ალენ გინზბერგს „თავში 10 000 აზრი უტრიალებდა“

  06:18:48     05-04-2012

1997 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა ამერიკელი პოეტი, ირვინ ალენ გინზბერგი (Irwin Allen Ginsberg).

ის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტია. საქართველოში აფასებენ მის შემოქმედებას, მის ბრძოლას ძალადობის წინააღმდეგ და ჰუმანიზმის დამკვიდრებისათვის, მის მოღვაწეობას ბუნების დაცვის საქმეში... ტრადიციონალისტებს არ მოსწონთ მისი მორალი... გავეცნოთ პოეზიას, კულტურას, ზოგაგად, ოღონდ შევინაჩუნოთ ჩვენი მორალი. ასეთი უნდა იყოს თანამედროვე ქართული საზოგადოების პოზიცია.

დაიბადა 1926 წლის 3 ივნისს, ნიუ ჯერსის შტატში, პატარა ქალაქ ნიუარკში. მამა, ლუი გინზბერგი პოეტი იყო, დედა, ნაომი ლევი გინზბერგი, რომელიც ეპილეფსიითა და პარანოიით ყოფილა დაავადებული, აშშ-ს კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი გახლდათ და ხშირად დაჰყავდა ალენი და მისი ძმა პარტიის კრებებზე.

ალენ გინზბერგი, "ბიტნიკთა" თაობის ერთ-ერთი ლიდერი,  განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება იმ ეპოქის ამერიკელ პოეტთა შორის. ბიტნიკების მოძრაობა იყო ერთგვარი საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოძრაობა, გასული საუკუნის 50-70-იან წლების ამერიკაში.

ბიტნიკები ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდნენ და ცდილობდნენ ყოველგვარი საზოგადოებრივი თუ ტრადიციული პირობითობისაგან, ყოველგვარი ტაბუსგან თავისუფალი ყოფილიყვნენ. უარს ამბობდნენ ყოველგვარ შეზღუდვაზე. ისინი განუდგნენ მატერიალისტურ და მათი წარმოდგენით, ყალბი ღირებულებების მქონე საზოგადოებას. ესწრაფვოდნენ ბუნებრიობას. ბიტნიკების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი ნაწარმოებია გინზბერგის  "ჰოლი" (ასევე "ყმუილი").

შესაძლოა ამ თაობის, ბიტნიკების იდეოლოგია მეორე მსოფლიო ომის კოშმარებმა შვა, ან სხვა რამ მიზეზი აქვს, მაგრამ მათ მთელი მიმართულება შექმნეს, რომელიც სამარადისო ეგონათ - დაბრუნება მარტივ, ბუნებრივ ცხოვრებასთან. განცალკევებამ და ამბოხმა, ბიტნიკები პომოსექსუალიზმის გამართლებასა (თუ მისი დემოკრატიულად დასაშვებლობის, ჩვეულებრიობის) და ნარკომანიის, როგორც ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენის, აღიარებამდე მიიყვანა. თუმცა თვითონ ყველა ამას არ მისდევდა. საერთოდ მათ “უმიზნო და უპროგრამო მეამბოხეები” უწოდეს.

სხვა მხრივ, ადამიანზე ადამიანის ძალადობას მუდამ პროტესტით პასუხობდნენ. ალენ გინზბერგი 1967 წელს დააპატიმრეს ანტისაომარ მარშში მონაწილეობისათვის, 1972 რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ გამოსვლისათვის, 1978 წელს კოლორადოს შტატში ატომური იარაღის ქარხნის წინ დემონსტრაციის მოწყობისათვის. ის კითხულობდა: "ამერიკა, როდის გახდები ანგელოზური?”

დღეს გთავაზობთ ალენ გინზბერგის ლექსს „პეკინური იმპროვიზაცია“, რომელიც თარგმნეს ვაკო ნაცვლიშვილმა და  გიორგი ხასაიამ და შესანიშნავად გადმოსცეს პოეტის კრედო, მისი დამოკიდებულება პოეზიისადმი, პოეზიის დანიშნულებისადმი. სტრიქონებში ხანდახან ავტორის ირონიაც იგრძნობა, თუმცა მთავარია მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი. და ყველაზე მთავარი, რაც შეუძლია პოეზიას - „მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა გამოთქვა ყველაფერი 6 წუთში და არ მოანდომო მთელი ცხოვრება“.

პეკინური იმპროვიზაცია

(თარგმნეს ვაკო ნაცვლიშვილმა და გიორგი ხასაიამ)

მე ვწერ ლექსებს იმიტომ , რომ ინგლისური სიტყვა ინსპირაცია მოდის ლათინური სპირიტუსიდან, სუნთქვიდან და მეც მსურს თავისუფლად ვისუნთქო

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ უოლტ უიტმენმა სამყაროს გულწფელი ლაპარაკის ნება დართო

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ უოლტ უიტმენმა აღმოაჩინა სალექსო ფორმები შეუფერხებელი სუნთქვისთვის

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ეზრა პაუნდმა დაინახა სპილოს ძვლის კოშკი, ფსონი დადო არასწორ ცხენზე, პოეტებს ნება დართო, ჩვეულებრივ სასაუბრო ენაზე წერონ

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ პაუნდმა დასავლელი პოეტები აიძულა ჩინური სიტყვის სურათ-ხატი დაენახათ

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ უ. კ. უილიამსმა რეზერფორდში დაწერა ნიუ-ჯერსული “მოდი თვალი ამოგთხარო” და იკითხა: როგორ ჯდება ეს ხუთტერფიანი იამბიკოს საზომში?

