარე ქალი, რომელმაც ყრმასთან ერთად უნდა გაიაროს გოლგოთას გზა და მარადიულად ემსახუროს ადამიანთა ცოდვების მონანიებას.
“სამოთხე”
ლუკას კრანახის ტილოზე “სამოთხე” ვხედავთ ადამიანის შექმნის ისტორიას, ადამის ნეკნიდან ევას ამოყვანას, ადამისა და ევას ცდუნებას და მათ განდევნას სამოთხიდან. მთავარი ეპიზოდი წინა პლანზეა – უფალი არიგებს თავის ხელქმნილ ადამიანებს, რომ არ გაეკარონ ხე ცნობადისას ნაყოფს.
სამოთხე
მხატვარი ედემის ბაღის მკვიდრ ცხოველებს წყვილ-წყვილად ხატავს, რაც იმ შეურყვნელ სიყვარულსა და ურთიერთნდობაზე მიუთითებს, რომელიც ცხოველებმა უფრო დიდხანს შეინარჩუნეს, ვიდრე ადამიანებმა. მხატვრისათვის ამ შემთხვევაში მთავარია ამბის გადმოცემა და დეტალებს ზერელედ ამუშავებს.
“წმიდა იოაკიმეს გამოცხადება”
წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან. წმიდა იოაკიმეს გამოცხადება ღვთის მცნებებს ზედმიწევნით იცავდნენ, მაგრამ უშვილონი იყვნენ. უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა. იოაკიმესა და ანას ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა… წმიდა იოაკიმე უდაბნოში წავიდა. 40 დღე და 40 ღამე ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში შვილი ებოძებინა. იოაკიმეს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალმა მისი ლოცვა შეისმინა. ანა შობდა ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მიანიჭებდა. მხატვარმა ტილოზე ეს ფრაგმენტი გააცოცხლა. მოხუცი მორჩილებით ხვდება გამოცხადებას, რომელმაც შვილის მიცემა ამცნო.
“მადონა და ყრმა ვაშლის ხის ქვეშ”
მადონა და ყრმა ვაშლის ხის ქვეშ “მადონა და ყრმა ვაშლის ხის ქვეშ” ლუკას კრანახის აღორძინების ხანის საუკეთესო ნამუშევარია. კრანახის მადონა ბრძენია. მშვიდად და ამავდროულად, გამჭრიახი მზერით უყურებს კაცობრიობას, რომელსაც გადარჩენა სჭირდება. კალთაზე კი ეს ხსნა ჰყავს დაბრძანებული. მადონა ხორცშესხმული მშვენიერებაა, რომელშიც მომნუსხველ სილამაზეს მაინც გონიერება და სიბრძნე სჭარბობს.
ევროპაში ვაშლის ხეს უპირველესად როგორც ბოროტისა და კეთილის ნაყოფით მსხმოიარე ედემის ბაღში მდგარ ხედ მოიაზრებდნენ. ყრმა იესო ვაშლით ხელში სიმბოლურად მისგან კაცთა მოდგმის ცოდვების თავის თავზე აღებას ნიშნავს. იესოს მეორე ხელში პური უჭირავს – “პური ჩვენი არსობისა”, ჩვენი სულიერი საზრდოა.
“ცოდვილი ქალი”
ცოდვილი ქალი “ცოდვილი ქალი” ეს არის ეპიზოდი ქრისტეს ცხოვრებიდან, როცა მან მოითხოვა, ცოდვილისათვის პირველი ქვა უცოდველს ესროლა. ტილოზე გამოსახულია ქრისტე, რომელსაც უჭირავს ცოდვილის ხელი და ადამიანთა ტიპაჟები, რომლებსაც სახეზე ასახვიათ საკუთარი ცხოვრების ცოდვიანი გზა. ლუკას კრანახის ეს ნამუშევარი რელიგიურ თემატიკაზე შექმნილ სურათებში გამორჩეულია.
კრანახმა თავის კერძო კომერციულ სახელოსნოში შექმნა მრავალი ტილო და შემოიკრიბა ბევრი მოსწავლე. მისი სიცოცხლის ბოლოს თავის დაარსებულ სახელოსნოში მოღვაწეობას მისი ვაჟი, ლუკას კრანახი უმცროსი აგრძელებდა.