
„გამოპუტინებული“ ივანიშვილი
18:47:27     14-03-2012
ცალკეული კვლევები, რომლებიც მსოფლიოში სხავადასხვა დროის პოლიტიკოსთა მანერების შემსწავლელ ჯგუფებსა თუ იმ ცალკეულ პერსონებს ჩაუტარებიათ, რომელთაც დაეჯერებათ, ცალსახად მიანიშნებენ იმაზე, თუ როდის იცინის პოლიტიკოსი გულიანად და როდის - მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის გამო; როდის გამოხატავს მისი ჩაცმულობა (უფრო ხშირად - ქალების) მუქარას, როდის - აგრესიას, როდის - დამშვიდების სურვილს და ა.შ.
პოლიტიკოსთა მანერების ჩამონათვალში შედის ასევე საათის ტარების მანერა. თურმე ნუ იტყვით და, იმის მიხედვით, თუ რომელ ხელზე ატარებს პოლიტიკოსი საათს, ბევრი რამის ამოცნობა შეიძლება.
პოლიტიკოსთა მანერების შემსწავლელი ჯგუფები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეისწავლეს იმ პოლიტიკოსთა მართვის სტილი, მისწრაფებები და სურვილები, ასევე, პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგები (ყოფილი პოლიტიკოსების შემთხვევაში), რომლებიც ამა თუ იმ მაჯაზე ატარებდნენ საათს.
ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ პოლიტიკოსთა უმრავლესობა, რომლებიც, პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, საათს მარცხენა მაჯაზე ატარებს, გულღია, გახსნილი, ლიბერალური შეხედულებების მქონეა და ეს მათ მმართველობაზეც აისახება, რასაც ვერ ვიტყვით მათზე, ვინც მაჯის საათის ტარებას მარჯვენა ხელზე არჩევს - ასეთები გულჩათხრობილები, უმეტესწილად, ბოღმიანები, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილები, ცრუ ორიგინალურობის მოყვარულები და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილები არიან.
რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნება, ამა თუ იმ პოლიტიკოსის მოღვაწეობის შესაფასებლად მხოლოდ ის გამოიყენო კრიტერიუმად, რომელ მაჯაზე ატარებს საათს, მაგრამ არც ამ დაკვირვებათა იგნორირება გამოვა, მით უმეტეს, რომ ესა თუ ის მანერა, უმეტესწილად, კარგად გამოხატავს შინაგან განწყობილებასა და სულიერ ღირებულებებს - ამაზე, კარგა ხანია, შეთანხმდნენ...
ამ სტატიაში, უფრო იმ პოლიტიკოსებზე გვინდა ყურადღების გამახვილება, რომლებიც ფარულად ან საჯაროდ გაცხადებულად, იდეალად სახავენ რომელიმე მოქმედ ან ყოფილ პოლიტიკურ მოღვაწეს და ცდილობენ, მას მიბაძონ არამარტო მმართველობის სტილსა თუ ძალაუფლების განაწილებაში, არამედ მანერებშიც - მსოფლიოს ასეთი მრავალი მაგალითი ახსოვს, მაგრამ რადგან ამჯერად ჩვენი დაინტერესების ობიექტი ქართული პოლიტიკა და ქართველი პოლიტიკოსები არიან, საკმარისი იქნება, ნინო ბურჯანაძე გავიხსენოთ, რომელიც „რკინის ლედიდ“ წოდებულ მარგარეტ ტეტჩერს მისთვის იდეალურ პოლიტიკოსად აღიარებდა და მას ბაძავდა - საუბრის მანერით, ღიმილით, სამკაულის ტარების სტილით, რამდენჯერმე - ვარცხნილობითაც კი.
თუმცა, რამდენი საერთო თვისება აღმოაჩნდათ „რკინის ლედისა“ და „პურპროდუქტოვნას“, ამის სერიოზულად განხილვა, ალბათ, არც ღირს...
როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძეს ამ მხრივ კონკურენტი გამოუჩნდა, ოღონდ, ფარული მიმბაძველობის სურვილით - ახლადგამომცხვარი პოლიტიკოსი და უკვე ობმოკიდებული ქართველი მილიარდერი.
საკმარისია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკოსობამდელ და პოლიტიკოსობისდროინდელ ფოტოებს დააკვირდეთ, რომ მგრძნობიარე თვალი ერთ განსხვავებას შეამჩნევს: პოლიტიკაში მოსვლამდე მილიარდერს მაჯის საათი მარცხენა ხელზე ეკეთა, პოლიტიკაში მოსვლის განაცხადის შემდეგ კი, საათმა მარჯვენა მაჯაზე გადაინაცვლა, რაც კარგად ჩანს სტატიას თანდართულ ორ ფოტოზე.
ზოგი შეგვედავება და იტყვის, გემოვნების საკითხიაო, ან რაიმე სხვა ახსნის მოძებნას შეეცდება, რასაც ვერავის დავუშლით, მაგრამ ნიშანდობლივი ის გახლავთ, რომ ზუსტად ასევე მოიქცა... ვლადიმირ პუტინი: სანამ დიდ პოლიტიკაში ისკუპებდა, ვლადიმირ ვლადიმირის ძე საათს მარცხენა მაჯაზე ატარებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ელცინმა მემკვიდრეობა გადაულოცა, საათი მარჯვენა მაჯაზე გადაიტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოპარვიათ მაშინდელი წამყვანი რუსული გაზეთების ჟურნალისტებს და ზოგიერთმა შორსმიმავალი დასკვნებიც გააკეთა.
რასაკვირველია, პუტინის საათის გადანაცვლების შესახებ დავა მაშინ ზოგს არასერიოზულად მოეჩვენა და ეს უბრალო დამთხვევად მიიჩნია, მაგრამ პუტინთან მიმართებაში დრომ ნამდვილად დაადასტურა, რომ მარჯვენა მაჯაზე საათის ტარების მოყვარული პოლიტიკოსები მართლაც გამოირჩევიან იმ თვისებათა ერთობლიობით, რაც, საბოლოოო ჯამში, თუ დიქტატორს არა, უზურპატორს მაინც შობს...
რა ხდება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში? შეგვიძლია თუ არა, ვივარაუდოთ, რომ მილიარდერი ამ მანერით ვლადიმირ პუტინს ბაძავს და გულში სწორედ ისეთი მდგომარეობისკენ მიილტვის, როგორიც ამჟამად რუსეთში ვლადიმირ ვლადიმირის-ძეს აქვს?
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ პუტინის მიმართ ქართველი მილიარდერი საკმაოდ კეთილგანწყობილია (იმის იმედიც კი აქვს, რომ ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ მოლაპარაკებები, შესაძლოა, შედეგიანად დასრულდეს და პუტინმა რუსეთში დემოკრატიული რეფორმები გაატაროს), თუ იმასაც დავამატებთ, რომ საათის ტარების მანერა არ არის ერთადერთი, რითაც ბორის ივანიშვილი ვლადიმირ პუტინს ბაძავს, შეგვიძლია დავასკვნათ: ამ მანერის დამთხვევაც არ არის შემთხვევითი.