შექსპირის I, II, III და IV სონეტების ქართული თარგმანის ორი ვარიანტი
06:23:49     05-04-2012
შექსპირის ბრწყინვალე სონეტები მსოფლიო ლიტერატურის განძია. მასში შეიძლება ამოიკითხო პოეტის დამოკიდებულება სამყაროსადმი, საკუთარი თავისადმი. მკვლევარები მის სონეტებში დიდი დრამატურგის ბიოგრაფიისა და ცხოვრების მომენტებსაც ხედავენ, მის დარდებს...
უილიამ შექსპირი არა მარტო დიდი დრამატურგი, არამედ უდიდესი ლირიკოსი გახლდათ, სიბრძნითა და გრძნობით სავსე სონეტების ავტორი. საქართველოში შექსპირის სონეტები არა ერთ ადამიანს უთარგმნია. დღეს პრესა.გე-ს მკითხველებს გვინდა შევთავაზოთ უკვდავი პოეტის 1-2-3 სონეტის ორი ვარიანტი, თარგმნილი გივი გაჩეჩილაძისა და ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ. არა იმიტომ, რომ შევადაროთ, რომელი უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ უკეთ ჩავწვდეთ შექსპირის ამ სამ სონეტს. ორივე მთარგმნელის მიერ თარგმნილი კარგია და ჩანს რომ ორივე მათგანი კარგი მთარგმნელია. სხვებსაც უთარგმნია შექსპირის სონეტები, მათ სხვა დროს შემოგთავაზებთ. დავტკბეთ შექსპირის ლირიკით.
სონეტი I
(თარგმნა გივი გაჩეჩილაძემ)
უმშვენიერეს ქმნილებათგან ნაყოფს მოველით,
რათა არ გაჰქრეს სილამაზის ვარდის ხსენება;
სიმწიფის შემდგომ თუმც ჟამთასვლით ჭკნება ყოველი,
მის მემკვიდრეში მეორდება მისი მშვენება.
შენ კი ტყვედქმნილი მიჯნური ხარ საკუთარ თვალთა,
თავს მსხვერპლად სწირავ მოელვარე ცეცხლით მოცულებს;
სადაც სიმდიდრე ჰყვავის უხვად, იქ შიმშილს მართავ,
დაუნდობელო და სასტიკო, თავის მოძულევ!
სამკაული ხარ დღეს ქვეყნისა, ცოცხლად მავალი,
და ერთადერთი მაცნე ჭრელი გაზაფხულისა,
მაგრამ კვირტშივე ჩაგიმარხავს შენ მომავალი
და სიძუნწეში გაგიფლანგავს განძი გულისა.
აწ შეიბრალე ეს ქვეყანა, განძის საფარო,
ქვეყნის წილხვედრი მიწას მაინც არ მიაბარო.
სონეტი I
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი,
კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება
და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი,
შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.
შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა,
გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი,
გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა
და, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.
დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს,
ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო,
ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას
და სამარისკენ წარიტაცებ... ნაზო ნადირო.
იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას,
ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას.
სონეტი II
(თარგმნა გივი გაჩეჩილაძემ)
როცა ორმოცი ზამთრის სუსხი შენს ლამაზ სახეს
ზედ გავლებული ნაკვალევით მკვეთრად დაღარავს,
და სიჭაბუკის შესამოსელს ძონძებად დახევს -
ვინღა შეხედავს შენს ძველამანებს და შენს ჭაღარას?
და თუ გკითხავენ: „სად გაჰქრაო შენი მშვენება,
რატომ ვერ ვხედავთ შენს ბედნიერ დღეთა საუნჯეს?“
შენ მოგიხდება ღრმად ჩაცვენილ თვალთა ჩვენება,
სირცხვილი შთანთქავს შენს დიდებას და დაამუნჯებს.
რა ღირსეული იქნებოდა პასუხი შენი,
თუკი გეთქმოდა: „აი, ჩემი ლამაზი ბავშვი,
მან გამიმართლა დაღვრემილი სიბერის დღენი,
ჩემი მშვენებაც განახლებას პოულობს მასში!“
მაშ განიახლე მემკვიდრეში სიცოცხლის ძალა,
გაცივებული შენი სისხლი გაათბე კვალად.
სონეტი II
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)
ორმოცი ზამთრის ტყვეობაში რომ ჩავარდები,
შენს შუბლს ორმოცი ნაოჭი რომ დათხრის, დაღარავს,
რომ გადაფარავს შენს ყვავილნარს ეკალ-ბარდები
და არ მოხიბლავს აღარავის... არსად... არღარას,
მაშინ გკითხავენ - “ის მშვენება სად გადამალე,
საით გაქრაო საგანძური ყმაწვილურ ფერთა?”
იტყვი - “თვალების სიღრმეებში დავასამარე!...”
და ეს მოიტანს გაუგონარ დაცინვას შენთან.