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მამაჩემი პოეტი იყო, ხოლო  დედა, წარმოშობით რუსი, გაცხადებული კომუნისტი,  საგიჟეთში გარდაიცვალა

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი ახალგაზრდა  მეგობარი გერი სნაიდერი დაჯდა, რათა შეეხედა საკუთარი აზრებისთვის, როგორც  თათბირის მონაწილეებისთვის  1984-დან

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მტანჯავს აზრი -  დავიბადე რომ მოვკვდე, კენჭი თირკმელში, სისხლის მაღალი წნევა, ეს ყველას ტანჯავს.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვიტანჯები არცოდნით, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ პოეზიას შეუძლია ნათელი გახადოს ჩემი აზრები, განკურნოს პარანოია - ჩემი და სხვისი

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემს გონებას სურს ჩაწვდეს ბუდადრაჰმას მედიტაციის სექსუალური პოლიტიკის არსს

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მსურს შევქმნა საკუთარი გონების სრულყოფილი სურათი

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვაღიარე ბოდჰისატტვას ოთხი აღთქმა:

დედამიწის ზურგზე უამრავი მგრძნობიარე არსების გათავისუფლება,

საკუთარი გაუმაძღრობისა და მრისხანების მუდმივი უგულვებელყოფა სირთულეების დასაძლევად,

სხვადასხვა ურიცხვ სიტუაციაში საკუთარი თავის პოვნა,

გამოფხიზლების შემდეგ გონების უსასრულობის აღიარება.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ დღეს დილით შიშით  აკანკალებულს გამეღვიძა - რისი თქმა შემიძლია ჩინელებისთვის?

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ რუსმა პოეტებმა მაიაკოვსკიმ და ესენინმა თავი მოიკლეს და მათ ნაცვლად  ვინმემ უნდა ილაპარაკოს.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მამაჩემი ხმამაღლა კითხულობდა ინგლისელ პოეტ შელის და ამერიკელ პოეტ ვეიჩელ ლინდსეის და შთაგონებული სუნთქვის ქარიშხალს აყენებდა

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ სექსზე წერა აკრძალული იყო შეერთებულ შტატებში.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის მილიონერები როლს-როისებით დაქრიან, ღარიბებს კი შიმშილისგან კუჭი უხმებათ

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი გენები და ქრომოსომები გოგოების  ნაცვლად პატარა ბიჭებისკენაა მიმართული

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ არასდროს ვზრუნავ ხვალინდელ დღეზე.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მინდა მარტო ვიყო და მინდა ადამიანებს ველაპარაკო

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვკამათობ უიტმენთან, ვკამათობ ახალგაზრდებთან, მოხუც ბიძებთან და ბიცოლებთან, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ნიუიარკში, ნიუ-ჯერსი

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ 1939-ში რადიოთი ლედბელისა და მა რეინის შავი ბლუზი მოვისმინე

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ შთაგონებული ვარ ახალგაზრდა მხიარული ბიტლზის მოძველებული სიმღერებით

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩუან-ძიმ ვერ გაიგო კაცია თუ პეპელა, ლაო-ძიმ თქვა, რომ წყარო მთიდან ჩამოედინება, კონფუცი უფროსების პატივისცემას ითხოვდა და მე მინდოდა  პატივი მიმეგო უიტმენისთვის

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი მონღოლეთიდან ველურ დასავლეთამდე ანადგურებს ბალახს და ეროზია შობს უდაბნოს.

მე ვწერ ლექსებს ცხოველის ტყავისგან შეკერილ ფეხსაცმელში

მე ვწერ ლექსებს პრინციპით – “პირველი აზრი საუკეთესო აზრია”

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ აზრები  მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებში ამჟღავნებენ საკუთარ თავს: არა სიტყვებში, არამედ საგნებში.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ტიბეტელი ლამა, გურუ ამბობს “საგნები საკუთარი თავის სიმბოლოებია”

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ გაზეთები დაუფარავად წერენ შავ ხვრელზე ჩვენი გალაქტიკის ცენტრში და ჩვენც შეგვიძლია მისი დანახვა

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ატომური ბომბი და, თუ გნებავთ, მესამე მსოფლიო ომი არაფერში მჭირდება

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი პირველი პოემა “ყმუილი” დაბეჭდილიც არ ყოფილა და უკვე იდევნებოდა პოლიციის მიერ

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი მეორე პოემა “კადიში” პატივს მიაგებდა დედაჩემის პარინირვანას ფსიქიატრიულ კლინიკაში

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჰიტლერმა 6 მილიონი ებრაელი დახოცა, მეც ებრაელი ვარ.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მოსკოვმა აღიარა – სტალინმა გააციმბირა 20 მილიონი ებრაელი და ინტელექტუალი, მათგან 15 მილიონი არასდროს დაბრუნებულა  სანკტ-პეტერბურგის კაფეში “მაწანწალა ძაღლი.”

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვმღერი, როცა თავს მარტოდ ვგრძნობ

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ  უიტმენმა თქვა: “ჩემს თავს ვეწინააღმდეგები? ძალიან კარგია, მაშასადამე დიდი ვარ, ბევრს ვიტევ ჩემს თავში”.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი გონება ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, აი, ის ნიუ-იორკშია, მეორე წუთას კი დინარის ალპებში

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ თავში 10 000 აზრი მიტრიალებს.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ არ არსებობს არავითარი  რატომ და იმიტომ

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა გამოთქვა ყველაფერი 6 წუთში და არ მოანდომო მთელი ცხოვრება.