ოლიგარქის კარზე, „თანამდებობებისათვის“ ბრძოლა, მუშტი-კრივით მიმდინარეობს...

  14:25:21     14-03-2012

ივანიშვილის გარემოცვა, რამდენიმე თვეა ცდილობს  შიდა სამზარეულოს დალაგებას და ჩამოყალიბებას, თუმცა გამოწვეულ აურზაურს თავი ჯერ კიდევ ვერ დააღწიეს.  

ამჯერად, ოლიგარქის თავისტკივილად „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა  და ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ რჩება, რომლის ხელმძღვანელობა ჯერ არარსებულ ტელევიზიაში უკვე რამდენჯერმე შეცვალეს.  

„მეცხრე არხის“ გახსნა მიმდინარე თვის ბოლოსთვის იგეგმება, თუმცა, არ არის ცნობილი,  როდის დაიწყებს მაუწყებლობას „ჩემი ეკას“ ტელეკომპანია. ახალგაზრდული ფრთის კოორდინაციას კი, კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებთან ერთად, ყოფილი ჟურნალისტი, ლუბა ელიაშვილი კურირებს.

მიუხედავად ამისა, ამ ფლანგზე ოლიგარქმა პრობლემები მაინც ვერ მოაგვარა. ამის მიზეზი ახალგაზრდებს შორის არსებული დაპირისპირებაა, რომლებსაც პირველობის საკუთარ თავზე აღება სურთ. ამ დრომდე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის პოტენციურ ლიდერებად, დაჩი ცაგურია, დავით ფაცაცია, ცოტნე ზურაბიანი და ირაკლი კორძაია  განიხილებიან.  თითოეულ მათგანს ოლიგარქის კოალიციის წევრებიდან საკუთარი ლობი ჰყავთ.

ცოტნე ზურაბიანი, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა, ზაქრო ქუცნაშვილის ფავორიტი კანდიდატურაა. დაჩი ცაგურიას  უკვდავი წყვილი თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი ლობირებენ. დავით ფაცაცია, რომელმაც „ახალი მემარჯვენეები“ სკანდალით დატოვა, ახალგაზრდებში ცდილობს მხარდამჭერთა მოპოვებას, ხოლო ირაკლი კორძაია თავად ბიძინა ივანიშვილისთვისაა მისაღები კანდიდატურა.

დაჩი ცაგურიამ „პრესა.ჯი“–სთან საუბრისას უარყო ინფორმაცია, თითქოს ის აპირებს ახალგაზრდულ ფრთას ჩაუდგეს სათავეში. რეჟისორი ზაზა სვანაძე კი აცხადებს, რომ დაჩი ცაგურიას შანსი არ აქვს გახდეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, ვინაიდან მას მხოლოდ ხიდაშელი ლობირებს და ახალგაზრდებში პოპულარობით ვერ სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება პირველობითვის იქამდე მივიდა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  რამდენიმე კვირის წინ, „მშვიდობის ხიდთან“ მოხდა ინცინდენტი, რომლის დროსაც ახალგაზრდული ფრთის წევრმა გიორგი თოფურიამ და მისმა მეგობრებმა, თანაგუნდელი გიორგი აფხაიძე ცემეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბებული არც ოლიგარქია და არც მისი გარემოცვა, ის საკითხი - თუ ვის მიანდობენ ახალგაზრდულ ფრთას, მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა გადაიჭრას. თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა პიკზეა მისული და არ არის გამორიცხული, გადამწყვეტ ბრძოლაში ახალგაზრდები უფრო რადიკალური მეთოდებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.