შენს სილამაზეს მიეგება მეტი ღირსება,
თქმა რომ შეგეძლოს – “ეს არსება შვილია ჩემი,
მას გადაეცა ყველა ჩემი ზნე და თვისება,
იგია ჩემთვის სიბერის ჟამს ნუგეშისმცემი”.
შენ ცივ ზამთრებში, სიბერისკენ გადარხეულში,
შვილს იხილავ და კვლავაც სითბოს იგრძნობ სხეულში.
სონეტი III
(თარგმნა გივი გაჩეჩილაძემ)
დახედე შენს თავს, დაკვირვებით ჩახედე სარკეს:
დროა, მსგავსება შეჰქმნა მისი, რასაც იქ ხედავ,
თორემ გაჰქრები, გულს ქვეყანას ამაოდ ატკენ
და ნეტარებას რომელიმე დაჰკარგავს დედა.
ვინ გეტყვის უარს? აბა, ვინ არ შემოგთავაზებს,
ხელიხლებ სხეულს შემოგწირავს ლხენით მრავალი;
თუ ისე გიყვარს საკუთარი ეგ სილამაზე,
რომ აღარც გინდა გაიჩინო შთამომავალი?
დედის სარკე ხარ და მის თვალებს ახლად აუნთეს
შენმა ნაკვთებმა სიყმაწვილის ნაზი აპრილი;
წლების სარკმელში დაინახავ შენც სიჭაბუკეს
ოდესმე სახედაღარული, წელში გახრილი.
მაგრამ თუ ასე მარტოხელა იცხოვრებ კენტად,
ორივე - შენც და შენი სახეც - გაქრებით ერთად.
სონეტი III
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)
შეხედე სარკეს და უთხარი შენსავ ორეულს,
რომ დროა, ქვეყნად მისი მსგავსი იშვას არსება,
რომ ამ სამყაროს, დედობრივად გრძნობამორეულს,
მარად შეეძლოს განახლება და დამსგავსება.
თანამეცხედრედ ნუთუ ვერსად ვერ ხედავ ვერცერთს,
ყამირ მიწაზე ნუთუ არ გსურს გაჭრა სავალი,
ან ეგებ გიჯობს, ეგ სხეული სამარედ გექცეს
და ჩაკლა მასში არშობილი შთამომავალი.
შენ შენი დედის სარკე ხარ და ის შენში ხედავს
ჟამთა წიაღში გადაპენტილ თავის აპრილებს,
მაშ, შენც ჩახედე შვილის სარკეს, სანამ შენს ცხედარს
დრო არყოფნაში გარიყავს და გაინაპირებს.
და თუ მეწყვილედ კვლავაც არვინ გაგეტოლება,
ისე მოკვდები, მომგონიც კი არ გეყოლება.
სონეტი IV
(თარგმნა გივი გაჩეჩილაძემ)
დაუზოგველო, სილამაზის მფლანგველი ნუ ხარ,
სამემკვიდრეოდ გადასაცემს ნუ შემოილევ;
უხვი ბუნება სწყალობს იმას, ვისაც სთვლის უხვად,
თუმც მარტოოდენ სესხად აძლევს მას ყოველივეს.
ლამაზო ძუნწო, შენს წყალობას ელიან სხვები,
შენ კი არ ზოგავ, რაც გეძლევა გადასაცემად,
მაგრამ მევახშე სარგებელის გარეშე რჩები
და ვერ მდიდრდები, თუმცა განძის გსურს გატაცება.
საკუთარ თავზე ფიქრობ მარტო, ერთობი ამით
და ამ შექცევით შენსავე თავს ატყუებ ასე,
მაგრამ დადგება აღსასრულის მრისხანე ჟამი
და გამფლანგველი იმ სასტიკ ჟამს რა პასუხს გასცემ?
შენი ცოცხალი სილამაზის ტურფა სახება
უჭირისუფლოდ, უსარგებლოდ დაიმარხება.
სონეტი IV
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)
ასე გულუხვად ნაბოძები შენი მშვენება,
ნუთუ გგონია - გასაფლანგი საგანძურია?
ბუნებას მისი მონიჭება სესხად ენება
და ვალის უკან დაბრუნებაც უხვად სწყურია.
ასეთ სიტურფეს, ასე ხარბად ნაზიარები,
მარტო რომ იხმარ, ნუთუ არ გსურს, სხვაც აზიარო?
ნუთუ ცხოვრებას დაუგმანო უნდა კარები
და ქვეყნად, კი არ იარსებო, გზად ჩაიარო?
სილამაზესთან ჭიდილში რომ იღვრები ოფლად,
რომ მოგეძალა საკუთარი თავის ცდუნება,
ნუთუ არ ნაღვლობ, რას დატოვებ ამწუთისოფლად,
როს ანგარიშთა გასწორებას მოგთხოვს ბუნება?
თუ სამომავლო არ ისურვე დროთა შენება,
დაიმარხება შენთან ერთად შენი მშვენება.